კისრის ტკივილი
დაავადების აღწერა
კისრის ტკივილი ხშირი ჩივილია. კისრის კუნთები შესაძლოა ხერხემლის არასწორი დგომის (კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომა, ა.შ) ან ართრიტის გამო დაიჭიმოს, რაც ვლინდება ტკივილით კისრის რეგიონში.
იშვიათად, კისრის ტკივილი უფრო მძიმე დაავადების სიმპტომია. მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ კისრის ტკივილს ახლავს მგრძნობელობის დაკარგვა ან კუნთის ძალის დაქვეითება ხელებში ან მკლავებში, ასევე თუ გაქვთ ძლიერი ტკივილი მხარზე და ხელზე.
გამომწვევი მიზეზი
კისრის ტკივილს მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ესენია:
- კუნთის დაჭიმვა. ზედმეტი დატვირთვა, კუნთების დაძაბვა ასოცირებულია კუნთის დაჭიმვასთან. ზოგჯერ, წოლით მდგომარეობაში კითხვა ან დიდხანს ღეჭვა შესაძლოა გახდეს კისრის რეგიონში არსებული კუნთების დაძაბვის მიზეზი.
- გაცვეთილი სახსრები. როგორც სხვა სახსრები, კისრის სახსრებიც დროთა განმავლობაში ცვდება, რაც იწვევს კისრის ოსტეოართრიტს.
- ნერვის კომპრესია. მალთაშუა დისკის თიაქარი, ხერხემლის ძვლოვანი გამონაზარდები ზოგჯერ ზედმეტ ზეწოლას ახდენს ნერვებზე, რომლებიც ზურგის ტვინიდან გამოდის.
- ტრავმები. ავტოავარიული ტრავმები, განსაკუთრებით როცა კისრის არე ზედმეტად მოძრაობს და იჭიმება კუნთის რბილი ქსოვილები.
- დაავადებები. კისრის ტკივილი ზოგჯერ გამოწვეულია დაავადებებით, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, მენინგიტი ან კიბო.
სიმპტომები
ეცადეთ, დეტალურად აუხსნათ ექიმს, სად და როგორ გტკივათ. აუცილებლად დააკვირდით და ახსენეთ, კისრის რომელი მოძრაობის ან მდგომარეობის დროს გიყუჩდებათ, ან პირიქით, მძაფრდება ტკივილი.