მეტატარსალგია

დაავადების აღწერა

ფეხის გულის წინა ნაწილის (თითების გვერდით) ტკივილსა და ანთებით მდგომარეობას მეტატარსალგია ეწოდება.

მეტატარსალგია ხშირია სირბილის ან ხტუნვის შემდეგ, ან არასწორი ზომის ფეხსაცმლის გამოყენების შემთხვევაში. არსებობს მეტატარსალგიის გამომწვევი სხვა სავარაუდო მიზეზებიც.

ზოგადად, მეტატარსალგია სერიოზული პრობლემა არ არის, მაგრამ ხშირად უქმნის დისკომფორტს ადამიანს. საბედნიეროდ, სახლის პირობებში მკურნალობით, ყინულის კომპრესებითა და მოსვენებით, უმეტესად მოირჩენთ მეტატარსალგიის სიმპტომებს. სწორი ზომის ფეხსაცმელი და სუპინატორები დაგეხმარებათ მეტატარსალგიის შემდგომი ეპიზოდების თავიდან ასაცილებლად.

გამომწვევი მიზეზი

ზოგჯერ, მხოლოდ ერთი ფაქტორიც საკმარისია მეტატარსალგიის გამოსაწვევად. უფრო ხშირად, სავარაუდოა ფაქტორთა კომბინაცია:

  • დატვირთული ვარჯიში ან აქტივობა. მორბენლებს აქვთ მეტატარსალგიის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი, რადგან ამ დროს ტერფის წინა ნაწილი ყველაზე მეტი დატვირთვის ქვეშ ექცევა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთი ტიპის სპორტის სახეობაშია ჩართული, შესაძლოა შეაწუხოს მეტატარსალგიის სიმპტომებმა, განსაკუთრებით თუ ფეხსაცმელიც არ გიწყობთ ხელს.
  • ტერფის გარკვეული ფორმები. მაღალი თაღი განსაკუთრებით ზრდის დატვირთვას ფეხისგულების წინა ნაწილებზე. ასევე საგულისხმოა ფეხის ცერა თითის გვერდითა თითის ზომაც.ცერაზე უფრო დიდი თითი იწვევს მეორე მეტატარსალის დატვირთვას.
  • ტერფის დეფორმაცია. ვიწრო ფეხსაცმლის ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებამ შესაძლოა ტერფის დეფორმაცია გამოიწვიოს. ჩაქუჩისებრი თითი, რომელიც თითების დეფორმაციის შედეგია და ბუნიონი– შესიებული, მტკივნეული ამობურცულობები შესაძლოა გახდეს მეტატარსალგიის მიზეზიც.
  • ჭარბი წონა. რადგანაც სიარულის დროს სხეულის წონა ნაწილდება ფეხისგულზე, იზრდება დატვირთვა მეტატარსალებზე. წონის დაკლება შესაძლოა დაგეხმაროთ მეტატარსალგიის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
  • არასწორი ზომის ფეხსაცმელი. მაღალი ქუსლების ტარება, რაც იწვევს ტერფის წინა ნაწილზე მეტი წონის დატვირთვას, ხშირად ასოცირდება მეტატარსალგიასთან. ვიწრო ფეხსაცმელი ან ათლეტური ფეხსაცმელი, რომელსაც ადეკვატური სუპინატორები არ აქვს, ასევე იწვევს მეტატარსალგიის სიმპტომებს.
  • დატვირთვის მოტეხილობები. მეტატარსალების ძვლებში ან ცერა თითის ძვალში მცირე ზომის მოტეხილობა შესაძლოა მტკივნეული იყოს და შეგაცვლევინოთ ტერფზე წონის გადანაწილების პროცესიც.
  • მორტონის ნეირომა.ეს კეთილთვისებიანი გროვა შედგება ფიბროზული ქსოვილებისაგან, მესამე და მეოთხე მეტატარსალების შუაში გამავალ ნერვზე. მორტონის ნეირომა იწვევს სიმპტომებს, რომლებიც წააგავს მეტატარსალგიას.
  • მორტონისს ნეირომა ხშირად მაღალი ქუსლებით ან ვიწრო ფეხსაცმლითაა გამოწვეული. ნეირომას ასევე ხელს უწყობს დატვირთვით ვარჯიში– აერობიკა ან სირბილი.

სიმპტომები

მეტატარსალგიის სიმპტომებია:

  • ბასრი ტკივილი, წვის შეგრძნება ფეხის გულის წინა ნაწილზე– ფეხის თითებთან ახლომდებარე ამობურცულ ნაწილზე
  • ტკივილი უარესდება დგომის, სირბილის, დაჭიმვის, სიარულის დროს, განსაკუთრებით ფეხსაცმლის გარეშე სიარულისას. ტკივილი ქრება მოსვენებით მდგომარეობაში
  • ბასრი ტკივილი, მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება ფეხის თითებში
  • ტერფში სისავსის შეგრძნება



ზოგჯერ, სიმპტომები უეცრად ჩნდება, განსაკუთრებით დატვირთული ვარჯიშის შემდეგ, როგორიცაა სირბილი. უმეტესად, მეტატარსალგიის სიმპტომები თანდათანობით ჩნდება და უარესდება.

როდის მივმართოთ ექიმს

ტერფის ყველა პრობლემა არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. ზოგჯერ ტერფი დატვირთვის გამო, ხანგრძლივი სიარულის ან დგომის დროს გტკივათ. უმჯობესია, არ უგულებელყოთ ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღეზე მეტს გასტანს. ესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ ბასრი ტკივილი ფეხის გულებზე, რომელიც არ ქრება ფეხსაცმლის გამოცვლისას.