მედიალური ეპიკონდილიტი
დაავადების აღწერა
მედიალური ეპიკონდილიტი (გოლფერის იდაყვი) არის პათოლოგია, რომელიც იწვევს ტკივილს იდაყვის შიგნითა ნაწილში იქ, სადაც წინამხრის კუნთების მყესები უმაგრდება იდაყვის შიგნითა ნაწილის ამობურცულობას. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს წინამხარში და მაჯაში.
მედიალური ეპიკონდილიტი ჰგავს ჩოგბურთელის იდაყვს, თუმცა იგი ვითარდება იდაყვის შიგნითა ნაწილში და არა გარეთაში. მედიალური ეპიკონდილიტი არ ემართება მხოლოდ გოლფის მოთამაშეებს. მედიალური ეპიკონდილიტი აგრეთვე შეიძლება განუვითარდეთ ჩოგბურთელებს და სხვა ადამიანებს, ვინც ხშირად იყენებენ მაჯას ან ხშირად უჭერენ რაიმეს თითებით.
არ არის აუცილებელი, რომ მედიალური ეპიკონდილიტის ტკივილმა დიდი ხანი მოგაშოროთ საყვარელ საქმიანობას. დასვენებითა და სწორი მკურნალობით მალევე შეძლებთ თამაშის განახლებას.
გამომწვევი მიზეზი
მედიალური ეპიკონდილიტი, აგრეთვე ცნობილი როგორც გოლფერის იდაყვი, გამოწვეულია იმ კუნთებისა და მყესების დაზიანებით, რომლებიც აკონტროლებენ მაჯასა და თითებს. დაზიანება ძირითადად გამოწვეულია ზედმეტი ან განმეორებითი დატვირთვით, განსალუთრებით მაჯის და თითების ფორსირებული მოძრაობებით. არასწორ აწევას, სროლას ან დარტყმას, აგრეთვე არასრულფასოვან გახურებას და არადამაკმაყოფილებელ ფიზიკურ ფორმას შეუძლია გამოიწვიოს მედიალური ეპიკონდილიტი.
ბევრ მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს მედიალური ეპიკონდილიტი. ესენია:
- გოლფი. ჯოხის არასწორ მოჭიდებას ან მოქნევას შეუძლია დააზიანოს კუნთები და მყესები.
- ჩოგნიანი სპორტები. ჭარბ დატრიალებას შეუძლია დააზიანოს იდაყვი. ზედმეტად პატარა ან მძიმე ჩოგნის გამოყენებას აგრეთვე შეუძლია ტრავმის გამოწვევა.
- სროლის სპორტები. სროლის არასწორ ტექნიკას ბეისბოლში და სოფტბოლში შეუძლია გამოიწვიოს დაზიანება. ფეხბურთს, მშვილდოსნობას და შუბის ტყორცნას აგრეთვე შეუძლია მედიალური ეპიკონდილიტის გამოწვევა.
- წონებით ვარჯიში. არასწორი ტექნიკით სიმძიმეების აწევას, მაგალითად ბიცეპსების ვარჯიშის დროს მაჯის არასწორ მოხრას, შეუძლია გამოიწვიოს კუნთებისა და მყესების გადაძაბვა.
- სხვა მოქმედებები. ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც იწვევს თქვენი იდაყვის განმეორებით მოხრას და გაშლას შეუძლია გამოიწვიოს მედიალური ეპიკონდილიტი. ასეთებია ხატვა, დაჭედება, ხის ჩეცვა, კომპიუტერის გამოყენება, საამწყობო კონვეირის გამოყენება და საჭმლის მომზადება, თუმცა 1-2 დღიანი ეზოში მუშაობა ან საჭმლის კეთება არ გამოიწვევს მედიალურ ეპიკონდილიტს. როგორც წესი, მოქმედება უნდა სრულდებოდეს დღეში ერთი საათი მაინც მრავალი დღის განმავლობაში რათა გამოიწვიოს პრობლემა.
სიმპტომები
მედიალურ ეპიკონდილიტს ახასიათებს:
- ტკივილი და მგრძნობელობის მომატება იდაყვის შიგნითა ნაწილში. ხანდახან ტკივილი მრცელდება წინამხრის შიგნითა ნაწილის გაყოლებაზე.
- გაშეშება. თქვენი იდაყვი შეიძლება გაშეშდეს და მუჭის შეკვრა მტკივნეული იყოს.
- სისუსტე. შეიძლება გქონდეთ ხელებისა და მაჯების სისუსტე.
- მგრძნობელობის დაკარგა ან ჩხვლეტის შეგრძნება. მედიალური ეპიკონდილიტიან ადამიანებს ხშირად უვითარდებათ მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც ვრცელდება ერთ ან მეტ თითში- ძირითადად საჩვენებელ და ნეკა თითებში.
მედიალური ეპიკონდილიტის დროს ტკივილი შეიძლება გაჩნდეს უეცრად ან დროთა განმავლობაში. ტკივილი შეიძლება გაუარესდეს შემდეგი მოქმედებების დროს:
- გოლფის ჯოხის ან ჩოგნის მოქნევა
- ბურთის მოჭერა ან სროლა
- ხელის ჩამორთმევა
- კარების სახელურის გადატრიალება
- სიმძიმის აწევა
- ნივთის აღება მაჯით ქვემოთ
- მაჯის მოხრა
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ დასვენება, ყინული და ტკივილგამაყუჩებლები არ გააქრობს იდაყვის ტკივილს და მგრძნობიარობას. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ:
- თქვენი იდაყვი ცხელია, ჩანს ანთების ნიშნები და გაქვთ ტემპერატურა
- ვერ ხრით იდაყვს
- იდაყვი დეფორმირებული ჩანს
- ეჭვი გაქვთ, რომ ძვალი მოტეხილია