მგზავრობით გამოწვეული ძილის დროებითი დარღვევა

დაავადების აღწერა

თუ ადამიანი შორეული მგზავრობისას სწრაფად გადაკვეთს დროის რამდენიმე ზონას (სასაათო სარტყელს), შესაძლოა განვითარდეს ძილის დროებითი დარღვევა. ეს დარღვევა გამოწვეულია სხეულის შინაგანი ბიოლოგიური საათისა და ცირკადული რითმების მოშლით, რომლებიც ნორმაში ორგანიზმს კარნახობენ, როდისაა ძილის დრო და როდის არა. შორეული გადაადგილებისას ცირკადული რითმი ისევ ძველ სასაათო სარტყელზეა აწყობილი, ხოლო ახალ დროებს (მზის ამოსვლა, კვება, დაღამება) ვერ ეგუება. რაც უფრო შორეულია მგზავრობა, მით მეტია დარღვევის განვითარების რისკიც.

მგზავრობით გამოწვეული ძილის დროებითი დარღვევა იწვევს დაღლილობას, მოთენთილობას და ზოგჯერ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს. დარღვევა დროებითია, მაგრამ ხელს უშლის ადამიანს დასვენების კარგად გატარებაში ან სამსახურეობრივ მივლინებებში. საბედნიეროდ, შესაძლებელია დარღვევის პრევენცია ან სიმპტომების შემსუბუქება.

გამომწვევი მიზეზი

ცირკადული რითმების დარღვევა

ძილის დარღვევა ორი ან მეტი სასაათო სარტყლის გადაკვეთისას ვითარდება. მიზეზი შინაგანი საათისა და ცირკადული რითმების აშლილობაა, რომელიც ნორმაში ძილ–ღვიძილის ციკლს არეგულირებს და დროებით ვერ ეგუება ახალ ადგილმდებარეობას.

მაგალითად, ნიუ–იორკიდან პარიზამდე ფრენა 6 საათს გრძელდება. ეს ნიშნავს, რომ თუ ნიუ–იორკიდან გაფრინდით შუადღის 4 საათზე სამშაბათს, ჩახვალთ პარიზში დილის 7 საათზე, ოთხშაბათს. თქვენი შინაგანი საათის მიხედვით ამ დროს ღამის 1 საათია, ანუ მალე დაგეძინებათ, ხოლო პარიზში ახლა გათენდა.

რადგან ორგანიზმს შეგუებისათვის რამდენიმე დღე სჭირდება, ძილ–ღვიძილის ციკლი და შიმშილისა და მონელების ფუნქციები დროებით არეულია.

მზის სინათლის ზეგავლენა

ორგანიზმის შინაგანი საათისათვის მნიშვნელოვანია მზის სინათლე, რადგან სინათლე არეგულირებს მელატონინის გამოყოფას, რომელიც მასინქრონიზირებელი ჰორმონია უჯრედებისათვის მთელ სხეულში.

თვალის უკანა ნაწილის (ბადურა) გარკვეული უჯრედები იღებენ სიგნალს სინათლის შესახებ და ატყობინებენ თავის ტვინის რეგიონს–ჰიპოთალამუსს.ღამით, როცა სიგნალი დაბალია, ჰიპოთალამუსი აძლევს ბრძანებას ჰიპოფიზს და ეს ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონ მელატონინს. დღისით, სიგნალი ძლიერდება სინათლის გამო და ჰიპოფიზი მხოლოდ მცირე რაოდენობით მელატონინს წარმოქმნის.

შესაძლოა შეგიმსუბუქდეთ სიმპტომები ახალ სასაათო სარტყელში ადეკვატური სინათლის მიღების ფონზე.

წნევა თვითმფრინავში და ატმოსფერო

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, თვითმფრინავში წნევის ცვლილებები და დაკავშირებული ფიზიკური ძალები ხელს უწყობს ძილის დარღვევის განვითარებას, სასაათო ზონების მიუხედავად.

არასაკმარისი სითხის მიღება ფრენის დროს იწვევს გაუწყლოებას, ხოლო დიდი რაოდენობით კოფეინის ან ალკოჰოლის მიღება თვითმფრინავში ასევე ხელს უწყობს ძილის დარღვევისა და სხვა სიმპტომების განვითარებას.

სიმპტომები

სიმპტომები მრავალგვარია. შესაძლოა გქონდეთ ერთი ან რამდენიმე სიმპტომი. გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია:

  • არეული ძილი– ინსომნია, ადრე გაღვიძება, ზედმეტი ძილიანობა
  • დაღლილობა დღისით
  • კონცენტრირების უნარისა და ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა
  • მომნელებელი სისტემის პრობლემები– ყაბზობა ან ფაღარათი
  • ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება
  • კუნთების ტკივილი
  • მენსტრუალური პრობლემები ქალებში



სიმპტომები უარესდება შორეული მგზავრობის დროს

სიმპტომები მგზავრობის დასრულებიდან 1–2 დღეში ჩნდება, თუ გადაკვეთეთ 2 სასაათო სარტყელი მაინც. სიმპტომები უფრო მძიმე და ხანგრძლივია თუ გადაკვეთეთ მეტი სასაათო ზონა. სავარაუდოდ, სიმპტომები დაახლოებით 1 დღით ხანგრძლივდება, ყოველ გადაკვეთილ სასაათო სარტყელზე.

როდის მივმართოთ ექიმს

მგზავრობით გამოწვეული ძილის დროებითი დარღვევა თავად გივლის. თუ ხშირად მოგზაურობთ და გაქვთ ეს პრობლემა, შესაძლოა დაგეხმაროთ ექიმის კონსულტაციაც.