კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი

დაავადების აღწერა

კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი იშვიათი დაავადებაა და გამოიხატება კიდურების ქრონიკული ტკივილით. სინდრომი ვითარდება ტრავმის, ქირურგიული ჩარევის, ინსულტის, ინფარქტის შემდეგ, მაგრამ ტკივილის არაპროპორციულად ძლიერია გამომწვევ მიზეზთან შედარებით.

სინდრომის მიზეზი ცნობილი არ არის. კომპლექსური ტკივილის მკურნალობა ყველაზე ეფექტური ადრეული დაწყების შემთხვევაშია. ასეთ დროს, გაუმჯობესება და ზოგჯერ რემისიაც კია შესაძლებელი.

გამომწვევი მიზეზი

კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი ორ ტიპად გვხვდება, მსგავსი სიმპტომებითა და ნიშნებით, თუმცა განასხვავებული გამომწვევი მიზეზით:

  • პირველი ტიპი. პირველი ტიპი ასევე ცნობილია როგორც რეფლექსური სიმპატიკური დისტროფიის სინდრომი და ხშირია დაავადების და დაზიანების შემდეგ, რომელიც პირდაპირ არ აზიანებს ნერვებს კიდურებში. კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომის 90% სწორედ პირველი ტიპისაა.
  • მეორე ტიპი. მეორე ტიპი, იგივე კოზალგია, მოყვება კონკრეტულ, პირდაპირ ნერვულ დაზიანებას.



კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი ხშირად კიდურის ტრავმის შედეგია, როგორიცაა დარტყმითი დაზიანება, მოტეხილობა ან ამპუტაცია. სხვა მნიშვნელოვანი და მსუბუქი ტრავმები, როგორიცაა ქირურგიული ჩარევა, ინფარქტი, ინფექციები და ზოგჯერ კოჭის დაჭიმვაც კი–შესაძლოა გართულდეს ამ სინდრომით. ემოციური სტრესი ასევე გამამწვავებელი ფაქტორია.

ზუსტად არ არის ცნობილი, რატომ იწვევენ ეს დაზიანებები თუ დაავადებები კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომს, მაგრამ სავარაუდოა, რომ ვითარდება დისფუნქციური ურთიერთკავშირი ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას შორის, ანთებით რეაქციებთან ერთად.

 

სიმპტომები

კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ხანგრძლივი ბასრი ან წვისებრი ტკივილი, ძირითადად მკლავზე, ფეხზე, მტევანზე ან ტერფზე
  • მგრძნობელობის მომატება შეხებისას ან სიცივეში
  • მტკივნეული რეგიონის შესიება
  • კანის ტემპერატურის ცვლილება– ზოგჯერ კანი ოფლიანია, ზოგჯერ ცივდება
  • კანის ფერის ცვლილება, თეთრი, წითელი ან ლურჯი
  • კანის ტექსტურის ცვლილება–მტკივნეულობა, გათხელება, კანი ზოგჯერ გადაჭიმულია
  • თმისა და ფრჩხილების ნორმალური ზრდის შეფერხება
  • სახსრების ტკივილი, შესიება და დაზიანება
  • კუნთების სპაზმი, სისუსტე და განლევა (ატროფია)
  • დაზიანებული კიდურის მოძრაობის შეზღუდვა



სიმპტომები დროთა განმავლობაში შესაძლოა შეიცვალოს. ნიშნები განსხვავებულია პაციენტებს შორის. ყველაზე ხშირად, ტკივილი, შესიება, ტემპერატურის ცვლილება (მგრძნობელობის მომატება) ხდება თავდაპირველ ეტაპზე.

დროთა განმავლობაში, დაზიანებული კიდური შესაძლოა გაცივდეს და კანისა და ფრჩხილების ცვლილებები განიცადოს, ასევე გამოვლინდეს კუნთის სპაზმი და დაჭიმულობა. როცა ეს ცვლილებები გამოჩნდება, მდგომაგრეობა ხშირად უკვე შეუქცევადი.

კომპლექსური რეგიონალური ტკივილის სინდრომი ზოგჯერ ვრცელდება პირველწყაროდან სხეულის სხვა ნაწილებზე, როგორიცაა სხვა კიდური. ტკივილი ზოგჯერ უარესდება სტრესით.

ზოგიერთ პაციენტში, სიმპტომები და ნიშნები თავად ქრება. სხვებში, სიმპტომები თვეების ან წლების განმავლობაში რჩება. მკურნალობა ეფექტურია ადრეული ჩარევის შემთხვევაში.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ მუდმივი, ძლიერი ტკივილი კიდურში, რომელიც შეხებისას და მოძრაობისას უარესდება, მიმართეთ ექიმს, მიზეზის დასადგენად. მნიშვნელოვანია ადრეული მკურნალობა.