კონტაქტური დერმატიტი

დაავადების აღწერა

კონტაქტური დერმატიტი იწვევს წითელი ფერის გამონაყარს, რომელსაც ახლავს ქავილის მოთხოვნილება და გამოწვეულია რაიმე ნივთიერების კონტაქტით (შეხებით) თქვენს კანთან. გამონაყარი არ არის გადამდები ან საშიში, მაგრამ ქმნის დისკომფორტს.

სავარაუდო მიზეზებია საპნები, კოსმეტიკური საშუალებები, სუნამოები, სამკაული, ან მცენარეები, როგორიცაა ჭინჭარი. ზოგიერთი ადამიანი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ეხება ისეთ ნივთიერებებს, რომელიც კონტაქტურ დერმატიტს იწვევს.

კონტაქტური დერმატიტის მკურნალობისათვის, უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და თავი აარიდოთ მას. თუ ეს შესაძლებელია, გამონაყარი 2–4 კვირაში სრულიად ალაგდება. შეიძლება სცადოთ კანის დამშვიდება გრილი, სველი კომპრესებით, ქავილის საწინააღმდეგო კრემებითა და სხვა საშუალებებით.

გამომწვევი მიზეზი

კონტაქტური დერმატიტი გამოწვეულია ნივთიერებით, რომელიც აღიზიანებს კანს და იწვევს ალერგიულ რეაქციას. ნივთიერება შესაძლოა იყოს ერთ–ერთი ათასობით ცნობილი ალერგენიდან. ზოგიერთი ნივთიერება იწვევს როგორც გაღიზიანების კონტაქტურ დერმატიტს, ასევე ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს.

გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი ყველაზე ხშირი ტიპია. ეს არაალერგიული ანთებითი რეაქცია ვითარდება, როცა გამღიზიანებელი აზიანებს კანის გარეთა დამცა საფარველს.

ზოგიერთ ადამიანს რეაქცია პირველივე შეხებისას უვითარდება, ზოგს კი ნიშნები და სიმპტომები განმეორებითი შეხების შემთხვევაში უვლინდება. ზოგი პაციენტი აყალიბებს ტოლერანტულობას გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ხშირი გამღიზიანებლებია:

  • გამხსნელები
  • ალკოჰოლი
  • გამათეთრებელი
  • პერსონალური ჰიგიენის ნივთები–საპონი, დეოდორანტი, კოსმეტიკური საშუალება
  • ჰაერში არსებული ნივთიერება– მტვერი, შალის ნაწილაკები
  • ალტერნატიულ მედიცინაში გამოყენებული მცენარეები
  • ალერგიული დერმატიტი ვითარდება, როცა ალერგენი იწვევს იმუნურ რეაქციას კანზე. რეაქცია ძირითადად მხოლოდ კონტაქტის ადგილას ჩნდება, თუმცა თუ რეაქცია გამოწვეულია ალერგენის ორგანიზმში საკვების ან მედიკამენტის გზით მოხვედრით, შესაძლოა განვითარდეს სისტემური კონტაქტური დერმატიტი.



შესაძლოა გახდეთ მგრძნობიარე ალერგენის მიმართ პირველი შეხების შემდეგ. სუსტი ალერგენის შემთხვევაში, საჭიროა რამდენიმე შეხება, ზოგჯერ რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა ალერგია ჩამოყალიბდეს. როცა ალერგია ყალიბდება, ალერგენის მცირე რაოდენობაც კი საკმარისია რეაქციის ჩამოსაყალიბებლად.

ხშირი ალერგენებია:

  • სამკაულებში გამოყენებული მეტალები
  • მედიკამენტები, როგორიცაა ანტიბიოტიკის კრემები ან ორალური ანტიჰისტამინურები
  • პერუს ბალზამი, რომელიც გამოიყენება მრავალი პროდუქტის დასამზადებლად– სუნამოები, კოსმეტიკა, სავლები
  • ფორმალდეჰიდი–გამხსნელებში, წებოებში და სხვ.
  • პერსონალური ჰიგიენის ნივთები–საპონი, დეოდორანტი, კოსმეტიკური საშუალება, ფრჩხილის ლაქი, მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ევკალიპტს ან სხვა მცენარეებს
  • კანის ტატუირება ან შავი ხნა
  • მცენარეები, როგორიცაა ჭინჭარი ან მანგო, შეიცავენ ალერგენს–ურუშიოლს
  • ჰაერსი არსებული ალერგენები– არომათერაპია, შესასხურებელი ინსექტიციდი
  • პროდუქტები, რომლებიც იწვევენ რეაქციას მზეზე (ფოტოალერგიული დერმატიტი), როგორიცაა ზოგიერთი მზის დამცავი კრემი ან მედიკამენტი



ალერგიული კონტაქტური დერმატიტი თანაბარი სიხშირით გვხვდება ბავშვებსა და მოზრდილებში. ბავშვებში რეაქცია მთავარი ალერგენების გარდა, შესაძლოა განვითარდეს მანქანის სავარძელთან, ტუალეტის პლასტმასის საჯდომთან, ტანსაცმელთან შეხებისას.
ოკუპაციური კონტაქტური დერმატიტი ნიშნავს სამსახურეობრივი მოვალეობის დროს განვითარებულ რეაქციებს. გარკვეული სამსახური ან ჰობი შესაძლოა ზრდიდეს ამ რეაქციის რისკს. მაგალითად:

  • სამედიცინო პერსონალი ან ფარმაცევტული ინდუსტრიის თანამშრომლები
  • მეტალებზე მომუშავე პერსონალი
  • მშენებლები
  • სტილისტები და კოსმეტოლოგები
  • ოფიციანტები
  • მყვინთავები ან მოცურავეები, ნიღაბში ან სათვალეში არსებული რეზინის გამო
  • დამლაგებლები
  • მებაღეები ან აგრიკულტურული პერსონალი
  • მზარეულები ან სხვა ადამიანები, რომლებიც საკვებს ამზადებენ

სიმპტომები

კონტაქტური დერმატიტი კანის ნებისმიერ ადგილას ჩნდება, რომელიც კონტაქტშია გამღიზიანებელთან, მაგალითად, ფეხზე თუ ჭინჭარი შეეხო, ან მაჯაზე, თუ მაჯის საათი იწვევს ალერგიას. რეაქცია ვითარდება წუთებიდან საათებში, შეხების შემდეგ. გამონაყარი 2 დან 4 კვირამდე შესაძლოა არსებობდეს.

კონტაქტური დერმატიტის ნიშნები და სიმპტომებია:

  • წითელი, ამობურცული გამონაყარი
  • ქავილი, ზოგჯერ ძლიერიც
  • მშრალი, აქერცლილი კანი, თუ მდგომარეობა ქრონიკულია
  • მუწუკები, სითხიანი გამონაყარი, იკეთებს ქერქს, თუ რეაქცია მწვავეა
  • შესიება, წვა, მტკივნეულობა



გამონაყრის სიმძიმე დამოკიდებულია:

  • გამღიზიანებელთან კონტაქტის ხანგრძლივობაზე
  • გამღიზიანებლის ალერგენულ სიძლიერეზე
  • გარემო–ფაქტორებზე, როგორიცაა ტემპერატურა, ჰაერის დინება და ოფლიანობა
  • გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე, რაც ეფექტს ხდენს გარკვეულ ნივთიერებებზე რეაქციებზე



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გამონაყარი გიქმნით დისკომფორტს, იწვევს უძილობას
  • გამონაყარი მტკივნეულია, ძლიერი და გავრცელებულია
  • დისკომფორტს გიქმნით კანის ვიზუალური მხარე
  • გამონაყარი არ მსუბუქდება რამდენიმე კვირის შემდეგ
  • გამონაყარი აღინიშნება სახესა და გენიტალიებზე



მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება შემდეგ სიტუაციებში:

  • ფიქრობთ, რომ კანი დაინფიცირდა– გაქვთ სიცხე და სითხიანი გამონაყარი
  • ფილტვები, თვალები ან ცხვირის ღრუ მტკივნეული და ანთებითია, სავარაუდოდ ინჰალაციური ალერგენის გამო
  • ფიქრობთ, რომ გამონაყარმა დააზიანა პირის ღრუს ან მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი