მიტრალური სარქვლის პროლაფსი

დაავადების აღწერა

მიტრალური სარქვლის პროლაფსი ვითარდება, როცა გულის მარცხენა პარკუჭსა და წინაგულს შორის მდებარე სარქველი ბოლომდე არ იხურება.

მიტრალური სარქვლის პროლაფსის დროს, სარქვლის კარედები ზემოთ ადის გულის შეკუმშვისას და მდებარეობს მარცხენა წინაგულში.

მიტრალური სარქვლის პროლაფსი ზოგჯერ იწვევს სისხლის უკან “გაჟონვას”, მარცხენა წინაგულში. ამ მდგომარეობას მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია ეწოდება.

უმეტესად, მიტრალური სარქვლის პროლაფსი სიცოცხლისათვის საშიში არ არის და არ საჭიროებს მკურნალობას. ზოგიერთ პაციენტში პროლაფსი მნიშვნელოვანია და მკურნალობა–აუცილებელი.

გამომწვევი მიზეზი

როცა გული სწორად მუშაობს, მიტრალური სარქველი მთლიანად იხურება მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის დროს, რათა სისხლი უკან, მარცხენა წინაგულში არ ავიდეს. გულმა სისხლი მარცხენა პარკუჭიდან აორტაში უნდა გადაისროლოს.

ზოგიერთ პაციენტში, მიტრალური პროლაფსის გამო, სარქვლის ერთი ან ორივე კარედი ბოლომდე ვერ იხურება, რადგან ზედმეტი ქსოვილი პროლაფსირებს უკან, მარცხენა წინაგულში, პარაშუტის მსგავსად, გულის თითოეული შეკუმშვისას.

პროლაფსი არ აძლევს სარქველს საშუალებას, ბოლომდე დაიხუროს. სისხლის უკან, მარცხენა წინაგულში დაბრუნებას მიტრალური რეგურგიტაცია ეწოდება.

ეს შესაძლოა არ იწვევდეს კლინიკურ პრობლემას, თუ სისხლის მხოლოდ მცირე რაოდენობა ადის წინაგულში. მიტრალური რეგურგიტაციის მძიმე შემთხვევები იწვევს სუნთქვის უკმარისობას, დაღლილობასა და თავბრუსხვევას.

მიტრალურ პროლაფსს კლიკ–შუილის სინდრომსაც უწოდებენ. როცა ექიმი გულს სტეტოსკოპით უსმენს, იგი მოისმენს კლიკის მსგავს ხმას, როცა მიტრალური კარედები წინაგულში აიწევა. კლიკს მოსდევს შუილის ხმა, რაც გამოწვეულია სისხლის დინებით. მიტრალური სარქვლის პროლაფსის აღსაწერად გამოიყენებენ სხვა ტერმინებსაც:

  • ბარლოუს სინდრომი
  • მოფლაშული სარქვლის სინდრომი
  • ბალონური მიტრალური სარქველი
  • მიქსომატური მიტრალური სარქველი
  • მიტრალური პროლაფსის სინდრომი

სიმპტომები

მიუხედავად იმისა, რომ მიტრალური პროლაფსი გრძელვადიანი დაავადებაა, პაციენტების უმრავლესობას სიმპტომები საერთოდ არ აქვს. დიაგნოზი ხშირად აკვირვებთ ადამიანებს, რომლებიც ვერც კი ხვდებიან რომ გულის პათოლოგია აქვთ.

როცა ნიშნები და სიმპტომები ვლინდება, ეს რეგურგიტაციის (სისხლის უკან ასვლა) შედეგია. მიტრალური სარქვლის პროლაფსის სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში. სიმპტომები ხშირად მსუბუქია და თანდათანობით ვითარდება. მაგალითად:

  • სწრაფი, არარეგულარული გულისცემა– არითმია
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება
  • სუნთქვის გაძნელება, უკმარისობა, ხშირად დაწოლის ან ფიზიკური დატვირთვის დროს
  • დაღლილობა
  • ტკივილი გულმკერდის არეში, რომელსაც არ იწვევს ინფარქტი ან კორონარული დაავადება


როდის მივმართოთ ექიმს

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ეს სიმპტომი, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.

მრავალი სხვა მდგომარეობა იწვევს მიტრალური პროლაფსის მსგავს სიმპტომებს, ამიტომ აუცილებელია ვიზიტი ექიმთან ზუსტი მიზეზების დასადგენად. თუ გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში და არსებობს ინფარქტის რისკი, დარეკეთ 112–ზე.

თუ უკვე გაქვთ მიტრალური პროლაფსის დიაგნოზი, მიმართეთ ექიმს სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში.