კომპულსიური სქესობრივი ქცევა

დაავადების აღწერა

კომპულსიურ სქესობრივ ქცევას ზოგჯერ ჰიპერსექსუალობას, ჰიპერსექსუალურ აშლილობას, ნიმფომანიას და სქესობრივ დამოკიდებულებას უწოდებენ. ამ მდგომარეობის დროს ადამიანს აქვს აკვიატებული, ობსესიური ფიქრები, რომლებიც ხელს უშლის ჯანმრთელობას, სამსახურში ნორმალურ ფუნქციონირებას, ურთიერთობებსა და ცხოვრების სხვა კომპონენტებს.

კომპულსიური სქესობრივი ქცევა შესაძლოა ზოგადი, ნორმალური აქტის (მაგ. მასტურბაციის) ობსესიური აკვიატებისაგან გამომდინარეობდეს, რაც ხელს უშლის თავად ადამიანს ან სხვებს.

სხვა ტიპის კომპულსიური ქცევა შესაძლოა გასცდეს ხშირად არსებულ ქცევებს (როგორიცაა ფულის გადახდა სექს–მუშაკებისათვის ან ქორწინების გარეთა კავშირები) და გამოიწვიოს დისტრესი. ასეთ ქცევას უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

არ აქვს მნიშვნელობა, რა ქვია ამ აშლილობას ან კონკრეტულად რომელი ქცევაა აკვიატებული, კომპულსიური სქესობრივი აქტივობა აზიანებს ადამიანის თვითშეფასებას, ურთიერთობებს, კარიერას. მკურნალობით შესაძლოა მდგომარეობის გაუმჯობესება და სურვილების კონტროლის სწავლა.

გამომწვევი მიზეზი

კომპულსიური სქესობრივი ქცევის ზუსტი მიზეზი უცნობია. სავარაუდო ფაქტორებია:

  • თავის ტვინის ქიმიური ნივთიერებების დისბალანსი. გარკვეული ნივთიერებები–ნეიროტრანსმიტერები, როგორიცაა სეროტონინი, დოფამინი და ნორეპინეფრინი, აკონტროლებენ განწყობას. მათი მაღალი კონცენტრაცია შესაძლოა გახდეს კომპულსიური ქცევის მიზეზი.
  • თავის ტვინის პათოლოგიები. დაავადებები, რომლებიც აზიანებენ თავის ტვინის ნაწილებს, ზოგჯერ ახდენენ ზეგავლენას სქესობრივ ქცევაზე. ეპილეფსია, ჰანტინგტონის დაავადება და დემენცია ასოცირებულია მსგავს პრობლემებთან. ასევე, პარკინსონის დაავადების მკურნალობა დოფამინის აგონისტი საშუალებებით, შესაძლოა გახდეს კომპულსიური ქცევის მიზეზი.
  • ცვლილებები თავის ტვინის სისტემებში. კომპულსიური სქესობრივი ქცევა შესაძლოა იყოს დამოკიდებულება, რომელიც დროთა განმავლობაში ცვლის თავის ტვინის მუშაობის გზებს. ეს გზები ნეირონების ქსელია, რომელიც ტვინის უჯრედებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. ცვლილებების შედეგია სქესობრივი ქცევის მიერ სასიამოვნო გრძნობების გამოწვევა, ხოლო საპირისპირო შეგრძნებები ქცევის შეჩერების შემთხვევაში.

სიმპტომები

კომპულსიური სქესობრივი ქცევის სიმპტომები განსხვავდება ტიპითა და სიმძიმით. ზოგიერთი ნიშანი შესაძლოა იყოს:

  • სექსუალური იმპულსები ინტენსიურია და ვერ კონტროლდება
  • იძულებული ხართ, გამოავლინოთ კომპულსიური სქესობრივი ქცევა იმის მიუხედავად, რომ მსგავსი აქტივობა აღარ განიჭებთ სიამოვნებას
  • იყენებთ კომპულსიურ სქესობრივ ქცევას სხვა პრობლემებისაგან გასაქცევად, როგორიცაა მარტოსულობა, დეპრესია, შფოთვა ან სტრესი
  • აგრძელებთ კომპულსიურ სქესობრივ ქცევას მაშინაც კი, თუ არსებობს რისკი სქესობრივად გადამდები ინფექციის გადაცემის ან გადმოდებისა, თუ არსებობს რისკი თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობის გაფუჭების ან სამსახურში, კანონთან პრობლემების შექმნისა.
  • გიჭირთ ემოციური სიახლოვის დამყარება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გყავდეთ მეუღლე ან გქონდეთ სერიოზული ურთიერთობა პარტნიორთან



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ ვეღარ აკონტროლებთ სქესობრივ ქცევას, მითუმეტეს, თუ ეს ქცევა პრობლემებს უქმნის გარშემო მყოფთ. კომპულსიური ქცევა შესაძლოა გართულდეს დროთა განმავლობაში, ამიტომ მიიღეთ დახმარება სიმპტომების გამოვლენისთანავე.
როცა ცდილობთ, გადაწყვიტოთ გჭირდებათ თუ არა დახმარება, კითხეთ თქვენს თავს:

  • აკონტროლებთ საკუთარ სქესობრივ იმპულსებს?
  • გიქმნით საკუთარი სქესობრივი ქცევა დისტრესს?
  • აზიანებს ქცევა თქვენს ურთიერთობებს, სამსახურეობრივ მოვალეობებს, კანონისმიერ პასუხისმგებლობებს?
  • მალავთ საკუთარ ქცევას?
  • ამ თემაზე საუბარი და დახმარების მიღება შესაძლოა დისკომფორტთან ასოცირდებოდეს, რადგან პრობლემა საკმაოდ პირადულია. სცადეთ:
  • გადადეთ სირცხვილის გრძნობა და იფიქრეთ მკურნალობის დადებით შედეგებზე
  • დაიმახსოვრეთ, რომ მარტო არ ხართ– სხვა ადამიანებსაც ჰქონიათ თქვენნაირი აშლილობა. ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი შეეცდება, ეს დაგანახოთ. ეცადეთ იპოვოთ ისეთი თერაპევტი, რომელიც სპეციალიზდება ამდაგვარ პრობლემებში.
  • დაიმახსოვრეთ, რომ ექიმი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალობა, გარდა შემთხვევებისა, როცა გსურთ საკუთარი თავის ან სხვის მიმართ ზიანის მიყენება, არსებობს ბავშვზე სექსუალური ძალადობის რისკი ან არსებობს მოწყვლადი პოპულაციის მიმართ უგულებელყოფის ან ძალადობის ფაქტი.



გადაუდებელი დახმარების ჩვენებები

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ:

  • ფიქრობთ, რომ შესაძლოა ავნოთ ვინმეს უკონტროლო ქცევის გამო
  • გაქვთ ბიპოლარული აშლილობა ან სხვა იმპულსური პრობლემა და გრძნობთ, რომ სქესობრივ ქცევას ვეღარ აკონტროლებთ
  • ფიქრობთ თვითმკვლელობაზე– თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა თავს რამე ავნოთ, დარეკეთ 112–ზე ან თვითმკვლელობის პრევენციის ცხელ ხაზებზე.