მენიერის დაავადება

დაავადების აღწერა

მენიერის დაავადება შიდა ყურის პათოლოგიაა, რომელიც იწვევს ვერტიგოს–ძლიერი თავბრუსხვევის ეპიზოდებს. დაავადებას თან ახლავს თანდათანობითი სმენითი დაქვეითება, შუილი ყურებში–ტინიტუსი და ზოგჯერ სისავსის, წნევის შეგრძნება შიდა ყურში. ხშირ შემთხვევებში, მენიერის დაავადება ცალმხრივია.

მენიერის დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, მათ შორის ბავშვებშიც, მაგრამ ყველაზე ხშირად 40–50 წლის ადამიანებში გვხვდება.

მენიერის დაავადება ქრონიკული მდგომარეობაა, მაგრამ გარკვეული მკურნალობით შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება და დაავადების გრძელვადიანი ეფექტების გამოსწორება.

გამომწვევი მიზეზი

მენიერის დაავადების მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, დაავადებას იწვევს შიდა ყურის სითხის პათოლოგიური შემადგენლობა ან მოცულობა.

შიდა ყური შეერთებული გზებისა და ღრუების ერთობლიობაა, რომელსაც ლაბირინთი ეწოდება. შიდა ყურის გარეთა მხარე შედგება ძვლოვანი ლაბირინთისაგან, ხოლო შიდა მხარე რბილი, მემბრანული ლაბირინთისაგან, რომელიც ძვლოვანი ლაბირინთის უფრო მცირე ზომის, იმავე ფორმის მქონე სტრუქტურაა. მემბრანული ლაბირინთი შედგება სითხისაგან, რომელსაც ენდოლიმფა ეწოდება. მემბრანებზე მოთავსებულია წამწამოვანი უჯრედების მსგავსი სენსორები, რომლებიც აღიქვამენ სითხის მოძრაობას.

ამ სენსორების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, სითხეს უნდა ჰქონდეს გარკვეული მოცულობა, წნევა და ქიმიური შემადგენლობა. ფაქტორები, რომლებიც ცვლიან სითხის ამ თვისებებს, შესაძლოა იწვევდნენ მენიერის დაავადებას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი შესაძლო მდგომარეობებია:

  • სითხის არასწორი დინება, შესაძლოა ანტომიური პათოლოგიის გამო
  • იმუნური პასუხი
  • ალერგიები
  • ვირუსული ინფექცია
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • თავის ტრავმა
  • შაკიკი


რადგან ჯერჯერობით არ დასტურდება რომელიმე ერთი ფაქტორის როლი, სავარაუდოა ფაქტორთა ერთობლიობა.

სიმპტომები

მენიერის დაავადების მთავარი ნიშნები და სიმპტომებია:

  • ვერტიგოს განმეორებითი ეპიზოდები. ვერტიგო გავს იმ შეგრძნებას, რომელიც გეუფლებათ რამდენჯერმე სწრაფად დატრიალების და უცებ გაჩერების შემთხვევაში. პაციენტი გრძნობს, რომ ოთახი კვლავ ტრიალებს და კარგავს ბალანსს. ვერტიგოს ეპიზოდები ყოველგვარი წინასწარი სიმპტომებიც გარეშე იწყება და ძირითადად 20 წუთიდან 2 საათამდე გასტანს, მაგრამ ზოგჯერ 24 საათამდეც შეიძლება გაგრძელდეს. ძლიერი ვერტიგო იწვევს გულისრევის შეგრძნებასა და ღებინებას.
  • სმენის დაქვეითება. მენიერის დაავადების დროს, სმენის დაქვეითება ცვალებადია, განსაკუთრებით დაავადების დასაწყისში. დროთა განმავლობაში, დაავადებულთა უმეტესობას აღენიშნება სმენის მუდმივი დაქვეითების გარკვეული ნიშნები.
  • შუილი ყურებში–ტინიტუსი. ტინიტუსი არის სტვენის, შუილის, ჰაერის მოძრაობის ხმა, რომელსაც პაციენტი აღიქვამს.
  • სისავსის შეგრძნება ყურში. მენიერის დაავადების დროს ხშირია სისავსის, წნევის შეგრძნება ყურის შიგნით.


დაავადების ტიპიური ეპიზოდი შესაძლოა დაიწყოს სისავსის შეგრძნებით, მომატებული შუილით და სმენის დაქვეითებით, რომელსაც მოყვება ვერტიგო–ძლიერი თავბრუსხვევა, რაც იწვევს გულისრევასა და ღებინებას. ასეთი ეპიზოდი შესაძლოა გაგრძელდეს 20 წუთიდან 4 საათამდე, შემდეგ კი სიმპტომები ქრება. ეპიზოდები ხშირიად ჯგუფურად ვითარდება, შუაში კი რემისიის– უსიმპტომო მდგომარეობის გრძელი პერიოდებია.

ამ სიმპტომების სიმძიმე, სიხშირე და ხანგრძლივობა განსხვავდება, განსაკუთრებით დაავადების საწყის ეტაპებზე. მაგალითად, შესაძლებელია გქონდეთ ძლიერი ვერტიგოს ეპიზოდები, მაგრამ სხვა სიმპტომები არ აღინიშნოს, ან გქონდეთ მსუბუქი ვერტიგოო და სმენის იშვიათი დაქვეითება, მაგრამ განიცდიდეთ შუილის შეგრძნებას ყურში, რომელიც იმდენად ხშირი და ძლიერია, რომ დაძინებაში ხელს გიშლით.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მენიერის დაავადების რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი. რადგანაც ეს სიმპტომები შესაძლოა სხვა დაავადების მანიშნებელი იყოს, საჭიროა სჭორი დიაგნოსტიკა, რაც შეიძლება საწყის ეტაპზე.

ვერტიგო იშვიათი სიმპტომია, მაგრამ შეიძლება სხვა დაავადებაზე მიანიშნებდეს, როგორიცაა ინსულტი, თავის ტვინის სიმსივნე, გაფანტული სკლეროზი, გულსისხლძარღვთა დაავადებები. მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ ვერტიგოს თან ახლავს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი ან სიმპტომი:

  • თავის ტკივილი, რომელიც უჩვეულოდ ძლიერია
  • მხედველობის გაორება ან დაკარგვა
  • მეტყველების გაძნელება
  • კიდურების სისუსტე
  • გონების დაკარგვა
  • დაცემა დან სიარულის გართულება
  • მგრძნობელობის დაქვეითება ან დაბუჟება
  • ტკივილი გულმკერდის არეში