მენინგიტი

დაავადების აღწერა

მენინგიტი მენინგიალური გარსების (თავისა და ზურგის ტვინის შემომსაზღვრელი მემბრანების) ანთებაა.

მენინგიტთან ასოცირებული შეშუპება ხშირად იწვევს დამახასიათებელ ნიშნებსა და სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, ცხელება და კისრის გაშეშება.

მენინგიტის შემთხვევათა უმეტესობა ვირუსული ეტიოლოგიისაა, მაგრამ გვხვდება ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციური მენინგიტებიც. ინფექციის მიზეზის მიხედვით, მენინგიტი ზოგჯერ თავად გაივლის რამდენიმე კვირაში, ან სიცოცხლისათვის საშიში, გადაუდებელი მდგომარეობაა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას ანტიბიოტიკებით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს აქვს მენინგიტი, აუცილებლად დარეკეთ სასწრაფოში. ადრეული მკურნალობა ბაქტერიული მენინგიტის დროს თავიდან აგაცილებთ მძიმე გართულებებს.

გამომწვევი მიზეზი

მენინგიტი ძირითადად ვირუსული ინფექციითაა გამოწვეული, მაგრამ შესაძლოა იყოს ბაქტერიულიც. უფრო იშვიათად, მენინგიტს სოკოები იწვევენ. რადგანაც ბაქტერიული მენინგიტი მძიმე და სიცოცხლისათვის საშიშია, აუცილებელია ინფექციის წყაროს ზუსტი დადგენა, სანამ მკურნალობის გეგმა შედგება.

ბაქტერიული მენინგიტი

მწვავე ბაქტერიული მენინგიტი ვითარდება, როცა ბაქტერია შეაღწევს სისხლში და გამრავლდება თავის ტვინსა და ზურგის ტვინში. მენინგიტი ასევე შეიძლება განვითარდეს ბაქტერიის პირდაპირი შეღწევით, მაგალითად ყურის ანთების დროს, თავის ქალას მოტეხილობის გამო, და იშვიათად, ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

ბაქტერიის გარკვეული ტიპები იწვევენ მწვავე ბაქტერიულ მენინგიტს. ყველაზე ხშირი მიკროორგანიზმებია:

  • პნევმოკოკი– Streptococcus pneumoniae. ეს ბაქტერია ყველაზე ხშირად იწვევს მენინგიტს ახალშობილებში, ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში. ბაქტერია უფრო ხშირად იწვევს პნევმონიას ან ყურის ანთებას, ვიდრე მენინგიტს. არსებობს ვაქცინა, რომელიც ამცირებს ამ ბაქტერიით ინფიცირების რისკს.
  • მენინგოკოკი– Neisseria meningitidis. ეს ბაქტერია მენინგიტის ასევე ხშირი გამომწვევია. მენინგოკოკალური მენინგიტი ხშირად ზედა სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ ვითარდება, როცა ბაქტერია აღწევს სისხლში. ეს ინფექცია ძალიან ადვილად გადამდებია. მენინგოკოკალური მენინგიტი ხშირია მოზარდებში, ახალგაზრდებში და ხშირად იწვევს ლოკალურ პანდემიებს კოლეჯების საერთო საცხოვრებლებში, პანსიონატებსა და ჯარის ყაზარმებში. არსებობს ვაქცინა, რომელიც ამცირებს ამ ბაქტერიით ინფიცირების რისკს.
  • Haemophilus influenzae. ეს ბაქტერია მენინგიტის ხშირი გამომწვევია ბავშვებში. ახალი ვაქცინების წყალობით, რომელიც დაემატა ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაციების სიას, მნიშვნელოვნად შემცირდა ამ ბაქტერიით გამოწვეული მენინგიტის შემთხვევები.
  • ლისტერია– Listeria monocytogenes. ეს ბაქტერია შესაძლოა აღმოჩნდეს რბილ ყველში, სოსისებსა და დამუშავებულ ხორცში. საბედნიეროდ, ლისტერიის მიღების შემთხვევაში, ჯანმრთელი ადამიანი არ ავადდება, მაგრამ შესაძლებელია ინფიცირება ორსულებში, ახალშობილებში, მოხუცებსა და პაციენტებში, რომელთაც შესუსტებული იმუნური სისტემა აქვთ. ლისტერია კვეთს პლაცენტის ბარიერს, რაც ნიშნავს, რომ ორსულობის ბოლო ფაზებში ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს მკვდრადშობადობა ან ნაყოფის პათოლოგიები. პაციენტები, რომელთაც აქვთ შესუსტებული იმუნიტეტი, ყველაზე ხშირად ავადდებიან ლისტერიით.



ვირუსული მენინგიტი

ყოველწლიურად, ვირუსები იწვევენ მენინგიტის ბევრად მეტ შემთხვევას, ვიდრე ბაქტერიები. ვირუსული მენინგიტი ძირითადად მსუბუქია და თავად გაივლის. ვირუსების ჯგუფი– ენტეროვირუსები არიან პასუხისმგებელი შემთხვევათა უმეტესობაზე. ეს ვირუსები ცირკულირებენ ზაფხულის ბოლო პერიოდსა და ადრეულ შემოდგომაზე. ვირუსები, როგორიცაა ჰერპეს სიმპლექსი, აივ, ყბაყურა, დასავლეთ ნილოსის ვირუსი და ა.შ ასევე იწვევენ ვირუსულ მენინგიტს.

ქრონიკული მენინგიტი

მენინგიტის ქრონიკული ფორმები ვითარდება, როცა დამაინფიცირებელი მიკროორგანიზმები ნელა, თანდათანობით ვითარდება და იპყრობს მემბრანებსა და თავზურგტვინის სითხეს. მწვავე მენინგიტი იწყება სწრაფად, ხოლო ქრონიკული– 2 კვირის ან მეტის შემდეგ ვლინდება. ნიშნები და სიმპტომები წააგავს მწვავე მენინგიტის გამოვლინებებს: თავის ტკივილი, ცხელება, ღებინება, მენტალური პრობლემები.

სოკოვანი მენინგიტი

სოკოვანი მენინგიტი შედარებით იშვიათია და იწვევს ქრონიკულ მენინგიტს. ზოგჯერ, სოკოვანი მენინგიტი წააგავს ბაქტერიულ, მწვავე მენინგიტსაც. სოკოვანი მენინგიტი არ გადაედება ადამიანიდან ადამიანს. კრიპტოკოკული მენინგიტი ხშირია დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, როგორიცაა აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტები. ეს მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია, თუ არ მოხდა ანტისოკოვანი პრეპარატებით დროული მკურნალობა.

2012 წელს, დაფიქსირდა სოკოვანი მენინგიტის შემთხვევები, დაბინძურებული ინექციების გამო. სოკოვანი მენინგიტი მაშინ ასოცირებული იყო დაბინძურებულ მედიკამენტთან, რომელსაც პაციენტებს ზურგის ტვინში უკეთებდნენ, კისრის ან ზურგის ტკივილის სამკურნალოდ.

სხვა გამომწვევი მიზეზები

მენინგიტი შესაძლოა არაინფექციური მიზეზით იყოს გამოწვეული, როგორიცაა ქიმიური რეაქციები, მედიკამენტური ალერგია, კიბო, ანთებითი დაავადებები (მაგ. სარკოიდოზი).

სიმპტომები

მენინგიტის ადრეული ნიშნები და სიმპტომები წააგავს გრიპის სიმპტომებს. ეს ნიშნები ვითარდება რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში.

2 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში ვლინდება:

  • უეცარი, მაღალი სიცხე
  • ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც არ გავს სხვა ტკივილებს
  • კისრის გაშეშება
  • ღებინება ან გულისრევა, თავის ტკივილთან ერთად
  • დაბნეულობა ან კონცენტრაციის გართულება
  • გულყრა
  • ძილიანობა ან გაღვიძების გართულება
  • მგრძნობელობის მომატება სინათლეზე
  • უმადობა
  • ზოგჯერ, კანზე გამონაყარი (მენინგოკოკური მენინგიტი)


ნიშნები ახალშობილებში

ახალშობილებსა და ჩვილებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ჩამოთვლილი “კლასიკური” სიმპტომები. ამ დროს ხშირად ვლინდება:

  • მაღალი სიცხე
  • ხანგრძლივი ტირილი
  • ძილიანობა ან გაღიზიანებადობა
  • მოუქნელობა, მოთენთვა
  • მადის დაქვეითება
  • ახალშობილის თავზე, რბილი ქსოვილის ამობურცვა (ყიფლიბადი)
  • ბავშვის სხეულის ან კისრის გაშეშება
  • ახალშობილები, რომელთაც აქვთ მენინგიტი, გამუდმებით ტირიან და ზოგჯერ ხელში აყვანის მერე უფრო ძლიერად ტირიან.


როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ოჯახის რომელიმე წევრს აღენიშნება მენინგიტის ნიშნები და სიმპტომები:

  • ცხელება
  • ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც არ გავს სხვა ტკივილებს
  • დაბნეულობა
  • ღებინება ან გულისრევა, თავის ტკივილთან ერთად
  • კისრის გაშეშება



ვირუსული მენინგიტი შესაძლოა მკურნალობის გარეშეც გამოსწორდეს, მაგრამ ბაქტერიული მენინგიტი მძიმე დაავადებაა და შესაძლოა სწრაფად განვითარდეს. ანტიბიოტიკოთერაპია ეფექტურია. დაგვიანებული მკურნალობა კი ზრდის ტვინის მუდმივი დაზიანების რისკებს. ასევე, ბაქტერიული მენინგიტი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს პაციენტისთვის, სულ რაღაც რამდენიმე დღეში.

ვერ გაარკვევთ, რომელი ტიპის მენინგიტი აქვს ბავშვს, სანამ არ მიიყვანთ ექიმთან და არ ჩატარდება თავზურგტვინის სითხის ანალიზი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ პრევენციული მედიკამენტები თუ ოჯახში ან სამუშაო ადგილას ვინმეს მენინგიტი აქვს.