კვებითი აშლილობები
დაავადების აღწერა
კვებითი აშლილობები სერიოზული მდგომარეობებია, რომელიც უკავშირდება კვების მუდმივ ქცევებს, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრტელობაზე, ემოცებსა და ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან საქმიანობებზე. ყველაზე ხშირი კვებითი აშლილობებია: ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია და უკონტროლო კვების ეპიზოდები.
კვებითი აშლილობები, როგორც წესი, შედეგია საკუთარ წონაზე, სხეულის ფიგურაზე და საკვებზე ზედმეტი ყურადღების გამახვილებისა, რის შედეგადაც ვითარდება კვებითი საშიში ქცევები. ასეთი ქცევები ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის შესაძლებლობაზე, მიიღოს საკმარისი რაოდენობით საკვები. კვებით აშლილობებს შეუძლიათ დააზიანონ გული, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ძვლები, კბილები, პირის ღრუ და ა.შ.
კვებითი აშლილობები ძირითადად თინეიჯერობის ასაკში და ახალგაზრდობისას ვითარდება, თუმცა მათი აღმოჩენება ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს. მკურნალობის შედეგად შესაძლებელია ნორმალური კვებითი ქცევების დაბრუნება და ზოგჯერ, სერიოზული გართულებების განეიტრალება.
გამომწვევი მიზეზი
კვებითი აშლილობის ზუსტი მიზეზები უცნობიან. სხვა მენტალური დაავადებების მსგავსად, მიზეზი შეიძლება იყოს მრავალნაირი:
- გენეტიკა. ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა აღენიშნებოდეს გენები, რომლებიც ზრდიან კვებითი აშლილობების განვითარების რისკს. იმ ადამიანებს, რომლებსაც პირველი ხარისხის ნათესავებში(და-ძმა ან მშობლები) აღენიშნებათ მსგავსი დაავადება, შესაძლოა უფრო მიდრეკილნი იყვნენ მსგავსი დაავადების განვითარებისადმი.
- ფსიქოლოგიური და ემოციური ჯანმრთელობა. კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ ფსიქოლოგირუი ან ემოციური პრობლემები, რომლებიც განაპირობებენ დაავადების განვითარებას. ასეთ პაციენტებს აღენიშნებათ დაბალი თვითშეფასების ქონა, პერფექციონიზმი, იმპულსური ქცევა და პრობლემები ურთიერთობებში.
- სოციუმი. პოპულარულ კულტურებში სიგამხდრე ერთ-ერთი მნიშველოვანი ფასეულობაა. თანატოლებისა და მედიის ზეგავლენამ შესაძლოა გააძლიეროს სიგამხდრის სურვილი.
სიმპტომები
სიმპტომები სხვადასხვანაირია კვებითი აშლილობის შესაბამისად. ყველაზე ხშირი კვებითი აშლილობებია: ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია და უკონტროლო კვების ეპიზოდები.
ნერვული ანორექსია
ნერვული ანორექსია, რომელსაც უბრალოდ ანორექსიას უწოდებენ, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კვებითი აშლილობაა. დაავადებას ახასიათებს არანორმალურად დაბალი წონა, წონაში მომატების ძლიერი შიში, წონისა და სხეულის ფიგურის არასწორი აღქმა. ანორექსიის მქონე ადამიანები უკიდურეს ზომებს მიმართავენ საკუთარი სხეულის ფორმისა და წონის საკონტროლოდ, რის შედეგადაც ჩნდება ჯანმრთელობისა და ყოველდღიური საქმიანობის პრობლემებ.
ანორექსიის დროს, პაციენტი ჭარბად ზღუდავს კალორიებს ან მიმართავს წონაში კლების სხვა ხერხებს, როგორიცაა ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, საფაღარათო საშუალებების გამოყენება ან ღებინება საკვების მიღების შემდეგ. წონაში დაკლების მცდელობებმა შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, ზოგჯერ პროცესი სიცოცხლისთვის საშიშ შიმშილობამდეც მიდის.
ნერვული ბულიმია
ნერვული ბულიმია, რომელსაც ხშირად ბულიმიას უწოდებენ სერიოზული, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში კვებითი აშლილობაა. ბულიმიის დროს, პაციენტს აქვს უკონტროლო ჭამის და შემდეგ ღებინების ეპიზოდები. მდგომარეობა ხასიათდება კვებაზე კონტროლის დაკარგვით. ბულიმიის მქონე ადამიანები, ზოგჯერ, მთელი დღის განმავლობაში ზღუდავენ საკვების მიღებას, რაც თავის მხრივ, ხშირად იწვევს უფრო გაძლიერებულ უკონტროლო კვებასა და ღებინებას ან მიღებული საკვების ორგანიზმიდან სხვა ხერხებით გამოდევნას.
ამ ეპიზოდების დროს, პაციენტი, როგორც წესი, იღებს დიდი რაოდენობით საკვებს მოკლე დროში, შემდეგ განიცდის ამას და ცდილობს ექსტრა კალორიებისგან თვის გათავისუფლებას არაჯანსაღი გზით. დანაშაულის, სირცხვილის და წონაში მატების შიშის შეგრძნების გამო, პაციენტი, ზოგჯერ, თავს აძალებს ღებინებას, ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას ან მიმართავს სხვა ხერხებს, მაგალითად იყენებს საფაღარათო საშუალებებს.
თუ თქვენ გაქვთ ბულიმია, სავარაუდოა, რომ თქვენ ზედმეტ ყურადღებას აქცევდეთ თქვენს წონასა და სხეულის ფიგურას. თქვენ შესაძლოა თავს ძალიან კრიტიკულად განსჯიდდეთ თქვენ მიერ აღქმული საკუთარი გარეგნობის გამო. თქვენ შესაძლოა გოქნდეთ ნორმალური ან ნორმალურზე ოდნავ ჭარბი წონა.
უკონტროლო კვების ეპიზოდები
უკონტროლო კვების ეპიზოდების დროს, თვენ რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით საკვებს და კარგავთ კონტროლს კვებით ქცევაზე. თქვენ შესაძლოა მოთხოვნილების შეუსაბამოდ მიიღოთ დიდი რაოდენობით საკვები, მაშინაც კი როდესაც არ გშიათ და განაგრძოტ ჭამა იქამდე, სანამ არ იგრძნობთ სისავსით გამოწვეულ დისკომფორტს.
უკონტროლო კვების შემდგომ თქვენ შესაძლოა თავი დამნაშავედ იგრძნოთ ან შეგრცხვეთ თვენი საქციელისა. თუმცა, ანორექსიისა და ბულიმიისგან განსხვავებით, თქვენი არასწორი საქციელის ასანაზღაურებლად არ მიმართავთ ღებინების ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის ხერხებს. უხერხულობამ შესაძლოა გამოიწვიოს განმარტოებით კვება, რათა პაციენტმა დამალოს საკუთარი ქცევა.
უკონტროლო კვების ახალი ციკლი კვირაში ერთხელ ვითარდება. პაციენტი შეიძლება იყოს ნორმალური წონის, ჭარბი წონის ან აღენიშნებოდეს სიმსუქნე.
სხვა კვებითი აშლილობები
სხვა კვებითი აშლილობებია:პიკა, რუმინაცია და არიდებითი/რესტრიქციული საკვების მიღების აშლილობა.
პიკა
პიკას დროს, პაციენტი მუდმივად ჭამს არასაკვებ ნივთებს, როგორიცაა საპონი, ტანსაცმელი ან ტალკის ფხვნილი. პიკას გამწვავება თვეში მინიმუმ ერთხელ ხდება. ასეთი ნივთიერებების მიღება ადამიანის განვითარების ეტაპის შესაბამისი არ არის და არც სპეციფიური კულტურისა და სოციალური პრაქტიკის ნაწილია.
არასაკვები ნივთიერებების მუდმივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო გართულებები, როგორიცაა მოწამვლა, ნაწლავების პრობლემები და ინფექციები. პიკა, ძირითადად, თან ახლავს სხვა დაავადებებს, როგორიცაა აუტიზმის სპექტრის დაავადება ან ინტელექტუალური უუნარობა.
რუმინაცია
რუმინაციის დროს, პაციენტი მუდმივად, განმეორებით ახდენს მიღებული საკვების უკან ამოღებას, რეგურგიტაციას. ეს პროცესი არ არის გამოწვეული სამედიცინო დაავადებით ან სხვა კვებითი აშლილობით, როგორიცაა ანორექსია, ბულიმია ან უკონტროლო კვების ეპიზოდები. საკვების უკან, პირის ღრუში დაბრუნება არ არის გამოწვეული გულისრევის ან ხრჩობის შეგრძნებით. ზოგჯერ, ხდება ამოღებული საკვების ახლიდან დაღეჭა და ყლაპვა ან გადმოფურთხება.
დაავადება ზოგჯერ იწვევს მალნუტრიციას იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ხშირად აფურთხებს საკვებს ან მავნე ჩვევის გამო ცდილობს თავი შეიკავოს საკვების მიღებისგან. რუმინაცია შეიძლება ხშირი იყოს მცირეწლოვან ბავშვებში ან ინტელექტუალური უუნარობის მქონე პაციენტებში.
არიდებითი/რესტრიქციული საკვების მიღების აშლილობა
კვებითი აშლილობის ამ ფორმის დროს, პაციენტი არ იღებს ყოველდღიურ საკვებ მინიმუმს, რადგან არ აქვს ინტერესი კვების მიმართ; ადამიანი საკვებს თავიდან ირიდებს ზოგიერთი მახასიათებლის გამო, როგორიცაა: საკვების ფერი, შემადგენლობა, აგებულება, გემო ან სუნი; პაციენტს, ზოგიერთ შემთხვევაში, ეშინია კვების შედეგებისა, მაგალითად გუდვის, გადაცდომის და ა.შ. საკვების თავიდან არიდება არ ხდება წონაში მატების შიშის გამო.
დაავადება იწვევს წონაში მნიშვნელოვან კლებას ან ბავშვობაში წონაში მომატების პრობლემებს. მდგომარეობა აგრეთვე განაპირობებს საკვები ნივთიერებების დეფიციტს, რის შედეგადაც ვითარდება ჯანმრთელობის პრობლემები.
არიდებითი/რესტრიქციული საკვების მიღების აშლილობის დიაგნოზი არ დგინდება, თუ სიმპტომები სხვა კვებითი აშლილობის თანმდევია, როგორიცაა ანორექსია. დიაგნოზი არ დგინდება აგრეთვე მაშინ, როდესაც მდგომარეობა ჯანმრთელობის ან მენტალური სხვა პრობლემის ნაწილია.
როდის მივმართოთ ექიმს
კვებითი აშლილობის გამოსწორება თავად პაციენტის მიერ რთული შესაძლებელია. კვებით აშლილობას შეუძლია მოიცვას თქვენი ცხოვრება. თუ თქვენ თვლით, რომ გაწუხებთ ხსენებული პრობლემები, ან გაქვთ კვებითი აშლილობა, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება.
თხოვნა ახლობელ ადამიანს, ჩაიტაროს მკურნალობა
სამწუხაროდ, კვებითი აშლილობის მქონე პაციენტების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ არ სჭირდება მკურნალობა. თუ თქვენ განიცდით ახლობელი ადამიანის მდგომარეობას, დაელაპარაკეთ მას მიმართოს ექიმს. თუ თქვენს ახლობელს არ სურს აღიაროს მისი დამოკიდებულების შესახებ საკვების მიმართ, შეეცადეთ აალაპარაკოთ იგი მოსმენის სურვილის გამოხატულებით.
იყავით ფხიზლად, რათა შეამჩნიოთ კვების არაჯანსაღი ქცევები და მათი გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. ნიშნები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდნენ კვებით აშლილობაზე:
- საკვების არასაკმარისი მიღება ან უჭმელობის გამართლება ამა თუ იმ მიზეზით პაციენტის მხრიდან
- შემზღუდავი, ვეგეტარიანული დიეტის წამოწყება
- ჯანმრთელ კვებაზე ყურადღების გადამეტებული გამახვილება
- მხოლოდ თავის მიერ მომზადებული საკვების მიღება
- ნორმალური, სოციალური საქმიანობებისგან ჩამოშორება
- მუდმივი წუხილი და ჩივილი წონასთან დაკავშირებით
- გარეგნობის არასწორად აღქმის გამო ხშირი ჩახედვა სარკეში
- ტკბილეულის ან ცხიმიანი საკვების დიდი რაოდენობით მიღება რეგულარულად
- საკვები დანამატების, საფაღარატო საშუალებების ან მცენარეული პროდუქტების გამოყენება წონაში დასაკლებად
- ჭარბი ფიზიკური დატვირთვა
- ძალდატანებითი ღებინების შედეგად გაჩენილი კოჟრები თითის სახსრებზე
- ემალის დაკარგვასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა განმეორებით ღებინებაზე მიუთითებდნენ
- ოჯახური სუფრის დროს მაგიდის დატოვება საპირფარეშოში გასასვლელად
- ზომეირზე მეტი რაოდენობის საკვების მიღება ერთ ჭამაზე
- ზიზღის, დეპრესიის, სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობის გამოხატულება კვებით ქცევებთან დაკავშირებით
- საკვების მიღება საიდუმლოდ, განმარტოებით
თუ თქვენ თვლით, რომ თქვენს შვილს განუვითარდა კვებითი აშლილობა, მიმართეთ ექიმს თქვენი ეჭვების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში ექიმი ფსიქიატრთან ან მენტალური ჯამრთელობის სხვა სპეციალისტთან გადაგამისამართებთ სამკურნალოდ.