მიოკლონია

დაავადების აღწერა

მიოკლონია ნიშნავს კუნთის სწრაფ, უნებლიე მოძრაობას. მაგალითად, სლოკინი შესაძლოა მიოკლონიის ერთ–ერთ ფორმად განვიხილოთ. ასევე მიოკლონიის ფორმაა ძილის წინ ფეხების უნებლიე მოძრაობა, რაც მრავალ ადამიანს განუცდია. ამ ტიპის მიოკლონია ჯანმრთელ ადამიანებშიც გვხვდება და სამედიცინო პრობლემას არ წარმოადგენს.

ყველაზე ხშირად, მიოკლონია ვითარდება ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადების გამო, როგორიცაა ეპილეფსია. მიოკლონიის სხვა მიზეზები შესაძლოა იყოს მეტაბოლური დაავადებები ან რეაქცია მედიკამენტზე.

იდეალურ შემთხვევაში, მიზეზის მკურნალობა აქრობს მიოკლონიის სიმპტომებს. თუ მიოკლონიის მიზეზი უცნობია ან სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, შემდეგი მკურნალობა მიმართულია მიოკლონიის სიმპტომატურ შემსუბუქებაზე.

გამომწვევი მიზეზი

მიოკლონია შესაძლოა მრავალი მდგომარეობით იყოს გამოწვეული. ექიმები ხშირად ყოფენ მიოკლონიის ტიპებს მიზეზების მიხედვით, რაც ამარტივებს მკურნალობის შერჩევას. მიოკლონიის ტიპები ამ კატეგორიებად იყოფა:

ფიზიოლოგიური მიოკლონია

ამ ტიპის მიოკლონია ხდება ჯანმრთელ ადამიანებში და იშვიათად საჭიროებს მკურნალობას. მაგალითებია:

  • სლოკინი
  • ძილისწინა მოძრაობები
  • კანკალი ან სპაზმი შფოთვის ან ვარჯიშის დროს
  • კუნთების უნებლიე შეკუმშვა ახალშობილებში ძილის ან კვების შემდეგ


ესენციური მიოკლონია

ესენციური მიოკლონია იწყება დამოუკიდებლად, ძირითადად სხვა სიმპტომების ან ასოცირებული დაავადების გარეშე. ესენციური მიოკლონიის მიზეზი ხშირად აუხსნელია (იდიოპათიური) ან ზოგიერთ შემთხვევაში, მემკვიდრულია.

ეპილეფსიური მიოკლონია

ზოგჯერ მიოკლონია ეპილეფსიის ფარგლებში ვითარდება. კუნთის უნებლიე შეკუმშვა შესაძლოა ეპილეფსიის ერთადერთი ან ერთ–ერთი ნიშანი იყოს.

სიმპტომატური, მეორეული მიოკლონია

ეს მიოკლონიის ხშირი ფორმაა. კუნთის უნებლიე შეკუმშვა ვითარდება სხვა დაავადების გამო, როგორიცაა:

  • თავის ან ზურგის ტვინის დაზიანება
  • ინფექცია
  • თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა
  • ლიპიდური დაგროვების დაავადებები
  • ქიმიური ან მედიკამენტური ინტოქსიკაცია
  • ჟანგბადის ხანგრძლივი ნაკლებობა
  • მედიკამენტური რეაქცია
  • აუტოიმუნური, ანთებითი მდგომარეობა
  • მეტაბოლური დაავადება


ნერვული დაავადებები, რომლებიც იწვევენ მიოკლონიას:

  • ინსულტი
  • თავის ტვინის სიმსივნე
  • ჰანტინგტონის დაავადება
  • კროიცფელდტ–იაკობის დაავადება
  • ალცჰაიმერის დაავადება
  • პარკინსონის დაავადება ან ლევის სხეულოვანი დემენცია
  • კორტიკობაზალური დემენცია
  • ფრონტოტემპორალური დემენცია
  • მრავლობითი სისტემური ატროფია

სიმპტომები

მიოკლონიის მქონე ადამიანები ამ მდგომარეობას აღწერენ, როგორც უნებლიე მოძრაობებს, კანკალს ან სპაზმს, რომელიც:

  • უეცრად ვითარდება
  • ხანმოკლეა
  • უნებლიეა
  • შოკის მსგავსია
  • განსხვავდება ინტენსივობითა და სიხშირით
  • ვრცელდება სხეულის ერთ ნაწილზე ან მთელ სხეულზე
  • ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ხელს უშლით ჭამის, ლაპარაკის ან სიარულის დროს


როდის მივმართოთ ექიმს

თუ მიოკლონიის სიმპტომები ხშირი და პერსისტირებადია, ესაუბრეტ ექიმს შემდეგი გამოკვლევებისა და მკურნალობის შესახებ.