ლეიკემია

დაავადების აღწერა

ლეიკემია სისხლის წარმომქმნელი ორგანოების კიბოა, როგორიცაა ძვლის ტვინი და ლიმფური სისტემა.

არსებობს ლეიკემიის მრავალი ტიპი. ზოგიერთი ფორმა გავრცელებულია ბავშვებში, სხვა ფორმები კი უფრო ხშირად მოზრდილებში გვხვდება.

ლეიკემია ძირითადად სისხლის თეთრი უჯრედებიდან ყალიბდება. სისხლის თეთრი უჯრედები ებრძვიან ინფექციას. ნორმაში, ისინი თანდათანობით იზრდებიან და იყოფიან, ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისად. ადამიანებში, რომელთაც ლეიკემია აქვთ, ძვლის ტვინი წარმოქმნის სისხლის პათოლოგიურ უჯრედებს, რომლებიც ფუნქციას ვეღარ ასრულებენ.

ლეიკემიის მკურნალობა კომპლექსურია, ლეიკემიის ტიპისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. არსებობს გარკვეული სტრატეგიები მკურნალობაში, რაც ხშირად ეხმარება პაციენტს.

გამომწვევი მიზეზი

მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რა იწვევს ლეიკემიას. სავარაუდოდ, ჩართულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაცია.

როგორ ვითარდება ლეიკემია

ზოგადად, ლეიკემია ყალიბდება, როცა სისხლის უჯრედებში ჩნდება დნმ–ის მოლეკულის მუტაციები. დნმ ნორმაში უჯრედს აძლევს ბრძანებებს ზრდა–განვითარების შესახებ. ამ მოლეკულის ცვლილება იწვევს უჯრედულ ცვლილებებს, რომლებიც ჯერ კარგად არ არის შესწავლილი.

გარკვეული პათოლოგიები იწვევს უჯრედის უკონტროლო ზრდასა და სწრაფ გამრავლებას, როცა ნორმაში უჯრედი უნდა კვდებოდეს. დროთა განმავლობაში, პათოლოგიური უჯრედები გროვდება და ავიწროებს ძვლის ტვინის ჯანმრთელ უჯრედებს, რის შედეგადაც ყალიბდება ლეიკემიის ნიშნები და სიმპტომები.

როგორ კლასიფიცირდება ლეიკემია

ექიმები ყოფენ ლეიკემიას პროგრესიის სიჩქარისა და ჩართული უჯრედის ტიპის მიხედვით.

კლასიფიკაციის პირველი მეთოდი განვითარების სიჩქარეს ეყრდნობა:

  • მწვავე ლეიკემია. მწვავე ლეიკემიის დროს, პათოლოგიური უჯრედები უმწიფარი სისხლის უჯრედებია– ბლასტები. ისინი ვერ ასრულებენ ნორმალურ ფუნქციას, მალე იყოფიან და დაავადება სწრაფად უარესდება. მწვავე ლეიკემია საჭიროებს აგრესიულ, დროულ მკურნალობას.
  • ქრონიკული ლეიკემია. არსებობს ქრონიკული ლეიკემიის მრავალი ტიპი. ზოგიერთ შემთხვევაში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით უჯრედი, ზოგიერთ ტიპში კი–მცირე რაოდენობით. ქრონიკული ლეიკემია უფრო მომწიფებულ სისხლის უჯრედებს მოიცავს. ეს უჯრედები უფრო ნელა იყოფიან და გროვდებიან და შეუძლიათ გარკვეული ფუნქციების შესრულება რაღაც დროის განმავლობაში. ამიტომ, ქრონიკული ლეიკემია თავიდან არ ვლინდება სიმპტომებით და შესაძლოა წლობით ვერ მოხდეს დიაგნოსტირება.



კლასიფიკაციის მეორე მეთოდი ეხება ჩართული უჯრედების ტიპს:

  • ლიმფოციტური ლეიკემია. ლეიკემიის ამ ტიპში ჩართულია ლიმფოიდური უჯრედები–ლიმფოციტები, რომლებიც ქმნიან ლიმფურ ქსოვილს. ლიმფური ქსოვილი კი იმუნური სისტემის შემადგენელი სტრუქტურაა.
  • მიელოგენური ლეიკემია. ლეიკემიის ეს ტიპი ეხება მიელოიდურ უჯრედებს. მიელოიდური უჯრედები აყალიბებენ სისხლის წითელ უჯრედებს, თეთრ უჯრედებსა და თრომბოციტებს.



ლეიკემიის ფორმები

ლეიკემიის მთავარი ფორმებია:

  • მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია. ეს ფორმა ხშირია ბავშვებში, თუმცა ზოგჯერ გვხვდება მოზრდილებშიც.
  • მწვავე მიელოგენური ლეიკემია. ეს ფორმა საკმაოდ გავრცელებულია. გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. მოზრდილებში სწორედ მწვავე მიელოგენური ლეიკემიაა მწვავე ლეიკემიებიდან ყველაზე ხშირი.
  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია. ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია ყველაზე ხშირი ქრონიკული ლეიკემიაა მოზრდილებში. შესაძლოა სიმპტომები წლობით არ გამოვლინდეს.
  • ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია. ამ ტიპის ლეიკემიით ძირითადად მოზრდილები ავადდებიან. დაავადებულს მცირე სიმპტომები აქვს თვეების ან წლების განმავლობაში, სანამ არ დაიწყება ლეიკემიის გაუარესების ფაზა.
  • სხვა ტიპები. სხვა, უფრო იშვიათი ტიპებია: ბუსუსოვან–უჯრედული ლეიკემია, მიელოდისპლაზიური სინდრომები და მიელოპროლიფერაციული სინდრომები.

სიმპტომები

ლეიკემიის სიმპტომები მრავალფეროვანია და განსხვავდება ლეიკემიის ფორმებში. ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • სიცხე, შეციება
  • ხშირი დაღლილობა, სისუსტე
  • ხშირი, მძიმე ინფექციები
  • წონის დაკლება უმიზეზოდ
  • ლიმფური კვანძების შესიება, ღვიძლის ან ელენთის გადიდება
  • მარტივი სისხლდენა და ჩალურჯება
  • ხშირი სისხლდენა ცხვირიდან
  • მცირე ზომის წითელი წერტილები კანზე (პეტექია)
  • ჭარბი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით
  • ძვლის ტკივილი



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ გაქვთ სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც გაწუხებთ და გავს ლეიკემიის სიმპტომებს.

ლეიკემიის სიმპტომები ზოგადი და არასპეციფიკურია. ადრეული სიმპტომები ზოგჯერ გამორჩებათ პაციენტებს, რადგან წააგავს გრიპის ან რაიმე მარტივი ავადმყოფობის ნიშნებს.

იშვიათად, ლეიკემია სხვა მდგომარეობის გამო ჩატარებულ სისხლის საერთო ანალიზში ვლინდება.