ლიმფედემა

დაავადების აღწერა

ლიმფედემა მდგომარეობაა, რომლის დროსაც აღინიშნება კიდურის შეშუპება. ზოგჯერ, შეშუპება ორმხრივია.

ლიმფედემა ყველაზე ხშირად კიბოს გამო ქირურგიული ჩარევის დროს ვითარდება, რადგან ზიანდება ან ამოიკვეთება ლიმფური კვანძები. შედეგად, ვითარდება ლიმფის დაგროვება ლიმფურ სისტემაში, რომელიც იმუნური სისტემის ნაწილიცაა. ლიმფის დრენიდირების შეჩერება იწვევს შეშუპებას.

ლიმფედემას განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მდგომარეობა მსუბუქდება ადრეული დიაგნოზის და კიდურის მოვლის შემთხვევაში.

გამომწვევი მიზეზი

ლიმფური სისტემა აუცილებელია ორგანიზმის სიჯანსაღისათვის. სისტემაში ცირკულირებს ცილებით მდიდარი სითხე, რომელიც მთელი ორგანიზმიდან აგროვებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და ცხოველქმედების პროდუქტებს. ლიმფური სისტემით ეს სითხე (ლიმფა) გადადის ლიმფურ კვანძებში. სითხე იფილტრება ლიმფოციტებში (ინფექციის საწინააღმდეგო უჯრედები) და გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ლიმფედემა ვითარდება, როცა ლიმფური ძარღვები ვერ ატარებენ სითხეს, ძირითადად კიდურიდან. ლიმფედემა შესაძლოა იყოს პირველადი ან მეორეული. ეს ნიშნავს, რომ პირველადი ლიმფედემა დამოუკიდებლად, ცალკეულად ვითარდება, ხოლო მეორეულ ტიპს იწვევს სხვა დაავადება ან მდგომარეობა. მეორეული ლიმფედემა ბევრად უფრო ხშირია.

მეორეული ლიმფედემის მიზეზები

ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ლიმფურ კვანძებს ან ძარღვებს შესაძლოა გახდეს ლიმფედემის მიზეზი. მაგალითებია:

  • ქირურგიული ჩარევა. ლიმფური კვანძების და ძარღვების ამოკვეთის ან დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ლიმფედემა, მაგალითად ძუძუს კიბოს ოპერაციის დროს. ლიმფური კვანძები შესაძლოა კიდურების სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციის დროსაც დაზიანდეს.
  • სხივური თერაპია კიბოს წინაარმდეგ. სხივური თერაპია იწვევს ლიმფური კვანძებისა და ძარღვების დანაწიბურებასა და ანთებას.
  • კიბო. თუ კიბოს უჯრედები ბლოკავენ ლიმფურ ძარღვებს, ყალიბდება ლიმფედემა. მაგალითად, თუ სიმსივნე იზრდება ლიმფურ კვანძთან ახლოს და ზომით საკმაოდ დიდია, დაიბლოკება ლიმფის დინება ახლომდებარე კვანძებსა და ძარღვებში.
  • ინფექცია. ლიმფური კვანძების პარაზიტული ინფექცია იწვევს ლიმფის დინების შეჩერებას. ინფექციით გამოწვეული ლიმფედემა ხშირი ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებსა და განვითარებად ქვეყნებში.



პირველადი ლიმფედემის მიზეზები

პირველადი ლიმფედემა იშვიათი, მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ლიმფური ძარღვების განვითარებას უკავშირდება. სპეციფიკური დაავადებებია:

  • მილროის დაავადება (თანდაყოლილი ლიმფედემა). ეს დაავადება იწყება ჩვილობის ასაკში და იწვევს ლიმფური კვანძების არასწორ განვითარებას.
  • მეიჯის დაავადება. ეს დაავადება იწვევს ლიმფედემას გარდატეხის ასაკში ან ორსულობისას, თუმცა შესაძლებელია მოგვიანებით, 35 წლამდეც გამოვლინდეს.
  • მოგვიანებითი ლიმფედემა (ლიმფედემა ტარდა) იშვიათია და 35 წელს ზემოთ იწყება.

სიმპტომები

ლიმფედემის ნიშნები და სიმპტომები გვხვდება დაზიანებულ კიდურში. ესენია:

  • შეშუპება კიდურის ნაწილში ან მთლიანად კიდურში, მათ შორის თითებშიც
  • სიმძიმის, დაჭიმულობის შეგრძნება
  • მოძრაობის შეზღუდვა
  • ტკივილი ან დისკომფორტი
  • განმეორებადი ინფექციები
  • კანის გასქელება და გამაგრება–ფიბროზი



შეშუპება ლიმფედემის დროს შესაძლოა იყოს მსუბუქი, ძნელად შესამჩნევი ან ექსტრემალური, რაც კიდურის გამოყენებას ართულებს. ლიმფედემა კიბოს მკურნალობის დროს ხშირია და ზოგჯერ ქირურგიული ჩარევიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ვითარდება.

როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ შეამჩნევთ შეშუპებას კიდურში.