მენოპაუზა
დაავადების აღწერა
მენოპაუზა მდგომარეობაა, რომელიც დგება ბოლო მენსტრუალური ციკლიდან 12 თვის შემდეგ და აღნიშნავს მენსტრუალური ციკლების დასასრულს. მენოპაუზა შესაძლოა დაიწყოს 40–50 წლის ასაკში, საშუალო ასაკი 51 წელია.
მენოპაუზა ბუნებრივი, ბიოლოგიური პროცესია. მენოპაუზის დროს წყდება შვილოსნობის უნარიც, მაგრამ ადამიანი ჯანმრთელია და შეუძლია ნორმალური სქესობრივი ცხოვრების გაგრძელებაც. ზოგიერთ ქალს ეხსნება დაფეხმძიმების შიშიც.
მენოპაუზის ზოგიერთი სიმპტომი, როგორიცაა წამოხურება (“ალები”) და ემოციური სიმპტომები ქმნის დისკომფორტს და შესაძლოა ხელი შეგიშალოთ ძილში, დაგიქვეითდეთ ენერგია და ზოგიერთ ქალში ვითარდება შფოთვა, სევდიანობა, დეპრესია.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს იმ სიმპტომების გამო, რომლებიც გაწუხებთ. არსებობს მრავალი ეფექტური მკურნალობა, როგორიცაა ცხოვრების სტილის ცვლილებები ან ჰორმონული თერაპია.
გამომწვევი მიზეზი
მენოპაუზას იწვევს:
- რეპროდუქციული ჰორმონების ბუნებრივი შემცირება. როცა ქალი 40 წელს აღწევს, საკვერცხეებში გამომუშავდება ნაკლები ესტროგენი და პროგესტერონი– ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ მენსტრუაციას.ამ დროს შვილოსნობის უნარი ქვეითდება.
- 40 წლიდან დაწყებული, მენსტრუალური ციკლი ხანგრძლივდება ან მოკლდება, სისხლდენა იმატებს ან იკლებს, ციკლი იშვიათდება ან ხშირდება. ამის შემდეგ, საშუალოდ 51 წლის ასაკში, მენსტრუაცია წყდება.
- ჰისტერექტომია. ჰისტერექტომია ოპერაციაა, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს, მაგრამ არა საკვერცხეების (ნაწილობრივი ჰისტერექტომია) ამოკვეთა. ოპერაცია მენოპაუზას მაშინვე არ იწვევს, მაგრამ ციკლი წყდება და საკვერცხე კვლავ გამოიმუშავებს ესტროგენსა და პროგესტერონს.
- ტოტალური ჰისტერექტომიის დროს (ამოიკვეთება საშვილოსნოც და საკვერცხეებიც) იწყება მენოპაუზა, გარდამავალი ფაზის გარეშე. ციკლი წყდება უეცრად, ჩნდება მენოპაუზისათვის დამახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა წამოხურება. სიმპტომები შესაძლოა ძლიერი იყოს, რადგან ჰორმონული ცვლილებები პოსტოპერაციულად სწრაფად ხდება, ორგანიზმში წლობით, ნელნელა შემცირების გარეშე.
- ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. კიბოს საწინააღმდეგო ამ თერაპიების დროს შესაძლოა მოხდეს მენოპაუზის ინდუცირება, თერაპიის შემდგომი სიმპტომებით. მენსტრუაციის და შვილოსნობის უნარის შეწყვეტა/დაქვეითება ყოველთვის არ ვითარდება ქიმიოთერაპიის შემდეგ, ამიტომ კონტრაცეპტივების გამოყენება კვლავ საჭიროა.
- საკვერცხის პირველადი უკმარისობა. ქალების 1%–ში გვხვდება ნაადრევი მენოპაუზა– მენოპაუზა, რომელიც 40 წლის ასაკამდე იწყება. ამ დროს მენოპაუზის მიზეზი საკვერცხის პირველადი უკმარისობაა, როცა საკვერცხეებში ვეღარ წარმოიქმნება საკმარისი ოდენობის რეპროდუქციული ჰორმონები. ამის მიზეზი კი გენეტიკური ან აუტოიმუნური დარღვევებია. ხშირად მიზეზი ვერ დგინდება. ასეთი პაციენტებისათვის, რეკომენდირებულია ჰორმონული თერაპია, მენოპაუზის ნორმალურ ასაკამდე, რათა დაცული იყოს ტვინის, გულისა და ძვლის ფუნქციები.
სიმპტომები
მენოპაუზამდე რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ქალი გადის პერიმენოპაუზურ პერიოდს. ამ დროს აღინიშნება ნიშნები და სიმპტომები:
- მენსტრუალური ციკლის არარეგულარულობა
- სიმშრალე ვაგინაში
- წამოხურება
- ოფლიანობა ღამით
- ძილის დარღვევა
- ხასიათის ცვლილებები
- წონაში მატება, შენელებული მეტაბოლიზმი
- თხელი თმა და მშრალი კანი
- მკერდის დაპატარავება
შესაძლებელია, მაგრამ ძალიან იშვიათია, ქალს მენსტრუაცია ყოველთვე ჰქონდეს და შემდეგ უეცრად შეწყდეს. უფრო ხშირად, აღინიშნება ციკლის თანდათანობითი რღვევა.
ციკლის გამოტოვება პერიმენოპაუზურ პერიოდში ნორმალურია. ხშირად, ციკლი ყოველ 2 ან 4 თვეში ერთხელ დგება, განსაკუთრებით მენოპაუზამდე 1–2 წლით ადრე. ციკლის დარღვევების მიუხედავად, ორსულობა შესაძლებელია. თუ ციკლი გამოტოვეთ და არ ხართ დარწმუნებული, დაიწყო თუ არა მენოპაუზური ცვლილებები, შესაძლოა რეკომენდირებული იყოს ორსულობის ტესტის ჩატარებაც.
როდის მივმართოთ ექიმს
პერიმენოპაუზური პერიოდიდან დაგეგმეთ რეგულარულ ვიზიტები თქვენს ექიმთან. განაგრძეთ პრევენციული სახის ვიზიტები მენოპაუზის დროს და შემდეგ.
პრევენციული ვიზიტი მოიცავს რეკომენდირებულ სკრინინგ–პროცედურებს, როგორიცაა კოლონოსკოპია, მამოგრაფია, ლიპიდური სკრინინგი, ფარისებრი ჯირკვლის კვლევები და თუ ჯანმრთელობის ისტორია ამას მოითხოვს, ძუძუს ან მენჯის გამოკვლევები.
ყოველთვის მიმართეთ ექიმს მენოპაუზის შემდგომი ვაგინალური სისხლდენის შემთხვევაში.