კოკციდიომიკოზი

დაავადების აღწერა

კოკციდიომიკოზი არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს ცხელებას, მკერდის ტკივილს, ხველას და სხვა სიმპტომებს.

არსებობს კოკციდიომიკოზის გამომწვევი ორი სოკო. ეს სოკოები ცხოვრობენ ნიადაგში, საიდანაც შეიძლება ჰაერში მოხვდნენ.

სოკოები შემდეგ შეიძლება მოხვდნენ ფილტვებში და გამოიწვიოს მწვავე კოკციდიომიკოზი. კოკციდიომიკოზის მსუბუქი ფორმა არ საჭიროებს მკურნალობას, უფრო მწვავე შემთხვევების დროს კი საჭირო ხდება ინფექციის საწინააღმდეგოდ ანტიფუნგალური მედიკამენტების დანიშვნა.

გამომწვევი მიზეზი

კოკციდიომიკოზის გამომწვევი სოკო ცხოვრობს არიზონას, ნევადას, ჩრდილოეთ მექსიკის და კალიფორნიის უდაბნოებში. იგი აგრეთვე გვხვდება სხვა ისეთ ადგილებში, სადაც მსუბუქი ზამთრები და ცხელი ზაფხულებია.

სხვა სოკოების მსგავსად, კოკციდიომიკოზის გამომწვევ სოკოებსაც რთული სასიცოცხლო ციკლი აქვთ. მათი სპორები ჰაერში ნიადაგიდან ხვდება.

სპორები ძალიან პატარებია, რის გამოც ქარმა ისინი შეიძლება ასობით კილომეტრით შორს გადაიტანოს. ფილტვებში მოხვედრის შემდეგ სპორები მრავლდებიან და აგრძელებენ სასიცოცხლო ციკლს.

სიმპტომები

კოკციდიომიკოზის საწყისი, მწვავე ფორმა შეიძლება უფრო სერიოზულად დაავადებად, მათ შორის ქრონიკულ და დისემინირებულ კოკციდიომიკოზად გადაიქცეს.

მწვავე კოკციდიომიკოზი

კოკციდიომიკოზის საწყისი ანუ მწვავე ფორმა ხშირად მსუბუქად მიმდინარეობს. სიმპტომები ჩნდება ინფექციის შემოჭრიდან 1-3 კვირაში და ჰგავს გრიპის სიმპტომებს. ესენია:

  • ტემპერატურის მომატება
  • ხველა
  • მკერდის ტკივილი
  • შეციება
  • ღამის ოფლიანობა
  • თავის ტკივილი
  • დაღლილობა
  • სახსრების ტკივილი
  • წითელი, წერტილოვანი გამონაყარი



კოკციდიომიკოზის დროს განვითარებული გამონაყარი ხანდახან შეიცავს წითელ გამობურცულობებს, რომლებიც შემდგომ შეიძლება ყავისფრად გადაიქცნენ. ეს გამონაყარი უფრო ხშირად ჩნდება ფეხების ქვედა ნაწილზე, ხანდახან კი მკერდზე, მხრებზე და ზურგზე. სხვებს შეიძლება მუწუკების მსგავსი გამონაყარი ჰქონდეთ.

თქვენ შეიძლება სისხლის ან კანის დადებითი ტესტით ან ფილტვის რენტგენით შემთხვევით აღმოაჩინოთ, რომ გქონდათ კოკციდიომიკოზი. ფილტვების რენტგენზე ჩანს ნარჩენი ინფექცია (კვანძები), რომელიც არ იწვევს პრობლემებს.

სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა ცვალებადია. შეიძლება მრავალი თვე დაგჭირდეთ გამოსაჯანმრთელებლად, სახსრების ტკივილი კი კიდევ უფრო მეტ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. დაავადების სიმწვავე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე და შესუნთქული სოკოს სპორების რაოდენობაზე.

ქრონიკული კოკციდიომიკოზი

მწვავე კოკციდიომიკოზი შეიძლება გარდაიქმნას პნევმონიის ქრონიკულ ფორმად. ეს გართულება ყველაზე ხშირია დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.

ნიშნები და სიმპტომებია:

  • დაბალი სიცხე
  • წონაში კლება
  • ხველა
  • მკერდის ტკივილი
  • სისხლიანი ნახველი
  • კვანძები ფილტვებში



დისემინირებული კოკციდიომიკოზი

დაავადების ყველაზე სერიოზული ფორმა, დისემინირებული კოკციდიომიკოზი, ვითარდება, როდესაც ინფექცია ვრცელდება ფილტვების გარეთ. ყველაზე ხშირად ზიანდება კანი, ძვლები, ღვიძლი, გული და ტვინის და ზურგის ტვინის მფარავი გარსები (მენინგები).

დისემინირებული დაავადების ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რა ნაწილში გავრცელდა ინფექცია. შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:

  • კვანძები, წყლულები და კანის სხვა დაზიანებები, რომლებიც უფრო სერიოზულია, ვიდრე დაავადების სხვა ფორმების დროს განვითარებული გამონაყარი
  • მტკივნეული დაზიანებები ქალაში, ხერხემალში და სხვა ძვლებში
  • მტკივნეული, შეშუპებული სახსრები, განსაკუთრებით მუხლებში და კოჭებში
  • მენინგიტი – ტვინისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ ხართ 60 წელს ზემოთ, გაქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა, ხართ ფეხმძიმედ, ხართ შავკანიანი ან ფილიპინელი და გაქვთ კოკციდიომიკოზის ნიშნები და სიმპტომები, განსაკუთრებით თუ:

  • ცხოვრობთ ან იმოგზაურეთ დაავადების გავრცელების ადგილას
  • გაქვთ სიმპტომები, რომლებიც არ უმჯობესდება თავისით
  • აუცილებლად უთხარით ექიმს თუ იმოგზაურეთ ისეთ ადგილას, სადაც გავრცელებულია კოკციდიომიკოზი.