კოჭის იოგების დაზიანება

დაავადების აღწერა

კოჭის იოგების დაზიანება ვითარდება კოჭის გადატრიალების ან გადაბრუნების დროს. ამ დროს შეიძლება გაიწელოს ან გაიგლიჯოს ის იოგები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებენ კოჭის ძვლებს.

იოგები ამაგრებენ სახსრებს და ხელს უშლიან ჭარბ მოძრაობას. კოჭიოს იოგების დაზიანება ვითარდება, როდესაც იოგებს ნორმალურზე მეტ დიაპაზონზე უწევთ მოძრაობა. კოჭის იოგების დაზიანებების უმეტესობის დროს ზიანდება კოჭის გარეთა ნაწილში არსებული იოგები.

კოჭის იოგების დაზიანების მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე. ხშირ შემთხვევაში საკმარისი იქნება თვითმკურნალობა, თუმცა სასურველია დაზიანების სიმძიმის გასაგებად სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება.

გამომწვევი მიზეზი

იოგების დაზიანება ვითარდება, როდესაც კოჭს ნორმალური მდგომარეობის გარეთ უწევს მოძრაობა, რომლის დროსაც კოჭის ერთი ან მეტი იოგი იჭიმება და ზიანდება.

კოჭის იოგების დაზიანების შესაძლო მიზეზებია:

  • დავარდნა, რომლის დროსაც კოჭი გადაგიბრუნდათ
  • ახტომის შემდეგ ფეხზე ცუდად დაცემა
  • უსწორმასწორო ზედაპირზე სიარული ან ვარჯიში

სიმპტომები

კოჭის იოგების დაზიანების ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილი, განსაკუთრებით დაზიანებულ ფეხზე ზეწოლისას
  • შესიება, ხანდახან სისხლჩაქცევები
  • მოძრაობის დიაპაზონის შემცირება
  • ზოგი ადამიანი იგებს ან გრძნობს ტკაცუნს დაზიანების მომენტში.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ კოჭის არეში შესიება ან ტკივილი და ეჭვი გაქვთ იოგების დაზიანებაზე. შეიძლება მხოლოდ თვითმკურნალობა დაგჭირდეთ, თუმცა მაინც შეამოწმეთ ექიმთან კოჭი. თუ მწვავე ნიშნები და სიმპტომები გაქვთ, ფეხში ან კოჭში შეიძება გქონდეთ ძვლის მოტეხილობა.