მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიცია

დაავადების აღწერა

მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიცია არის გულის თანდაყოლილი დეფექტი, რომლის დროსაც გულიდან გამოსულ ორ ძირითად არტერიას ადგილები აქვთ გაცვლილი (ტრანსპოზიცია). მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიცია ცვლივს სისხლის დინებას ორგანიზმში და იწვევს ჟანგბადის ნაკლებობას გულიდან სხეულის დანარჩენ ნაწილებში გადასროლილ სისხლში. ჟანგბადის გარეშე ორგანიზმი სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს, რის გამოც ბავშვი სერიოზული გართულებებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არის.

მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის აღმოჩენა დაბადებიდან რამდენიმე საათში ან რამდენიმე კვირაში ხდება.

მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის სამკურნალოდ დაბადებიდან მალევე ატარებენ ოპერაციას. დროული მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი იმედის მომცემია.

გამომწვევი მიზეზი

მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიცია ვითარდება მუცლადყოფნისას გულის განვითარების დროს. დეფექტის მიზეზი უცნობია.

ნორმაში, ფილტვის არტერია, რომელსაც გადააქვს სისხლი გულიდან ფილტვში, მიმაგრებულია გულის მარჯვენა ქვედა საკანს (მარჯვენა პარკუჭი). ფილტვებიდან, ჟანგბადით მდიდარი სისხლი ჩადის გულის ზედა მარცხენა საკანში (მარცხენა წინაგული). მიტრალური სარქვლის გავლით სისხლი გადადის ქვედა მარცხენა საკანში (მარცხენა პარკუჭი). ნორმაში აორტა გამოდის მარცხენა პარკუჭიდან. მას ჟანგბადიდ მდიდარი სისხლი გულიდან სხეულის სხვა ნაწილებში მიაქვს.

მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის დროს შეცვლილია აორტისა და ფილტვის არტერიების მდებარეობა. ფილტვის არტერია დაკავშირებულია მარცხენა პარკუჭთან, აორტა კი – მარჯვენა პარკუჭთან. ჟანგბადით ღარიბი სისხლი მარჯვენა პარკუჭიდან ფილტვების გვერდის ავლით მიემართება სხეულის დანარჩენ ნაწილში, ჟანგბადით მდიდარი სისხლი კი მარცხენა პარკუჭიდან პირდაპირ ფილტვებში მიდის.

ჟანგბადით ღარიბი სისხლის ცირკულაცია იწვევს კანის ლურჯ შეფერილობას (ციანოზი). ამის გამო, მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციას აგრეთვე ეწოდება გულის თანდაყოლილი ციანოზური დეფექტი.

ზოგიერთი ფაქტორი, მაგალითად წითურა, სხვა ვირისული ინფექცია, დედის 40 წელზე მეტი ასაკი და დედის დიაბეტი ზრდის დეფექტის რისკს, თუმცა შემთხვევათა უმეტესობაში მიზეზი უცნობია.

სიმპტომები

მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის სიმპტომებია:

  • კანის ლურჯი შეფერილობა (ციანოზი)
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მადის დაქვეითება
  • წონაში სუსტი მომატება



როდის მივმართოთ ექიმს

მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის აღმოჩენა ხშირად სიცოცხლის პირველ რამდენიმე საათში ხდება. თუ ნიშნები და სიმპტომები საავადმყოფოში არ გამოჩნდება, დარეკეთ სასწრაფოში თუ ბავშვს განუვითარდება ციანოზი, განსაკუთრებით ტუჩებისა და სახის მიდამოში.