კუშინგის სინდრომი

დაავადების აღწერა

კუშინგის სინდრომი ვითარდება, როცა ორგანიზმში ცირკულირებს ჰორმონი კორტიზოლის მოჭარბებული რაოდენობა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სინდომის (ჰიპერკორტიზოლიზმი) ყველაზე ხშირი მიზეზი ორალურად მიღებული კორტიკოსტეროიდული მედიკამენტებია. მდგომარეობა ასევე შესაძლოა იყოს ორგანიზმის მიერ ჭარბი კორტიზოლის სინთეზით გამოწვეული.

ჭარბი კორტიზოლი იწვევს სინდრომისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს– მხრებს შორის დაგროვილი ცხიმოვანი ამობურცულობა, მრგვალი სახე, ვარდისფერი ან იასამნისფერი სტრიები კანზე. კუშინგის სინდრომის დროს შესაძლოა გამოვლინდეს მაღალი არტერიული წნევა, ძვლების განლევა და ზოგჯერ დიაბეტი.

კუშინგის სინდრომის მკურნალობოთ შესაძლოა ორგანიზმის მიერ დასინთეზებული კორტიზოლის კონტროლი და სიმპტომების შემსუბუქება. ადრეული მკურნალობა გაძლევთ უკეთესი შედეგის მაღალ ალბათობას.

გამომწვევი მიზეზი

კუშინგის სინდრომი ვითარდება ჰორმონი კორტიზოლის ჭარბი რაოდენობის გამო. ენდოკრინული სისტემა შედგება ჯირკვლებისაგან, რომლებიც მსგავს ჰორმონებს წარმოქმნიან და არეგულირებენ სხეულში მიმდინარე პროცესებს. ეს ჯირკვლებია: თირკმელზედა ჯირკვალი, ჰიპოფიზი, ფარისებრი, ფარისებრახლო ჯირკვლები, პანკრეასი, საკვერცხე (ქალებში), სათესლე (კაცებში).

 

თირკმელზედა ჯირკვალი გამოყოფს რამდენიმე ტიპის ჰორმონს, მათ შორის კორტიზოლს. კორტიზოლს მნიშვნელოვანი როლები აქვს ორგანიზმში. მაგალითად, კორტიზოლი აკონტროლებს არტერიულ წნევას და გულსისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

კორტიზოლი ასევე მონაწილეობს ორგანიზმის რეაქციაში სტრესის მიმართ და განაგებს ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების მეტაბოლიზმის (მონელების) პროცესებს, ენერგიის მისაღებად. როცა კორტიზოლის დონე მომატებულია ორგანიზმში, ვითარდება კუშინგის სინდრომი.

კორტიკოსტეროიდების როლი

კუშინგის სინდრომი სხეულის გარეთა ფაქტორიდან შეიძლება მომდინარეობდეს (ეგზოგენური კუშინგის სინდრომი). კორტიკოსტეროიდეული მედიკამენტების მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღება ერთ–ერთი ხშირი მიზეზია. ეს მედიკამენტები, მაგ.: პრედნიზოლონი, იმავე ეფექტს ახდენენ სხეულში, როგორსაც ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი ჰორმონი კორტიზოლი.

ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ კორტიკოსტეროიდები ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, მაგ.: რევმატოიდული ართრიტის, მგლურად, ასთმის დროს, ან ტრანსპლანტირებული ორგანოს იმუნური უარყოფის თავიდან ასაცილებლად. რადგანაც დოზები საკმაოდ მაღალია, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, კორტიზოლი გროვდება და ჭარბი რაოდენობით ცირკულირებს სხეულში.

ადამიანებს ასევე უვითარდებათ კუშინგის სინდრომი კორტიკოსტეროიდების ინექციების გამო– სახსრის ტკივილის, ბურსიტის ან ზურგის ტკივილის დროს. ინჰალაციური მედიკამენტები (ასთმისთვის) ან კორტიკოსტეროიდული კრემები (ეგზემისთვის) მედიკამენტთა იმავე ჯგუფშია, მაგრამ უფრო ნაკლებად იწვევენ კუშინგის სინდრომს, თუ განსაკუთრებით მაღალი დოზებით არ ხდება მათი გამოყენება.

ორგანიზმის მიერ ჭარბი კორტიზოლის სინთეზი

კუშინგის სინდრომი შესაძლოა განვითარდეს სხეულში ზედმეტი კორტიზოლის სინთეზის გამო (ენდოგენური კუშინგის სინდრომი). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჭარბი კორტიზოლის წარმოქმნით ან ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მაღალი კონცენტრაციით, რომელიც ნორმაში აკონტროლებს კორტიზოლის წარმოქმნას. ასეთ შემთხვევებში, კუშინგის სინდრომი შეიძლება უკავშირდებოდეს:

  • ჰიპოფიზის ჯირკვლის სიმსივნეს (ადენომა). კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰიპოფიზში ზოგჯერ წარმოქმნის ზედმეტი რაოდენობით ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლებს მეტი კორტიზოლის გამოსაყოფად. როცა სინდრომის ეს ფორმა ყალიბდება, მას კუშინგის დაავადება ეწოდება. კუშინგის დაავადება უფრო ხშირია ქალებში და ენდოგენური მიზეზებიდან ყველაზე ხშირია.
  • ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის წარმომქმნელი ექტოპიური სიმსივნე. იშვიათად, სიმსივნე წარმოიქმნება ისეთ ორგანოში, რომელიც ჰორმონს ნორმაში არ გამოყოფს. სიმსივნე იმავე მექანიზმით იწვევს კუშინგის სინდრომს. ასეთი სიმსივნეები შესაძლოა იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი და ხშირად მდებარეობს ფილტვებში, პანკრეასში, ფარისებრში ან თიმუსში.
  • თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი პათოლოგია. ზოგიერთ ადამიანში, კუშინგის სინდრომი და ზედმეტი კორტიზოლი არაა დამოკიდებული ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მიერ სტიმულაციაზე. ასეთი შემთხვევები უკავშირდება თავად თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერფუნქციას. მაგალითებია ჯირკვლის ქერქის სიმსივნე– ადენომა. ავთვისებიანი სიმსივნეები იშვიათია, მაგრამ ზოგჯერ იწვევს კუშინგის სინდრომს. იშვიათად, კეთილთვისებიანი, ნოდულარული ზრდა თირკმელზედა ჯირკვლებში იწვევს კუშინგის სინდრომს.
  • ოჯახური კუშინგის სინდრომი. იშვიათად, ადამიანები იმემკვიდრებენ ენდოკრინულ ჯირკვლებში სიმსივნის განვითარების რისკს, რაც ცვლის კორტიზოლის რაოდენობასა და კუშინგის სინდრომის განვითარების ალბათობას.

სიმპტომები

კუშინგის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები მრავალფეროვანია.

ხშირი ნიშნები და სიმპტომები მოიცავს ჭარბწონიანობასა და კანის ცვლილებებს, როგორიცაა:

  • წონის მომატება, ცხიმოვანი დეპოზიტები, განსაკუთრებით ზურგზე, მხრებს შუა და სახის მომრგვალება (მთვარისებრი სახე).
  • ვარდისფერი ან იასამნისფერი სტრიები მუცელზე, თეძოებზე, მკერდზე ან მკლავებზე
  • თხელი, ადვილად დაზიანებადი კანი, რომელიც მარტივად ლურჯდება
  • ნაკაწრების და ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცება

აკნე

ქალებში, კუშინგის სინდრომის სხვა სიმპტომებია:

  • სქელი, გამოხატული თმა ტანსა და სახეზე (ჰირსუტიზმი)
  • არარეგულარული მენსტრუაცია, ციკლის გამოტოვება


 
კაცებში, კუშინგის სინდრომის სხვა სიმპტომებია:

  • დაქვეითებული ლიბიდო
  • დაქვეითებული შვილოსნობის უნარი
  • ერექციული დისფუნქცია



სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • კუნთების სისუსტე
  • დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანებადობა
  • ემოციური კონტროლის დაკარგვა
  • კოგნიტიური სირთულეები
  • არტერიული წნევა ან წნევის მეტად მომატება
  • გლუკოზის აუტანლობა, რომელიც გადადის დიაბეტში
  • თავის ტკივილი
  • ძვლების განლევა, რაც იწვევს მოტეხილობებს



როდის მივმართოთ ექიმს

თუ იღებთ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას რომელიმე დაავადების სამკურნალოდ (ასთმა, ართრიტი, ანთებითი ნაწლავი) და გაქვთ კუშინგის სინდრომის სიმპტომები, ესაუბრეთ ექიმს. თუ არ იყენებთ ამ მედიკამენტებს და აღგენიშნათ მსგავსი სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.