მიკროცეფალია

დაავადების აღწერა

მიკროცეფალია იშვიათი ნევროლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც ჩვილის თავის ზომა მკვეთრად ჩამორჩება იმავე ასაკის და სქესის მქონე ჩვილების თავის ზომებს. ზოგჯერ, მიკროცეფალია დაბადებიდან ვლინდება და განპირობებულია საშვილოსნოში თავის არასწორი განვითარებით ან დაბადების შემდგომი განვითარების შეფერხებით.

მიკროცეფალიას იწვევს მრავალი გენეტიკური და გარემო ფაქტორი. ასეთ ბავშვებს ხშირად განვითარებითი პრობლემები აქვთ. ზოგადად, არ არსებობს მიკროცეფალიის განკურნების მეთოდი, მაგრამ ადრეული ინტერვენცია და მეტყველების ან ოკუპაციური თერაპია შესაძლოა ბავშვს დაეხმაროს განვითარებითი ჩამორჩენის მინიმალიზაციასა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

გამომწვევი მიზეზი

მიკროცეფალია ძირითადად ტვინის პათოლოგიური განვითარების შედეგია, რომელიც საშვილოსნოშიდა განვითარების პერიოდში ხდება და თანდაყოლილია ან დაბადების შემდგომ, ჩვილობის პერიოდში ვითარდება. მიკროცეფალია შესაძლოა გენეტიკურიც იყოს. სხვა მიზეზებია:

  • კრანიოსინოსტოზი. ახალშობილის თავის ქალას ძვლებს შორის სახსრების ნაადრევი გაძვალება იწვევს ტვინის ზრდის შეწყვეტას. კრანიოსინოსტოზის მკურნალობა ნიშნავს ახალშობილის თავის ქალას ძვლების დაშორებას. თუ არ არსებობს თავის ტვინის სხვა პრობლემებიც, ეს ქირურგიული ჩარევა საშუალებას მისცემს ტვინს, გაიზარდოს ზომაში და განვითარდეს.
  • ქრომოსომული მუტაციები. დაუნის სინდრომი და სხვა მდგომარეობები ასოცირებულია მიკროცეფალიასთან.
  • ჩვილის ტვინში ჟანგბადის ნაკლებობა (ცერებრალური ანოქსია). მშობიარობის გარკვეული გართულებების გამო შესაძლოა განვითარდეს ჟანგბადის დეფიციტი ტვინში.
  • ემბრიონის ინფექცია ორსულობის დროს. ასეთი ინფექციებია: ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსი, წითურა და ჩუტყვავილა.
  • მედიკამენტები, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ტოქსიური ქიმიური ნივთიერებები. ამ ფაქტორებიდან ნებისმიერს შეუძლია გამოიწვიოს თავის ტვინის დეფექტები.
  • მძიმე მალნუტრიცია. ორსულობის დროს ადეკვატური კვების არარსებობა შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილის ზრდის შეფერხებით.
  • არაკონტროლირებული ფენილკეტონურია დედაში. ფენილკეტონურია თანდაყოლილი დაავადებაა, რომლის დროსაც დაქვეითებულია ორგანიზმის უნარი, დაშალოს ამინომჟავა ფენილალანინი.

სიმპტომები

მიკროცეფალიის მთავარი ნიშანია:

  • ჩვილის თავის ზომა, რომელიც მკვეთრად ჩამორჩება იმავე ასაკის და სქესის მქონე ჩვილების თავის ზომებს
  • თავის ზომის დასადგენად, ზომავენ წრიულ დიამეტრს. სტანდარტული ზრდის დიაგრამების მიხედვით, კონკრეტული ბავშვის თავის ზომას ადარებენ ნორმალურ მაჩვენებლებს.
  • ზოგიერთ ბავშვს უბრალოდ პატარა ზომის თავი აქვს, მათი თავის ზომა მკვეთრად ჩამოუვარდება ნორმებს. მიკროცეფალიის დროს კი ჩამორჩენა კიდევ უფრო გამოხატულია და საშუალოსგან მკვეთრად განსხვავდება.
  • მძიმე მიკროცეფალიის დროს აღინიშნება შუბლის დახრილობის პათოლოგიაც.


როდის მივმართოთ ექიმს

მიკროცეფალიას ექიმი დაბადებისას ან მასთან რეგულარული ვიზიტების დროს შეამჩნევს. თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ ბავშვის თავის ზომა უფრო პატარაა, ვიდრე უნდა იყოს, ან არ იმატებს სიდიდეში, ესაუბრეთ ექიმს.