მასტენოზებელი ტენოსინოვიტი
დაავადების აღწერა
მასტენოზებელი ტენოსინოვიტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც რომელიმე თითი რჩება მოხრილ მდგომარეობაში. თითი შეიძლება ტკაცუნის ხმით სწორდებოდეს.
მასტენოზებელი ტენოსინოვიტი ვითარდება, როდესაც დაზიანებული თითის გარშემო მყესში ვითარდება ანთება. მასტენოზებელი ტენოსინოვიტი მწვავე შემთხვევების დროს თითი შეიძლება დარჩეს მოხრილ მდგომარეობაში.
ადამიანები, რომელთა სამსახური და ჰობი მოითხოვს თითის განმეორებით მოხრით მოძრაობებს, მასტენოზებელი ტენოსინოვიტის უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან. იგი უფრო ხშირია ქალებში და დიაბეტიან ადამიანებში. მასტენოზებელი ტენოსინოვიტის მკურნალობა დამოკიდებულია მის სიმძიმეზე.
გამომწვევი მიზეზი
მყესები ერთმანეთთან აკავშირებენ ძვლევს და კუნთებს. თითოეულ მყესს დამცავი ბუდე აქვს. მასტენოზებელი ტენოსინოვიტი ვითარდება მყესის ბუდის ანთების და გაღიზიანების დროს. ეს ხელს უშლის მყესის ნორმალურ სრიალს ბუდეში.
მყესის ბუდის გახანგრძლივებული გაღიზიანება იწვევს მის დაზიანებას, გასქელებას და კვანძების წარმოქმნას, რომლებიც დამატებით უშლიან ხელს მყესის მოძრაობას.
სიმპტომები
მასტენოზებელი ტენოსინოვიტის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქი და მწვავე. ესენია:
- თითის სიხისტე, განსაკუთრებით დილაობით
- ტკაცუნის შეგრძნება თითის მოძრაობის დროს
- მგრძნობელობის მომატება ან კვანძი დაზიანებული თითის ფუძეში
- თითის მოხრილ მდგომარეობაში გაჭედვა, შემდეგ კი ტკაცუნით გაშლა
- თითის მოხრილ მდგომარეობაში გაჭედვა და მისი გაშლის შეუძლებლობა
მასტენოზებელი ტენოსინოვიტი უფრო ხშირად ვითარდება ცერა, საჩვენებელ და შუა თითქბზე. ერთდროულად შეიძლება დაზიანდეს ერთზე მეტი თითი ერთ ან ორივე ხელზე. თითების მოხრა უფრო შესამჩნევია დილაობით, საგნის ჭერისას ან თითის გაშლისას.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ რაიმე პრობლემა თითის სახსარში. სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ თითის სახსარი შეხურებულია და ვლინდება ანთების ნიშნები. ეს შეიძლება ინფექციაზე მიუთითებდეს.