კოშმარები

დაავადების აღწერა

კოშმარი არასასიამოვნო სიზმარია, რომელიც უარყოფით შეგრძნებებთან ასოცირდება, როგორიცაა შფოთვა ან შიში. კოშმარს ადამიანები ხედავენ, თუმცა ზოგჯერ კოშმარების ნახვა არ ასოცირდება ფსიქოლოგიურ აშლილობასთან. კოშმარი ხდება პრობლემა, როცა იგი ზედმეტად ხშირია, ხელს გიშლით ძილში ან გეშინიათ დაძინების. კოშმარული აშლილობის დიაგნოზი მხოლოდ მაშინ ისმება, როცა კოშმარების გამო პაციენტს აქვს დისტრესი და ხელი ეშლება დღის განმავლობაშიც.

კოშმარი პირველად შესაძლოა 3–6 წლის ასაკში ნახოთ, თუმცა დაახლოებით 10 წლის ასაკიდან კოშმარების სიხშირე კლებულობს. 13 წლამდე, ბიჭები და გოგონები თანაბარი სიხშირით აღწერენ კოშმარებს, ხოლო 13 წლიდან კოშმარები უფრო გოგონებს აწუხებთ. ზოგიერთ ადამიანს კოშმარები მთელი ცხოვრების განმავლობაში ესიზმრება.

გამომწვევი მიზეზი

კოშმარი აშლილობად მხოლოდ მაშინ მიიჩნევა, თუ სიზმარი იწვევს დისტრესს და ხელს გიშლით დაძინებაში. კოშმარი შესაძლოა მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული. მაგალითებია:

  • სტრესი. ზოგჯერ, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სტრესი, როგორიცაა პრობლემები სახლში ან სკოლაში, იწვევს კოშმარს. დიდი ცვლილებები, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალება ასევე ასოცირდება კოშმარებთან.
  • ტრავმა. კოშმარები ხშირია ავტოავარიის, დაზიანების ან სხვა ტრავმული მოვლენის შემდეგ. კოშმარები გვხვდება პოსტ–ტრავმატული სტრესის აშლილობაში.
  • ძილის ნაკლებობა. განრიგის ცვლილებები, რომლებიც ასოცირდება ძილისა და ღვიძილის ციკლების არევასთან, ზოგჯერ იწვევს კოშმარების სიხშირის მომატებას.
  • მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის ანტიდეპრესანტები, არტერიული წნევის მარეგულირებელი პრეპარატები, ბეტა–ბლოკერები, პარკინსონის დაავადების წამლები ან თამბაქოს თავის დანებების დამხმარე წამლები ასოცირებულია კოშმარებთან.
  • ნარკოტიკები და ალკოჰოლი. ამ ნივთიერებების აბსტინენციის (გამოყენების შეწყვეტა) სინდრომის დროს გვხვდება კოშმარები.
  • საშიში წიგნები ან ფილმები. საშიში წიგნის წაკითხვა ან საშიში ფილმის ყურება, განსაკუთრებით დაძინებამდე, ასოცირებულია კოშმარებთან.
  • სხვა დარღვევები. ზოგიერთი დაავადება და მენტალური მდგომარეობა, ასევე ძილის პათოლოგიები, ასოცირდება კოშმარების მაღალ რისკთან. მაგალითად, შფოთვა შესაძლოა გახდეს ხშირი კოშმარების მიზეზი.

სიმპტომები

კოშმარული აშლილობა ექიმების მიერ მიიჩნევა პარასომნიად, ანუ ძილის დარღვევად, რომელიც იწვევს ძილის დროს, ჩაძინებისას ან გაღვიძებისას არასასიამოვნო შეგრძნებებს. კოშმარული სიზმრები ადამიანს ძილის ერთ–ერთ ფაზაში, კერძოდ REM ფაზაში აწუხებს.

ნორმაში, ადამიანი გადის 4–6 ძილის ფაზას მთელი ღამის განმავლობაში. ფაზების ერთი ციკლი 90 წუთს გრძელდება. REM ფაზის ხანგრძლივობა მატულობს ციკლების ცვლილებასთან ერთად და პირველი ციკლის დროს თუ რამდენიმე წუთს გრძელდება, ბოლო ციკლში შესაძლოა 1 საათიც კი დაიკავოს. ამის გამო, კოშმარის ალბათობა მეტია ძილის ბოლოსკენ.

კოშმარი ხასიათდება ამ ფაქტორებით:

  • სიზმარი რეალურია, შეგრძნებები უარესდება სიზმრის მსვლელობასთან ერთად
  • სიზმარი ისტორიაა, რომელშიც რაიმე გემუქრებათ და დაცული არ ხართ
  • სიზმრის გამო გეღვიძებათ
  • გეშინიათ, შფოთავთ, ბრაზდებით სიზმრის გამო
  • ვლინდება ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება
  • გაღვიძებისას გახსოვთ სიზმარი და ნორმალურად აზროვნებთ
  • სიზმარი ძირითადად ძილის ბოლო საათებში გაწუხებთ
  • სიზმარი ხელს გიშლით, ისევ დაიძინოთ


შესაძლოა გქონდეთ კოშმარული აშლილობა, თუ ზემოთხსენებულ ფაქტორებთან ერთად:

  • ძილის დარღვევა იწვევს მნიშვნელოვან დისტრესსა და პრობლემებს არამარტო ღამით, არამედ მთელი დღის განმავლობაში
  • მედიკამენტები და ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვერ ხსნის, თუ რატომ ხედავთ კოშმარებს


კოშმარები ბავშვებში განსხვავდება ასაკობრივად და ასაკის მატებასთან ერთად უფრო კომპლექსური ხდება. პატარა ბავშვმა კოშმარი შესაძლოა მონსტრების შესახებ ნახოს, ხოლო უფრო მოზრდილმა– სკოლის ან სახლის პირობებში შექმნილი სირთულეების შესახებ.

როდის მივმართოთ ექიმს

კოშმარის ხანგამოშვებით ნახვა არ წარმოადგენს საშიშროებას. თუ თქვენ ბავშვს კოშმარები აწუხებთ, უთხარით ეს მის ექიმს რუტინული გამოკვლევების დროს.
მიმართეთ ექიმს უფრო მალე, თუ კოშმარები:

  • ხშირია, ხანგრძლივია
  • ხშირად ურღვევს ბავშვს ძილს
  • ბავშვს ძილის ეშინია
  • კოშმარები იწვევს დღის განმავლობაში პრობლემებს