ლაიმის დაავადება
დაავადების აღწერა
ლაიმის დაავადება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ყველაზე გავრცელებული მწერით გადატანილი დაავადებაა. ლაიმის დაავადებას იწვევს ბაქტერია ბორელია ბურგდორფერი. ბაქტერია გადააქვს ირმის ტკიპას, რომელიც ცხოველების სისხლით იკვებება და კბენს ადამიანსაც. სწორედ ასე ვრცელდება დაავადება.
ლაიმის დაავადებით დაინფიცირების რისკი მაღალია თუ დიდ დროს ატარებთ ბუნებაში, ტყეებში, სადაც ტკიპები გავრცელებულია. მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების მიღება, ლაიმის დაავადების გავრცელების რეგიონებში.
თუ დაავადების ადრეულ ეტაპზე ჩაგიტარდათ სწორი ანტიბიოტიკური თერაპია, შესაძლებელია მალევე გამოჯანმრთელდეთ. მოგვიანებით ეტაპებზე, მკურნალობაზე პასუხი უფრო ნაკლებია, მაგრამ პაციენტების უმრავლესობა რაღაც დროის შემდეგ გამოკეთდება.
გამომწვევი მიზეზი
ლაიმის დაავადებას იწვევს ბაქტერია ბორელია ბურგდოფერი, რომელიც უმეტესად გადააქვთ ირმის ტკიპებს. ტკიპა ყავისფერი და მცირე ზომისაა, რაც ართულებს მათ დანახვას კანზე.
ლაიმის დაავადებით ინფიცირება ხდება ტკიპის ნაკბენის საშუალებით. ბაქტერია აღწევს კანში და შემდეგ სისხლის მიმოქცევაში ცირკულირებს. უმეტესად, ტკიპა კანზე 36–48 საათი მაინც უნდა იყოს, რათა ბაქტერია გადაგედოთ. თუ იპოვით ტკიპას ტანზე და ის შესიებულია, შესაძლოა დიდი დრო იყოს გასული. ტკიპის სწრაფად მოცილება ამცირებს ლაიმის დაავადებით ინფიცირების რისკებს.
სიმპტომები
ლაიმის დაავადების ნიშნები და სიმპტომები ორგანოთა რამდენიმე სისტემაზე ვრცელდება. კანი, სახსრები და ნერვული სისტემა ყველაზე ხშირად ზიანდება.
ადრეული ნიშნები და სიმპტომები
ეს სიმპტომები ვლინდება ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში:
- გამონაყარი. მცირე ზომის, წითელი ამობურცულობა, რომელიც ტკიპის ნაკბენის ადგილას ჩნდება. ეს ამობურცულობა ნორმალურია ტკიპის ნაკბენისათვის და არ ნიშნავს ლაიმის განვითარებას. თუმცა, თუ შემდეგ დღეებში შეწითლება გავრცელდა “სამიზნის” ფორმით (ფერმკრთალი ცენტრი და წითელი წრე), შესაძლოა ეს იყოს მიგრირებადი ერითემა, რაც ლაიმის დაავადების სპეციფიკური ნიშანია. ზოგჯერ, გამონაყარი რამდენიმე ადგილას ჩნდება.
- გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, დაღლილობა, სხეულის ტკივილი და თავის ტკივილი შესაძლოა თან ახლდეს გამონაყარს.
მოგვიანებითი ნიშნები და სიმპტომები
ზოგჯერ, გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება. ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს:
- ტკივილი სახსრებში. შესაძლოა განვითარდეს ძლიერი ტკივილი და შესიება სახსრებში. განსაკუთრებით ხშირია მუხლის სახსრის ჩართულობა, მაგრამ ტკივილი შესაძლოა ერთი სახსრიდან მეორეზე გადადიოდეს.
- ნევროლოგიური პრობლემები. ინფიცირებიდან კვირების, თვეების ან წლების შემდეგაც კი, შესაძლოა განვითარდეს თავის ტვინის მემბრანების ანთება– მენინგიტი, სახის ერთი ნაწილის პარალიზი (ბელის დამბლა), სისუსტე ან დაბუჟება კიდურებში, კუნთების კოორდინაციის დარღვევები.
- შედარებით იშვიათი ნიშნები და სიმპტომები
- ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ზოგიერთ პაციენტს აქვს:
- გულის პრობლემები, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა. ეს სიმპტომი იშვიათად გასტანს რამდენიმე დღეზე ან კვირაზე მეტს.
- თვალის ანთება
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
- ძლიერი დაღლილობა
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გიკბინათ ტკიპამ, და გაქვთ სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.
ტკიპების ნაკბენის მხოლოდ იშვიათი შემთხვევა იწვევს ლაიმის დაავადებას. რაც უფრო დიდხანსაა ტკიპა კანზე, მით იზრდება ინფიცირების რისკი. თუ ფიქრობთ, რომ ტკიპამ გიკბინათ და გაქვთ ნიშნები და სიმპტომები (განსაკუთრებით ისეთ რეგიონში, სადაც ლაიმის დაავადება გავრცელებულია), მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ. დაავადების მკურნალობა ეფექტურია ადრეული ჩარევის შემთხვევაში.
მიმართეთ ექიმს მაშინაც, თუ სიმპტომები გაქრა.
მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების გაქრობა არ ნიშნავს დაავადების არქონას. ექიმთან მისვლა მაინც რეკომენდირებულია. მკურნალობის გარეშე, დაავადება ვრცელდება ორგანიზმის სხვა ნაწილებში და წლების შემდეგ იწვევს ართრიტსა და ნერვული სისტემის პრობლემებს. ტკიპებს გადააქვთ სხვა ინფექციური დაავადებებიც, როგორიცაა ბაბეზიოზი და კოლორადოს ტკიპის ცხელება.