კონტაგიოზური მოლუსკი

დაავადების აღწერა

კონტაგიოზური მოლუსკი ხშირი ვირუსული ინფექციაა, რომელიც იწვევს კანზე მრგვალი, გამაგრებული, უმტკივნეული ამობურცულობების გაჩენას, რომელთა ზომაც ვარირებს წერტილიდან დაახლ. 6 მმ–მდე. თუ ამობურცულობას მოიქავებთ ან დაიზიანებთ, ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს გარშემო მდებარე კანზეც.

კონტაგიოზური მოლუსკი ყველაზე ხშირი ბავშვებშია, თუმცა მოზრდილებშიც გვხვდება, განსაკუთრებით შესუსტებული იმუნური სისტემის შემთხვევაში. მოზრდილებს, რომელთაც ნორმალური იმუნური ფუნქცია აქვთ, კონტაგიოზური მოლუსკი ზოგჯერ გენიტალიებზე ემართებათ და ამ შემთხვევაში ინფექცია სქესობრივად გადამდებია.

კონტაგიოზური მოლუსკი ვრცელდება ადამიანების შეხებით და დაბინძურებული საგნების შეხებით. ამობურცულობა, რომელიც კონტაგიოზური მოლუსკის დროს ჩნდება, ძირითადად თავად ქრება 1 წლის განმავლობაში, მკურნალობის გარეშე, თუმცა ექიმის მიერ მისი ამოკვეთაც შესაძლებელია.

გამომწვევი მიზეზი

კონტაგიოზური მოლუსკის გამომწვევი ვირუსი ადვილად ვრცელდება:

  • კანის კონტაქტით
  • დაბინძურებული ნივთებით– პირსახოცი, სათამაშო, კარის სახელური
  • სქესობრივი კონტაქტით
  • ქავილით, გაღიზიანებით– გარშემო კანზე

სიმპტომები

კონტაგიოზური მოლუსკის ნიშანი კანის ამობურცულობაა, რომელიც:

  • ამოწეულია, მრგვალი და ხორცისფერია
  • მცირე ზომისაა, ტიპიურად 6 მმ და ნაკლები დიამეტრით
  • ძირითადად მცირე ჩაღრმავება აქვს ცენტრში
  • შესაძლოა გაწითლდეს და ანთებითი გახდეს
  • შესაძლოა გამოიწვიოს ქავილი
  • ადვილად ძვრება ქავილის ან გაღიზიანების დროს, მაგრამ ინფექცია და გამონაყარი ვრცელდება გარშემო კანზე
  • ძირითადად ჩნდება სახეზე, კისერზე, იღლიებში, მკლავებსა და ხელებზე
  • შესაძლოა გაჩნდეს გენიტალიებზე, ქვედა მუცელზე, ბარძაყებზე, თუ ინფექცია სქესობრივად გავრცელდა


როდის მივმართოთ ექიმს

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს აქვს კონტაგიოზური მოლუსკი, მიმართეთ მის ექიმს.