კრონის დაავადება

დაავადების აღწერა

კრონის დაავადება ნაწლავის ანთებითი დაავადებაა. იგი იწვევს მომნელებელი სისტემის ამომფენი შრეების ანთებას, რაც გამოიხატება მუცლის ტკივილით, ძლიერი ფაღარათით, დაღლილობით, წონაში კლებით და მალნუტრიციით. ანთება ეხება მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილებს განსხვავებულ პაციენტებში.

კრონის დაავადებით გამოწვეული ანთება ვრცელდება დაზიანებული ნაწლავის კედლის შიდა შრეებშიც. კრონის დაავადება მტკივნეულია და დისკომფორტს უქმნის პაციენტს. შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში გართულებებიც.

კრონის დაავადების განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ მკურნალობა ამსუბუქებს ნიშნებსა და სიმპტომებს და ზოგჯერ იწვევს გრძელვადიან რემისიას. მკურნალობის წყალობით, ზოგიერთი დაავადებული ნორმალურ ცხოვრებას ეწევა.

გამომწვევი მიზეზი

კრონის დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადრე მიიჩნევდნენ, რომ მიზეზი კვების რაციონი და სტრესი იყო, მაგრამ ახლა დადგინდა, რომ ეს ფაქტორები მხოლოდ ამწვავებენ დაავადების მსვლელობას, მაგრამ არ იწვევენ მას. რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა მემკვიდრეობა და იმუნური სისტემის ფუნქციის მოშლა, თამაშობს როლს დაავადების ჩამოყალიბებაში.

  • იმუნური სისტემა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ვირუსი ან ბაქტერია იწვევს დაავადების პროვოცირებას.ზოგჯერ, როცა იმუნური სისტემა ცდილობს უცხო მიკროორგანიზმთან ბრძოლას, არასწორი იმუნური პასუხი საკუთარ ორგანოებს ებრძვის, მათ შორის მომნელებელ სისტემას.
  • მემკვიდრეობითობა. კრონის დაავადება უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომელთაც დაავადებული ოჯახის წევრები ყავთ, ამიტომ გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია. თუმცა, კრონის დაავადებით ავადმყოფთა უმეტესობას არ ყავს დაავადებული ოჯახის წევრი.

სიმპტომები

ზოგიერთ პაციენტში, წვრილი ნაწლავის მხოლოდ ბოლო სეგმენტია დაზიანებული. სხვებში, დაავადება მხოლოდ მსხვილ ნაწლავს ეხება. ყველაზე ხშირი სეგმენტები სწორედ წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილი და მსხვილი ნაწლავია.

 

კრონის დაავადების ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მძიმე. სიმპტომები ძირითადად თანდათანობით ვითარდება, მაგრამ ზოგჯერ უცაბედად წარმოიქმნება. შესაძლოა არსებობდეს რემისიის (უსიმპტომო) პერიოდებიც.

როცა დაავადება აქტიურია, ნიშნები და სიმპტომებია:

  • ფაღარათი. ფაღარათი ხშირი პრობლემაა. ინტენსიური ნაწლავური მოძრაობები ასევე ხელს უწყობს განავლის გათხიერებას.
  • სიცხე და დაღლილობა. მრავალი პაციენტი უჩივის დაბალ სიცხეს, სავარაუდოდ ანთების ან ინფექციის გამო. შესაძლოა იყოს დაღლილობაც და უენერგიობა.
  • მუცლის ტკივილი და კრუნჩხვითი მოვლა მუცელში. ანთება და დაწყლულება ხელს უშლის საკვების ნორმალურ გადაადგილებას ნაწლავებში და იწვევს ტკივილს. შესაძლოა გამოიხატოს მსუბუქი დისკომფორტი ან ძლიერი ტკივილი, თანდართული გულისრევითა და ღებინებით.
  • სისხლიანი განავალი. შესაძლოა გამოვლინდეს ღია ფერის წითელი სისხლი ტუალეტზე ან მუქი ფერის სისხლი, რომელიც განავალშია. ზოგჯერ სისხლი განავალში არ ჩანს.
  • პირის ღრუს წყლულები. ჩნდება წყლულები პირის ლორწოვანზე, აფტოზური წყლულის მსგავსად.
  • უმადობა და წონაში კლება. მუცლის ტკივილი და ანთებითი რეაქცია აქვეითებს მადას და მონელებისა და აბსორბციის უნარს, რაც იწვევს წონაში კლებას.
  • პერიანალური დაავადება. შესაძლოა განვითარდეს ტკივილი ან დაჩირქება ანუსის გარშემო, ფისტულის ჩამოყალიბების გამო.

სხვა ნიშნები და სიმპტომები

მძიმე კრონის დაავადების დროს გამოვლენილი სიმპტომებია:

  • კანის, თვალების ან სახსრების ანთება
  • ღვიძლის ან ნაღვლის სადინრების ანთება
  • გვიანდელი სქესობრივი მომწიფება ან ზრდა ბავშვებში

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ხშირი ცვლილებები ნაწლავურ ფუნქციასთან დაკავშირებით ან რომელიმე სხვა ნიშანი ან სიმპტომი, რომელიც კრონის დაავადებაზე მიანიშნებს. ესენია:

  • მუცლის ტკივილი
  • სისხლიანი განავალი.
  • ხშირი ფაღარათი, რომელიც არ მსუბუქდება ურეცეპტო მედიკამენტებით
  • აუხსნელი სიცხე, რომელიც რამდენიმე დღეზე მეტს გრძელდება
  • აუხსნელი კლება წონაში