მგლურა

დაავადების აღწერა

მგლურა ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ებრძვის ორგანიზმის საკუთარ ქსოვილებსა და ორგანოებს. ანთება მგლურას დროს ეხება ორგანოთა რამდენიმე სისტემას: სახსრებს, კანს, თირკმელებს, სისხლის უჯრედებს, ტვინს, გულსა და ფილტვებს.

მგლურას დიაგნოსტირება რთულია, რადგან ნიშნები და სიმპტომები წააგავს სხვა დაავადებებს. ყველაზე სპეციფიკური ნიშანია გამონაყარი სახეზე, რომელსაც პეპლის ფრთების ფორმა აქვს და ვრცელდება ორივე ლოყაზე. გამონაყარი მგლურას ყოველთვის არ ახლავს თან.

ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან აქვს მგლურას განვითარების მაღალი რისკი, რომელსაც ინფექციები, მედიკამენტები და ზოგჯერ, მზის სხივებიც კი ზრდის. მგლურას განკურნება შეუძლებელია, მაგრამ მკურნალობა ამსუბუქებს სიმპტომებს.

გამომწვევი მიზეზი

მგლურა ვითარდება, როცა იმუნური სისტემა ჯანსაღ ქსოვილებს ებრძვის. სავარაუდოდ, მგლურას ჩამოყალიბება დამოკიდებულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომბინაციაზე. ადამიანები, რომელთაც აქვთ მგლურას განვითარების თანდაყოლილი რისკი, ავლენენ დაავადებას, როცა გარემო ფაქტორები ზემოქმედებენ მათზე. მგლურას ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ზოგიერთი სავარაუდო ფაქტორია:

  • მზის სხივები. მზის სხივები ითვლება მგლურას დროს კანის დაზიანების ან შინაგანი დაზიანებების მაპროვოცირებელ ფაქტორად.
  • ინფექციები. ინფექციამ შესაძლოა დაიწყოს მგლურას კლინიკური გამოვლენა ზოგიერთ პაციენტში.
  • მედიკამენტები. მგლურას პროვოცირებას ახდენს გარკვეული ანტიეპილეფსიური მედიკამენტები, არტერიული წნევის საკონტროლო პრეპარატები და ანტიბიოტიკები. თუ პაციენტს აქვს მედიკამენტური მგლურა, სიმპტომები ჩნდება მედიკამენტის მიღებასთან ერთად და ქრება შეწყვეტისას.

სიმპტომები

მგლურას ორი შემთხვევა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ხოლმე. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს უეცარი, თანდათანობითი, მსუბუქი, ძლიერი, დროებითი ან მუდმივი. პაციენტების უმეტესობას ეპიზოდურად აღენიშნება მსუბუქი ავადმყოფობა, როცა ნიშნები მეტად გამოიხატება და შემდეგ გაქრება რაღაც დროით.

ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია ჩართულ ორგანოებზე. ყველაზე ხშირად გამოვლენილია:

  • დაღლილობა და ცხელება
  • სახსრის ტკივილი, გაშეშება, შესიება
  • პეპლის ფრთების ფორმის გამონაყარი ცხვირსა და ორივე ლოყაზე
  • კანის დაზიანება, უარესდება მზეზე (ფოტომგრძნობელობა)
  • ფეხისა და ხელის თითების გათეთრება ან გალურჯება სიცივის ან სტრესის საპასუხოდ (რეინოს ფენომენი)
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • თვალების სიმშრალე
  • თავის ტკივილი, დაბნეულობა, მეხსიერების პრობლემები



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ აუხსნელი გამონაყარი, ცხელება, ტკივილი და დაღლილობა.