კიფოზი

დაავადების აღწერა

კიფოზი არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ხერხემლის ზედა ნაწილის სიმრუდეს. გარკვეული სიმრუდე ნორმალურია, თუმცა კიფოზი აღნიშნავს სიმრუდის ჭარბ გამოხატვას. კიფოზი ნებისმიერ ასაკში გვხვდება, მაგრამ ხშირია მოხუც ქალებში.

ასაკთან დაკავშირებული კიფოზი ხშირად ვითარდება ოსტეოპოროზის დროს, როცა ხერხემლის მალები დასუსტებულია და შესაძლოა მოტეხილობისა და კომპრესიის განვითარება. კიფოზის სხვა ტიპები ვითარდება ჩვილებში ან მოზარდებში, ხერხემლის დეფექტების გამო.

მსუბუქი კიფოზი იწვევს მცირე პრობლემებს, მაგრამ მძიმე შემთხვევებში გვხვდება ძლიერი ტკივილი და ვიზუალური დეფექტი. კიფოზის მკურნალობა განისაზღვრება ასაკის, მიზეზის და ეფექტების მიხედვით.

გამომწვევი მიზეზი

ხერხემლის სვეტი შედგება ხერხემლის მალებისგან, როგორც ცილინდრებისაგან აწყობილი სვეტი. კიფოზი ვითარდება, როცა ხერხემლის ზედა ნაწილის შემადგენელი მალები გამრუდებულია. ეს დეფორმაცია შესაძლოა რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული:

  • ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზის დროს ძვლები გათხელებული და სუსტია, ამიტომ ვლინდება კომპრესიული მოტეხილობები მალებზე. ოსტეოპოროზი ხშირია მოხუცებში, განსაკუთრებით ქალებში და დიდი დოზებით კორტიკოსტეროიდულ თერაპიაზე მყოფ ადამიანებში.
  • მალას დისკის დეგენერაცია. რბილი, მრგვალი მალთაშუა დისკები ამცირებენ ხახუნს მალებს შორის. ასაკთან ერთად, ეს სტრუქტურა შრება და პატარავდება, რაც აუარესებს კიფოზს.
  • შეუერმანის დაავადება (შეუერმანის კიფოზი). ეს დაავადება ძირითადად იწყება გარდატეხის ასაკის პერიოდში ზრდის გაძლიერების დროს. დაავადება უფრო ხშირია ბიჭებში. ზურგის მომრგვალება შესაძლოა ბავშვის ზრდა–განვითარების შემაფერხებელი იყოს.
  • თანდაყოლილი დეფექტები. თუ ბავშვის ხერხემლის სვეტი ნორმალურად არ განვითარდა საშვილოსნოში, მალები შესაძლოა არასწორად დალაგდეს და გამოიწვიოს კიფოზი.
  • სინდრომები. კიფოზი ბავშვებში ასოცირდება გარკვეულ სინდრომებთან, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან პრადერ–ვილის დაავადება.
  • კიბო და კიბოს მკურნალობა. ხერხემლის კიბო ასუსტებს მალებს და იწვევს კომპრესიულ მოტეხილობებს. ქიმიოთერაპიას და სხივურ თერაპიას ანალოგიური ეფექტი აქვს.



ხერხემლის ზედა ნაწილის გამრუდება შესაძლოა უბრალოდ ასეთი სიარულის ან ჯდომის მანერით იყოს გამოწვეული. ამ მდგომარეობას არ ახლავს თან დეფორმაციები და ხშირია მოზარდებში.

სიმპტომები

ხერხემლის არასწორი სიმრუდის გარდა, კიფოზი იწვევს ტკივილს, გაშეშებას. მსუბუქი ფორმები უსიმპტომოა.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ შენიშნეთ ხერხემლის მომატებული სიმრუდე თქვენ თავზე ან ბავშვზე.