მასა სათესლე პარკში
დაავადების აღწერა
სათესლე პარკი კანით დაფარული ღრუა, რომელიც სათესლე ჯირკვლებს მოიცავს და პენისის უკან მდებარეობს. მასა, წარმონაქმნი სათესლე პარკში მისი შიგთავსის ცვლილების შედეგია. სათესლე პარკში მდებარე ორგანოები წარმოქმნიან, ინახავენ და გადააქვთ სპერმა,ასევე წარმოიქმნება მამაკაცის სასქესო ჰორმონები.
მასები სათესლე პარკში შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის დაგროვებით, პათოლოგიური ქსოვილის დაგროვებით ან ნორმალური ორგანოების შესიებით, ანთებით ან გამაგრებით.
მასები სათესლე პარკში უნდა შეფასდეს ექიმის მიერ, განურჩევლად სიმპტომებისა. მასები შესაძლოა იყოს სიმსივნური ან სხვა მდგომარეობის თანმხლები, რომელიც ხელს უშლის ნორმალურ სათესლე ფუნქციასა და ჯანმრთელობას.
თვით–გასინჯვა ან რეგულარული ვიზიტი ექიმთან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოზისა და მკურნალობისათვის.
გამომწვევი მიზეზი
რამდენიმე მდგომარეობა იწვევს სათესლე ჯირკვალში მასის ან პათოლოგიის გაჩენას. მაგალითებია:
- სათესლე ჯირკვლის სიმსივნე. სათესლე ჯირკვლის სიმსივნე შეიცავს პათოლოგიურ ქსოვილს, რომელიც ძირითადად გამობურცულობის სახით ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა სიმპტომები იშვიათია, ზოგიერთი მამაკაცი განიცდის ტკივილს ან შესიებას.
- სპერმატოცელე. სპერმატოცელე, იგივე სპერატული კისტა ან ეპიდიდიმური კისტა, ტიპიურად უმტკივნეულო, არასიმსივნური, სითხით სავსე მასაა სათესლე პარკში, ძირითადად სათესლე ჯირკვლის ზემოთ.
- ეპიდიდიმიტი. ეპიდიდიმისი მძიმის ფორმის სტრუქტურაა, რომელიც სათესლე ჯირვკლის ზემოთ და უკან მდებარეობს. მისი ფუნქციაა სპერმის შენახვა და ტრანსპორტირება. თუ განვითარდა ანთება, ეს ძირითადად ბაქტერიული ინფექციით, სქესობრივად გადამდები ინფექციებითაა გამოწვეული, როგორიცაა ქლამიდია. უფრო იშვიათად, ანთებას იწვევს ვირუსული ინფექცია ან შარდის პათოლოგიური გადასვლა.
- ორქიტი. ორქიტი სათესლე ჯირკვლის ანთებაა და ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, ყველაზე ხშირად– ყბაყურით. როცა ორქიტი ბაქტერიულია, შესაძლებელია ეპიდიდიმისის დაინფიცირებაც.
- ჰიდროცელე. ჰიდროცელე, იგივე წყალმანკი გამოწვეულია ჭარბი სითხის დაგროვებით სათესლე ჯირკვლის გარშემო მდებარე შრეებში. მცირე ოდენობით სითხე ან სივრცეებში ნორმალურია, მაგრამ ზედმეტი სითხის დაგროვება ვლინდება უმტკივნეულო მასის სახით.
ახალშობილებში, ჰიდროცელეს მიზეზი მუცლის ღრუსა და სათესლე პარკს შორის ჯერ კიდევ ღია კომუნიკაციაა, რომელიც განვითარებასთან ერთად უნდა დაიხუროს. მოზრდილებში, ჰიდროცელე სითხის წარმოქმნისა და აბსორბციის დისბალანსის შედეგია, რომელსაც ხშირად წინ უძღვის სათესლე პარკის დაზიანება ან ანთება.
- ჰემატოცელე. ჰემატოცელე ვითარდება, როცა სისხლი გროვდება სათესლე ჯირკვლის გარშემო სივრცეებში. ტრავმული დაზიანება, რომელიც პირდაპირ აზიანებს სათესლე ჯირკვალს, ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია.
- ვარიკოცელე. ვარიკოცელე წარმოადგენს ვენების გადიდებას, რომლებსაც გამოაქვთ ჟანგბადით ღარიბი სისხლი სათესლე ჯირკვლიდან და ეპიდიდიმისიდან. ვარიკოცელე უფრო ხშირია მარცხენა მხარეს, სისხლის ცირკულაციის თავისებურებების გამო. ვარიკოცელე შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზიც.
- საზარდულის თიაქარი. საზარდულის თიაქარი ვითარდება, როცა წვრილი ნაწლავის სეგმენტი გამოდის ქსოვილის შესუსტების ადგილას მუცლისა და საზარდულის ღრუებს შორის. ახალშობილებში, საზარდულის თიაქარი მუცლისა და საზარდულის კავშირის გამო ვითარდება, რომელიც განვითარებასთან ერთად უნდა დაიხუროს. საზარდულის თიაქარი ვლინდება, როგორც მასა სათესლე პარკში ან უფრო ზემოთ, საზარდულის არეში.
- სათესლე ბაგირაკის შემოგრეხა. სათესლე პაგირაკი შეიცავს სისხლძარღვებს, ნერვებსა და სპერმის გამომტან მილს. შემოგრეხა ძალიან მტკივნეული მდგომარეობაა და შეიძლება სათესლე ჯირკვლის დაკარგვაც გამოიწვიოს, თუ მკურნალობა სწრაფად არ დაიწყო. დაზიანებული სათესლე შეიძლება ნორმალური მდებარეობისგან განსხვავებულად იყოს მოთავსებული.
სიმპტომები
ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს:
- უჩვეულო წარმონაქმნი, ამობურცულობა
- უეცარი ტკივილი
- ყრუ ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება
- ტკივილი, რომელიც ვრცელდება საზარდულზე, მუცელზე ან წელზე
- მტკივნეული, შესიებული ან გამაგრებული სათესლე ჯირკვალი
- მტკივნეული, შესიებული ან გამაგრებული ეპიდიდიმისი– ტბილი, მძიმის ფორმის მილი, რომელიც სათესლე ჯირკვლის ზემოთ და უკან მდებარეობს და ინახავს სპერმას
- შესიება სათესლე პარკში
- შეწითლება კანზე
- გულისრევის შეგრძნება ან ღებინება
თუ სათესლე ჯირკვლის მასა ინფექციის შედეგია, ნიშნებია:
- სიცხე
- ხშირი შარდვა
- ჩირქი ან სისხლი შარდში
როდის მივმართოთ ექიმს
მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ სათესლე პარკში ტკივილი უეცრად დაგეწყოთ. ზოგიერთ მდგომარეობას ადრეული მკურნალობა სჭირდება, რათა გრძელვადიანი გართულებები აიცილოთ თავიდან.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღმოაჩენთ ამობურცულობას სათესლე პარკში, თუნდაც უმტკივნეულოს ან უსიმპტომოდ.
ზოგიერთი ტიპის მასა სათესლე პარკში ხშირად გვხვდება ბავშვებში. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აქვს სიმპტომები ან სათესლე პარკში სათესლე ჯირკვალი არ ისინჯება. ეს შეიძლება სათესლე ჯირკვლის მუცლის ღრუდან ჩამოსვლის პრობლემაზე მიანიშნებდეს ან მოძრავი სათესლე ჯირკვალი იყოს.ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.