მიოკარდიტი
დაავადების აღწერა
მიოკარდიტი მიოკარდიუმის (გულის შუა, კუნთოვანი შრე) ანთებაა. მიოკარდიტი ძირითადად ვირუსული ინფექციითაა გამოწვეული. მიოკარდიტის ნიშნები და სიმპტომებია ტკივილი გულმკერდის არეში, გულის უკმარისობა და არითმიები.
თუ მიოკარდიტი მძიმეა, გულის შეკუმშვითი ფუნქცია ქვეითდება, გული სუსტდება და ვერ ამარაგებს ორგანიზმს საკმარისი ოდენობის სისხლით. ამ დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს თრომბიც, რაც იწვევს ინსულტს ან მიოკარდიუმის ინფარქტს.
მიოკარდიუმის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
გამომწვევი მიზეზი
ხშირად, მიოკარდიტის მიზეზი ვერ დგინდება. ამიდ მიუხედავად, არსებობს მიოკარდიტის გამომწვევი რამდენიმე სავარაუდო ფაქტორი:
- ვირუსები. მიოკარდიტთან ხშირად ასოცირებული ვირუსებია: კოქსაკი B ვირუსი, რომელიც იწვევს მსუბუქი გრიპის მაგვარ სიმპტომებს; ადენოვირუსი, რომელიც იწვევს გაციების სიმპტომებს; პარვოვირუს B 19, რომელიც დაკავშირებულია გამონაყართან; ექოვირუსი, რომელიც ხშირად იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციებს; ეფშტეინ–ბარის ვირუსი, რომელიც ასოცირებულია ინფექციურ მონონუკლეოზთან და წითურას ვირუსი, რომელიც ზოგჯერ ასევე იწვევს მიოკარდიტს. მიოკარდიტი ხშირია აივ/შიდსით დაავადებულ პაციენტებში.
- ბაქტერია. მრავალ ბაქტერიას შეუძლია გამოიწვიოს მიოკარდიტი, მათ შორისაა: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, დიფტერიის გამომწვევი ბაქტერია და ლაიმის დაავადების გამომწვევი ბაქტერია.
- პარაზიტები. ეს პარაზიტებია: ტრიპანოსომა კრუზი, რომელიც იწვევს ჩაგასის დაავადებას და გადაეცემა მწერების საშუალებით; ტოქსოპლაზმა. ამ ტიპის მიოკარდიტი ხშირია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, თუმცა შესაძლოა შეგვხვდეს მოგზაურებში ან მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან მიგრირებულ მოსახლეობაში.
- სოკოები. ზოგიერთი საფუარა სოკო, როგორიცაა კანდიდა, ობის სოკო, როგორიცაა ასპერგილუსი და სხვა სოკოები, მაგ. ჰისტოპლაზმა (ჩიტის ფეკალიებში) ზოგჯერ იწვევს მიოკარდიტს.
მიოკარდიტი ზოგჯერ ამ ნივთიერებებთან კონტაქტის გამოც ვითარდება:
- მედიკამენტები ან არალეგალური წამლები, რომლებიც იწვევენ ტოქსიურ ან ალერგიულ რეაქიებს. ესენია: ანტიბიოტიკები, როგორიცაა პენიცილინი ან სულფონამიდები, ანტიეპილეფსიური წამლები და არალეგალური საშუალებები, როგორიცაა კოკაინი.
- სხვა დაავადებები. ესენია: მგლურა, შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებები და იშვიათი ანთებითი დაავადებები, როგორიცაა ვეგენერის გრანულომატოზი.
სიმპტომები
მსუბუქ შემთხვევებში, მიოკარდიუმი არ იწვევს შესამჩნევ სიმპტომებს. შესაძლოა გქონდეთ ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება, როგორც ვირუსული ინფექციის დროს, მაგრამ გულისმიერი სიმპტომები თავიდან არ ჩანს.
მძიმე შემთხვევებში, მიოკარდიუმის ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება, დაავადების მიზეზის მიხედვით. ხშირი ნიშნებია:
- ტკივილი გულმკერდის არეში
- აჩქარებული გულისცემა ან არითმია
- სუნთქვის უკმარისობა მოსვენების დროს ან ფიზიკური დატვირთვისას
- სითხის შეკავება, კიდურების შეშუპება
- დაღლილობა
სხვა ნიშნები და სიმპტომები ემთხვევა ვირუსული ინფექციის სიმპტომებს: თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი, ცხელება, ყელის ტკივილი და ფაღარათი
მიოკარდიტი ბავშვებში
როცა ბავშვებში მიოკარდიტი ვითარდება, მათ ეს ნიშნები და სიმპტომები აქვთ:
- ცხელება
- გულის წასვლა
- სუნთქვის გაძნელება
- გახშირებული სუნთქვა
- კანის მოლურჯო–მონაცრისფრო შეფერილობა
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მიოკარდიტის რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი, განსაკუთრებით ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის უკმარისობა. თუ გქონდათ ინფექცია, დააკვირდით მიოკარდიტის სიმპტომებს და შეატყობინეთ ექიმს მათი განვითარების შემთხვევაში. თუ ძლიერი სიმპტომები გაქვთ, დარეკეთ სასწრაფოში.