ლარინგიტი

დაავადების აღწერა

ლარინგიტი ყელის სახმო იოგების შემცველი ნაწილის (ლარინქსი) ანთებაა, გაღიზიანების, ზედმეტი დატვირთვის ან ინფექციის გამო.

ლარინქსში მდებარეობს სახმო იოგები– ლორწოვანი მემბრანის ორი ნაკეცი, რომლებიც ფარავს კუნთსა და ხრტილს. ნორმაში, სახმო იოგები იხსნება და იკეტება გლუვად, რაც ქმნის ხმიანობას მოძრაობისა და ვიბრაციის შედეგად.

ლარინგიტის დროს, სახმო იოგები ანთებითი და გაღიზიანებულია. შესიება იწვევს ხმიანობის შეცვლას. შედეგად, გაქვთ ჩახლეჩილი ხმა. ზოგჯერ, ლარინგიტის გამო ხმა ადამიანს საერთოდ აღარ აქვს.

ლარინგიტი შესაძლოა დროებითი იყოს (მწვავე) ან გახანგრძლივდეს (ქრონიკული). ლარინგიტის შემთხვევათა უმეტესობას იწვევს დროებითი ვირუსული ინფექცია ან იოგების დაჭიმვა, რაც არ იწვევს მძიმე დაავადებას. ხანგრძლივი ჩახლეჩვა ზოგჯერ უფრო სერიოზული სამედიცინო პრობლემის ნიშანია.

გამომწვევი მიზეზი

ლარინგიტი უმეტესად დროებითია და მალე გამოსწორდება. მწვავე ლარინგიტის გამომწვევი მიზეზებია:

  • გაციების მსგავსი ვირუსები
  • ხმის დაძაბვა, ზედმეტი დატვირთვის გამო
  • ბაქტერიული ინფექცია, როგორიცაა დიფტერია–იშვიათად, რადგან ბავშვების უმეტესობა აცრილია



ქრონიკული ლარინგიტი

ლარინგიტი, რომელიც გრძელდება 3 კვირაზე მეტს, ქრონიკულია. ამ ტიპის ანთება ძირითადად ხანგრძლივი გამღიზიანებლის ფონზე ვითარდება. ქრონიკული ლარინგიტი შესაძლოა გამოწვეული იყოს სახმო იოგის დაჭიმვით, დაზიანებით ან იოგებზე წანაზარდებით (პოლიპები ან ნოდულები). ასეთი დაზიანებების გამომწვევი მიზეზებია:

  • ინჰალაციური გამღიზიანებლები: ქიმიური გამონაბოლქვი, ალერგენი, თამბაქოს ბოლი
  • მჟავას რეფლუქსი– გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადება
  • ქრონიკული სინუსიტი
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • ხმის ზედმეტი დატვირთვა– მომღერლებში
  • თამბაქოს გამოყენება



ქრონიკული ლარინგიტის უფრო იშვიათი გამომწვევი მიზეზებია:

  • ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია
  • პარაზიტული ინფექცია



ქრონიკული ხმის ჩახლეჩვის სხვა მიზეზებია:

  • სიმსივნე
  • სახმო იოგის პარალიზი–დაზიანების, ინსულტის, ფილტვის სიმსივნის და სხვ. გამო
  • ასაკთან ერთად სახმო იოგების ცვლილება

სიმპტომები

უმეტეს შემთხვევაში, ლარინგიტის სიმპტომები რამდენიმე კვირაზე ნაკლებს გრძელდება და გამოწვეულია ვირუსით. უფრო იშვიათად, ლარინგიტის სიმპტომებს უფრო მძიმე მიზეზი აქვს და ხანგრძლივდება. ეს ნიშნები და სიმპტომებია:

  • ხმის ჩახლეჩვა
  • სუსტი ხმა, ხმის დაკარგვა
  • ქავილის შეგრძნება ყელში
  • ყელის ტკივილი
  • ყელის გამოშრობა
  • მშრალი ხველა



როდის მივმართოთ ექიმს

ლარინგიტის მწვავე შემთხვევების მკურნალობა სახლის პირობებშიც საკმარისია და საჭიროა მოსვენება, სითხეების მიღება. ხმაზე ძალდატანება და ლაპარაკი მწვავე ლარინგიტის დროს აუარესებს მდგომარეობას და შესაძლოა სახმო იოგების დაზიანება გამოიწვიოს.

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ ლარინგიტის სიმპტომები 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა.

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ:

  • გიჭირთ სუნთქვა
  • გაქვთ სისხლიანი ნახველი
  • გაქვთ ცხელება, რომელიც არ ემორჩილება მკურნალობას
  • გაქვთ ძლიერი ტკივილი
  • გიჭირთ ყლაპვა



მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ თქვენს ბავშვს აქვს:

  • ხმამაღალი სუნთქვითი ხმიანობას ჩასუნთქვისას (სტრიდორი)
  • მოჭარბებული ნერწყვდენა
  • გაძნელებული ყლაპვა
  • გაძნელებული სუნთქვა
  • მაღალი სიცხე (39,4 და მეტი)



ეს ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა კრუპის გამო იყოს გამოვლენილი. კრუპი ყელის ანთებაა. კრუპის მკურნალობა შესაძლოა სახლის პირობებშიც, მაგრამ მძიმე სიმპტომები საჭიროებს ყურადღებას. სიმპტომები შესაძლოა ეპიგლოტიტის გამოც იყოს, რაც ნიშნავს ტრაქეას ზემოთ მდებარე ქსოვილის ანთებას. ეს მდგომარეობა ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშია ბავშვებშიც და დიდებშიც.