კრიპტორქიზმი

დაავადების აღწერა

კრიპტორქიზმი ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩამოუსვლელობაა. ჩვეულებრივ მხოლოდ ერთი ჯირკვალია ჩამოუსვლელი, თუმცა შემთხვევათა 10%-ში არცერთი ჯირკვალი არ არის სათესლე პარკში ჩამოსული.

კრიპტორქიზმი ზოგადად იშვიათი მდგომარეობაა, თუმცა იგი ხშირია ნაადრევად დაბადებულ ბიჭებში.

შემთხვევათა უმეტესობაში ჩამოუსვლელი ჯირკვალი სიცოცხლის პირველ რამდენიმე თვეში თავისით ჩადის სათესლე პარკში. სხვა შემთხვევებში საჭირო ხდება ოპერაციის ჩატარება.

გამომწვევი მიზეზი

კრიპტორქიზმის ზუსტი მიზეზი უცნობია. დედის ჯანმრთელობამ და სხვა გენეტიკურმა და გარემო ფაქტორებმა შეიძლება ხელი შეუშალონ სათესლის განვითარებისთვის საჭირო ჰორმონებს, ფიზიკურ ცვლილებებს და ნერვულ აქტივობას.

სიმპტომები

კრიპტორქიზმის მთავარი ნიშანია სათესლე პარკში თვალით და ხელით დათვალიერებისას სათესლე ჯირკვლის არარსებობა.

სათესლე ჯირკვლები მუცლადყოფნისას მუცელში წარმოიქმნება. ნაყოფის განვითარების ბოლო ორ თვეში სათესლეები ნელნელა ჩამოდის სათესლე პარკში საზარდულის არხის გავლით. კრიპტორქიზმის დროს ეს პროცესი შენელებული ან შეჩერებულია.

როდის მივმართოთ ექიმს

კრიპტორქიზმის აღმოჩენა დაბადებიდან მცირე ხანში ხდება. თუ თქვენს შვილს აქვს კრიპტორქიზმი, ჰკითხეთ ექიმს რა სიხშირით საჭიროებს იგი გამოკვლევას. თუ სათესლე ჯირკვალი 4 თვის ასაკში არ არის ჩასული სათესლე პარკში, დიდი ალბათობით იგი თავისით ვერ ჩავა.

კრიპტორქიზმის ადრეულ ასაკში მკურნალობა ამცირებს უშვილობის და სათესლის კიბოს რისკს.

ბავშვებს, რომლებსაც დაბადებისას ჩამოსული ჰქონდათ სათესლე ჯირკვლები, შეიძლება ‘გაუქრეთ’ ისინი მოგვიანებით. ეს მდგომარეობა შეიძლება მიუთითებდეს:

  • მოძრავ სათესლე ჯირკვალზე, რომელიც სათესლე პარკში და საზარდულში წინ და უკან მოძრაობს. ამ დროს სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში ჩაყვანა ხელითაა შესაძლებელი. ეს არ წარმოადგენს პათოლოგიას და დაკავშირებულია სათესლე პარკის კუნთების რეფლექსთან.
  • აღმავალი სათესლე ჯირკვალზე, რომელიც უკან ასულია საზარდულში და ხელით ვერ ჩამოდის სათესლე პარკში.



მიმართეთ ექიმს თუ თქვენს ვაჟს შეამჩნევთ გენიტალიების ცვლილებებს ან თუ შეშფოთებული ხართ მისი განვითარებით.