კლასტერული (ჯგუფური) თავის ტკივილი

დაავადების აღწერა

კლასტერული თავის ტკივილი ვლინდება ციკლური, ჯგუფური ტენდენდიებით, რაც ამ მდგომარეობის სახელშია გამოხატული. კლასტერული თავის ტკივილი ერთ–ერთი ყველაზე ძლიერია თავის ტკივილის ტიპებს შორის.

კლასტერული თავის ტკივილი პაციენტს ხშირად ღამითაც აღვიძებს, ინტენსიური ტკივილის გამო, ერთი თვალის გარშემო ან თავის ცალ მხარეს.

ხშირი შეტევები (კლასტერული პერიოდები) შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირას ან თვეს. ამ პერიოდებს ძირითადად რემისია მოყვება, როცა ტკივილი უკვალოდ ქრება. რემისიის დროს, ტკივილი პაციენტს რამდენიმე თვის ან ზოგჯერ წლის განმავლობაში აღარ აწუხებს.

საბედნიეროდ, კლასტერული თავის ტკივილი იშვიათია და სიცოცხლისათვის არ არის საშიში. მკურნალობით შესაძლოა კლასტერული პერიოდების ხანგრძლივობისა და სიმძიმის შემსუბუქება. მედიკამენტები ამცირებენ შეტევების რიცხვს.

გამომწვევი მიზეზი

კლასტერული თავის ტკივილის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ჰიპოთალამუსის პათოლოგიები ნამდვილად თამაშობს გარკვეულ როლს. ტკივილის შეტევები საათობრივი სიზუსტით ვითარდება და ციკლი ხშირად ემთხვევა წელიწადის დროების ცვლილებას.

ეს ტენდენცია მიანიშნებს სხეულის ბიოლოგიური საათის როლზე. ადამიანებში, ბიოლოგიური საათი მდებარეობს ჰიპოთალამუსში, რომელიც თავის ტვინის ცენტრში მოთავსებული რეგიონია.

ჰიპოთალამუსის პათოლოგიებმა შესაძლოა ახსნას ტკივილის ციკლური ბუნება. კვლევებით დადგინდა ჰიპოთალამუსის გაზრდილი აქტივობა კლასტერული თავის ტკივილის შეტევის დროს.

შაკიკისა და დაძაბვის ტკივილისაგან განსხვავებით, კლასტერული თავის ტკივილი არ ასოცირდება მაპროვოცირებელ ფაქტორებთან, როგორიცაა საკვები, ჰორმონალური ცვლილებები ან სტრესი. ზოგიერთ პაციენტს აქვს აურა ან გულისრევა, შაკიკის მსგავსად.

როცა კლასტერული პერიოდი იწყება, ალკოჰოლის მიღება აჩქარებს და ამძაფრებს ტკივილს. ამის გამო, პაციენტები თავს არიდებენ ალკოჰოლს შეტევების დროს.

სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზი მედიკამენტი ნიტროგლიცერინია, რომელიც გულის დაავადებებში ფართოდ გამოიყენება.

სიმპტომები

კლასტერული თავის ტკივილი იწყება მალე, წინასწარი ნიშნების გარეშე. ხშირი სიმპტომებია:

  • უძლიერესი ტკივილი, ძირითადად ერთი თვალის გარშემო, ან შეიძლება ვრცელდებოდეს სახეზე, თავზე, კისერსა და მხრებზე
  • ცალმხრივი ტკივილი
  • მოუსვენრობა
  • ჭარბი ცრემლდენა
  • მტკივნეულ მხარეს თვალის შეწითლება
  • ცხვირის ღრუს დაცობა ან გამონადენი მტკივნეული მხრის ნესტოდან
  • ოფლიანი, ფერმკრთალი კანი სახეზე
  • შეშუპება მტკივნეულ მხარეს
  • ქუთუთოს მოდუნება



კლასტერული ტკივილი ხშირად ხასიათდება, როგორც ბასრი, გამჭოლი ტკივილი, ზოგჯერ წვის შეგრძნებით. პაციენტები ამბობენ, რომ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ გონიათ, თვალს ცოცხლად კვეთენ.

პაციენტები კლასტერული ტკივილის დროს მოუსვენრობასაც გრძნობენ. ისინი შეუჩერებლად დადიან ან სხედან შეტევის დროს. შაკიკისაგან განსხვავებით, კლასტერული ტკივილი არ ყუჩდება წოლით მდგომარეობაში, პირიქით, უარესდება დაწოლისას.

შაკიკის მაგვარი სიმპტომები– გულისრევა, მომატებული მგრძნობელობა სინათლესა და ხმაურზე და აურა შესაძლოა შეგვხვდეს კლასტერული ტკივილის დროსაც, მაგრამ ძირითადად ცამხრივად.

კლასტერული ტკივილის პერიოდის (შეტევის) მახასიათებლები

პერიოდი ძირითადად 6–12 კვირას გრძელდება. საწყისი დრო და ხანგრძლივობა შესაძლოა საერთო იყოს ნებისმიერი პერიოდისთვის. მაგალითად, კლასტერული პერიოდი შესაძლოა მოხდეს სეზონურად, როგორც ყოველ შემდეგ გაზაფხულს ან შემოდგომაზე.

პაციენტების უმრავლესობას აქვს ეპიზოდური კლასტერული თავის ტკივილი. ასეთ დროს, შეტევა გრძელდება 1 კვირიდან 1 წლამდეც კი, მაგრამ მას მოყვება რემისიის პერიოდი, რომელიც გრძელდება 12 თვემდე, შემდეგი შეტევის დაწყებამდე.

ქრონიკული კლასტერული თავის ტკივილი კი შესაძლოა 1 წლამდე გაგრძელდეს, ხოლო რემისიის პერიოდი მხოლოდ 1 თვეს.

კლასტერული ტკივილის პერიოდის დროს:

  • ტკივილი ყოველდღიურია, ზოგჯერ იწყება დღეში რამდენჯერმე
  • ერთი შეტევა გასტანს 15 წუთიდან 3 საათამდე
  • შეტევა ზოგჯერ დღის იმავე მონაკვეთში იწყება
  • შეტევათა უმრავლესობა ღამით ხდება, დაძინებიდან 1–2 საათში



ტკივილი ისევე უცაბედად გაივლის, როგორც დაიწყო. ინტენსივობა სწრაფად მცირდება. შეტევის შემდეგ, პაციენტები კომფორტულად გრძნობენ თავს ტკივილის გავლის გამო, მაგრამ ამავდროულად გადაღლილები არიან.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ დაგეწყოთ კლასტერული თავის ტკივილი, რათა გამორიცხოთ სხვა დაავადებები და დაიწყოთ ეფექტური მკურნალობა.

თავის ტკივილი, თუნდაც ძლიერი, ძირითადად არ ასოცირდება სხვა დაავადებებთან, მაგრამ ზოგჯერ თავის ტკივილი მართლაც მიანიშნებს სხვა კლინიკურ პრობლემაზე, როგორიცაა ტვინის სიმსივნე ან ანევრიზმის გასკდომა.

ასევე, თუ გაქვთ თავის ტკივილების ისტორია, მიმართეთ ექიმს თუ ტკივილის ტენდენცია შეიცვალა ან ტკივილი სხვანაირია.

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ:

  • უცაბედი, ძლიერი ტკივილი
  • ტკივილი, სიცხე, გულისრევა, ღებინება, კისრის გაშეშება, მენტალური დაბნევა, გულყრა, დაბუჟება, მეტყველების პრობლემები. ეს სიმპტომები შესაძლოა მიანიშნდებდეს ინსულტის, მენინგიტის, ენცეფალიტის ან ტვინის სიმსივნის არსებობაზე.
  • თავის ტკივილი ტრავმის შემდეგ, თუნდაც მცირე ტრავმის
  • უცაბედი, ძლიერი ტკივილი რომელიც მანამდე გამოცდილ ტკივილებს არ გავს
  • ტკივილი, რომელიც უარესდება და იცვლის ფორმებს