მაანკილოზებელი სპონდილიტი

დაავადების აღწერა

მაანკილოზებელი სპონდილიტი ანთებითი დაავადებაა, რომელიც იწვევს ხერხემლის მალების შეერთებას. ამ პათოლოგიური შეერთების გამო ხერხემალი ნაკლებმოძრავია და იწვევს გადახრას. თუ დაავადება ვრცელდება ნეკნებზეც, შეიძლება გართულდეს ღრმად ჩასუნთქვაც.

მაანკილოზებელი სპონდილიტი კაცებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ქალებში. ნიშნები და სიმპტომები ძირითადად ადრეულ მოზრდილ ასაკში ვლინდება. ანთება შესაძლოა ორგანიზმის სხვა ნაწილებშიც გვხვდებოდეს, ყველაზე ხშირად–თვალებში.

მაანკილოზებელი სპონდილიტი არ იკურნება, მაგრამ მკურნალობით შესაძლებელია ტკივილის შემსუბუქება და სიმპტომების გაუმჯობესება.

გამომწვევი მიზეზი

მაანკილოზებელ სპონდილიტს ცნობილი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ აქვს, თუმცა ასოცირებულია გენეტიკურ ფაქტორებთან. კერძოდ, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ HLA-B27 ალელი ახასიათებთ მაანკილოზებელი სპონდილიტის განვითარების მაღალი რისკი.

სიმპტომები

ადრეული ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს გაშეშება, ტკივილი წელის ან თეძოს არეში, განსაკუთრებით დილაობით და მოსვენებითი მდგომარეობის შემდეგ. დროთა განმავლობაში სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს, გაუმჯობესდეს ან არარეგულარული ინტერვალებით საერთოდ გაქრეს ხოლმე.

ყველაზე ხშირად ჩართული რეგიონებია:

  • სახსრები მენჯსა და ხერხემლის ქვედა ნაწილს შორის
  • წელის მალები
  • იოგებისა და მყესების მიმაგრების წერტილები ძვლებზე, განსაკუთრებით ხერხემალში, ასევე ქუსლზეც
  • ხრტილი მკერდის ძვალსა და ნეკნებს შორის
  • თეძოსა და მხრის სახსრები



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ტკივილი წელის ან თეძოს არეში, რომელიც ნელა იწყება, უარესდება დილით ან გაღვიძებთ ღამის მეორე ნახევარში, ქრება ვარჯიშის შემდეგ. მიმართეთ ოფთალმოლოგს (თვალის სპეციალისტს) თუ გაქვთ მტკივნეული “წითელი თვალი”, მწვავე მგრძნობელობა სინათლეზე ან ბუნდოვანი მხედველობა.