მეორეული ჰიპერტენზია

დაავადების აღწერა

მეორეული ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა) მდგომარეობაა, რომლის დროსაც ჰიპერტენზიას სხვა სამედიცინო მიზეზი აქვს (დაავადება, ა.შ). მეორეული ჰიპერტენზია განსხვავდება პირველადი მდგომარეობისაგან, რომელსაც სხვა მიზეზები არ უკავშირდება. პირველადი ჰიპერტენზია უცნობი ეტიოლოგიისაა და ხშირად უკავშირებენ გენეტიკურ დამემკვიდრებას, ვარჯიშის ნაკლებობას, დიეტურ არჩევანსა და ჭარბ წონას.

მეორეული ჰიპერტენზია შესაძლოა გამოწვეული იყოს თირკმლის, არტერიების, გულისა და ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა დაავადებებით. მეორეული ჰიპერტენზია ზოგჯერ ორსულობის დროსაც ვლინდება.

დროული და სწორი მკურნალობა დაგეხმარებათ გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაში, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი გართულებების თავიდან აცილებას. ეს გართულებებია: გულის დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, ინსულტი.

გამომწვევი მიზეზი

მეორეული ჰიპერტენზიის შესაძლო მიზეზებია:

  • დიაბეტის გართულება– დიაბეტური ნეფროპათია. დიაბეტი აზიანებს თირკმლის ფილტრაციის სისტემას, რაც იწვევს წნევის მომატებას.
  • თირკმლის პოლიკისტური დაავადება. ამ მემკვიდრული მდგომარეობის დროს, თირკმლის კისტების გამო თირკმელები ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებენ და ვითარდება მაღალი წნევა.
  • გლომერულების დაზიანება. თირკმელი ფილტრავს ცხოველქმედების პროდუქტებს მიკროსკოპული ზომის ფილტრების– გლომერულების საშუალებით, რომლებიც ზოგჯერ შუპდება. თუ შეშუპების გამო ფილტრაცია დაირღვა, ვითარდება მაღალი წნევა.
  • რენოვასკულარული ჰიპერტენზია. ამ ტიპის მეორეული ჰიპერტენზიის მიზეზი არის ერთი ან ორივე თირკმლის არტერიის შევიწროება– სტენოზი. რენოვასკულარული ჰიპერტენზია იწვევს წნევის მომატებასა და თირკმლის შეუქცევად დაზიანებას. ხშირად, ამ მდგომარეობას იწვევს ცხიმოვანი ფოლაქების გაჩენა, მსგავსად კორონარული არტერიებისა– ათეროსკლეროზი. შესაძლებელია ცალკეული დაავადების არსებობაც, რომლის დროსაც არტერიის კედლის კუნთოვანი და ფიბროზული შრე გამაგრებულია ბეჭდისებურად– ფიბრომუსკულარული დისპლაზია.
  • კუშინგის სინდრომი. ამ მდგომარეობის დროს, კორტიკოსტეროიდების მიღება იწვევს მეორეულ ჰიპერტენზიას ან ჰიპოფიზის სიმსივნე და სხვა ფაქტორები, რომლებიც იწვევენ თირკმელზედა ჯირკვალში ჭარბი კორტიზოლის გამოავისუფლებას, იწვევენ ჰიპერტენზიას. ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლისს წნევა მომატებულია.
  • ალდოსტერონიზმი. ამ მდგომარეობის დროს, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე– ჯირკვლის უჯრედების გროვა ან სხვა ფაქტორები, რომელთა გამოც თირკმელზედა ჯირკვალი ჭარბი რაოდენობით ალდოსტერონს გამოყოფს, პასუხისმგებელია მეორეულ ჰიპერტენზიაზე. ალდოსტერონის გამო თირკმელი მეტ მარილს და წყალს იკავებს და კარგავს კალიუმს, რაც ვლინდება წნევის მომატებით.
  • ფეოქრომოციტომა. ეს იშვიათი სიმსივნე, რომელიც თირკმელზედა ჯირკვალში ვითარდება, იწვევს ადრენალინისა და ნორადრენალინის გამოყოფის მომატებას, რაც ვლინდება სისხლის წნევის გრძელვადიანი მომატებით ან ეპიზოდური კრიზებით.
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. როცა ფარისებრი ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარის ჰორმონს (ჰიპოთიროიდიზმი), ან გამოყოფს ჭარბ ჰორმონს (ჰიპერთიროიდიზმი), შეიძლება განვითარდეს მეორეული ჰიპერტენზია.
  • ჰიპერპარათიროიდიზმი. ფარისებრახლო ჯირკვალი არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის დონეს ორგანიზმში. თუ ჯირკვალი გამოყოფს ჭარბ ჰორმონს, კალციუმის დონე გაიზრდება, რაც გამოიწვევს წნევის მატებას.
  • აორტის კოარქტაცია. ეს თანდაყოლილი დეფექტი იწვევს ორგანიზმის მთავარი არტერიის– აორტის შევიწროებას. ამის გამო, გული იკუმშება მეტი ძალით, რათა სტენოზურ ნაწილში სისხლი გაატაროს. შეკუმშვის ძალის გაძლიერება დაკავშირებულია წნევის მატებასთან, განსაკუთრებით ზედა კიდურებში.
  • ძილის აპნოე. ამ მდგომარეობას ახასიათებს ძლიერი ხვრინვა, სუნთქვის განმეორებითი შეწყვეტა და გაგრძელება ძილის დროს, ჟანგბადის უკმარისობა. ჟანგბადის უკმარისობა იწვევს სისხლძარღვების კედლების დაზიანებას, რის გამოც სისხლის წნევის რეგულირების პროცესი ირღვევა. დამატებით, ძილის აპნოე იწვევს ნერვული სისტემის ნაწილის აქტივობის გაზრდას, რაც ვლინდება გარკვეული ქიმიური ნივთიერებების ჭარბი გამოთავისუფლებითა და წნევის მატებით.
  • ჭარბი წონა. როცა წონას იმატებთ, ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის რაოდენობაც მატულობს. ეს იწვევს ზედმეტი წნევის განვითარებას არტერიის კედლებში. ჭარბი წონა ასევე ასოცირდება გულისცემის სიხშირის მომატებასთან და სისხლძარღვების მიერ სისხლის გადატანის უნარის შემცირებასთან. დამატებით, ცხიმოვანი ქსოვილი გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ წნევის მატებას. ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს მეორეული ჰიპერტენზიის განვითარებას.
  • ორსულობა. ორსულობა იწვევს მანამდე არსებული ჰიპერტენზიის გაუარესებას ან ჰიპერტენზიის განვითარებას– ორსულობით ინდუცირებული ჰიპერტენზია ან პრეეკლამფსია.
  • მედიკამენტები და დანამატები. მრავალი რეცეპტით გაცემული მედიკამენტი: ტკივილგამაყუჩებელი, ანტიდეპრესანტი, ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდგომი მედიკამენტები შეიძლება იყოს მეორეული ჰიპერტენზიის მიზეზი ზოგიერთ ადამიანში. კონტრაცეპტივები, ცხვირის ღრუს გამხსნელები, მცენარეული დანამატები იმავე ეფექტს ავლენენ. მრავალი უკანონო ნარკოტიკი, როგორიცაა კოკაინი და მეტამფეტამინი, იწვევს სისხლის წნევის მომატებას.

სიმპტომები

როგორც პირველად ჰიპერტენზიას, მეორეულ ჰიპერტენზიასაც არ ახასიათებს კონკრეტული ნიშნები და სიმპტომები, მაშინაც კი, როცა სისხლის არტერიული წნევა საშიშ ზღვარს აღწევს ხოლმე.

ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება თავის ტკივილი მეორეული ჰიპერტენზიის დროს, მაგრამ რთულია თავის ტკივილის მიზეზის დიაგნოსტიკა.

თუ გაქვთ ჰიპერტენზიის დიაგნოზი, ეს ნიშნები შესაძლოა გამოწვეული იყოს მეორეული ჰიპერტენზიის არსებობით:

  • მაღალი წნევა, რომელიც არ ექვემდებარება წნევის მარეგულირებენ მედიკამენტებს– რეზისტენტული მეორეული ჰიპერტენზია
  • ძალიან მაღალი წნევა– სისტოლური 160 ან მეტი, ხოლო დიასტოლური 100 ან მეტი
  • წნევის მარეგულირებელი მედიკამენტები, რომლებიც ადრე მოქმედებდნენ, ახლა ვეღარ ამსუბუქებენ მდგომარეობას
  • უეცრად დაწყებული ჰიპერტენზია 30 წლამდე ან 55 წლის შემდეგ
  • ოჯახში მაღალი წნევის ისტორიის არარსებობა
  • ჭარბი წონის არარსებობა



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ დაავადება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს მეორეულ ჰიპერტენზიას, შეამოწმეთ სისხლის წნევა რეგულარულად. კითხეთ ექიმს, რამდენად ხშირად გჭირდებათ წნევის კონტროლი.