მიტრალური სარქვლის სტენოზი
დაავადების აღწერა
მიტრალური სარქვლის სტენოზი (მიტრალური სტენოზი) გულის ერთ–ერთი სარქვლის შევიწროებაა. ამ დროს მიტრალური სარქველი ბოლომდე ვერ იღება, რაც იწვევს პარკუჭებამდე სისხლის შეფერხებულ ჩადინებას. მიტრალური სტენოზის დროს პაციენტს აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა და სხვა სიმპტომები.
მიტრალური სტენოზის მთავარი გამომწვევი მიზეზი რევმატიზმია, რომელიც უკავშირდება სტრეპტოკოკურ ინფექციებს. რევმატიზმი ახლა იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ კვლავ აქტუალურია განვითარებად სამყაროში. რევმატიზმი იწვევს სარქვლის დანაწიბურებას, სტენოზს და მის გართულებებს.
გამომწვევი მიზეზი
მიტრალური სტენოზის მიზეზებია:
- რევმატიზმი. რევმატიული ცხელება, ანუ რევმატიზმი, ყელის სტრეპტოკოკური ინფექციის გართულებაა და ადრე ხშირად გვხვდებოდა მთელ მსოფლიოში. რევმატიზმი აზიანებს მიტრალურ სარქველს და იწვევს სტენოზს, კარედების შეწებების ან გასქელების გამო. ნიშნები შესაძლოა წლობით არ გამოვლინდეს.
- კალციუმის დაგროვება. ასაკთან ერთად, კალციუმის დეპოზიტები ჩნდება მიტრალური სარქვლის გარშემო, რაც იწვევს სტენოზს.
- სხვა მიზეზები. იშვიათად, ბავშვები იბადებიან შევიწროებული სარქვლით–თანდაყოლილი დეფექტი. ქირურგიული ჩარევა რეკომენდირებულია თანდაყოლილი სტენოზის დროს. სხვა იშვიათი გამომწვევი მიზეზებია გულმკერდის ღრუში სხივური თერაპიის გამოყენება და ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება, მაგალითად მგლურა.
როგორ მუშაობს გული
გული გულსისხლძარღვთა სისტემის ცენტრალური ორგანოა და შედგება ოთხი ნაწილისაგან. ორი ზედა ნაწილი (საკანი) წინაგულებია და ისინი იღებენ სისხლს, ხოლო ქვედა ნაწილები–პარკუჭები სისხლს ორგანიზმში გადაისვრიან.
გულის ოთხი სარქველი იღება და იხურება სისხლის დინების ერთი მიმართულების შესანარჩუნებლად. მიტრალური სარქველი, რომელიც მარცხენა ნაწილების შუაში მდებარეობს, შედგება ქსოვილის ორი სტრუქტურისგან–კარედებისგან.
მიტრალური სარქველი იღება, როცა სისხლი მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში უნდა ჩავიდეს. შემდეგ სარქველი იხურება, რათა მარცხენა პარკუჭიდან აორტაში გამავალი სისხლი უკან, წინაგულში არ დაბრუნდეს.
სიმპტომები
მიტრალური სტენოზი ზოგჯერ სიმპტომებს საერთოდ არ იწვევს. მსუბუქი პრობლემები შესაძლოა სწრაფად გაუარესდეს. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:
- სუნთქვის უკმარისობა–დისპნეა, განსაკუთრებით დატვირთვის ან წოლის დროს
- დაღლილობა, განსაკუთრებით დატვირთვის დროს
- ტერფების ან კოჭების შეშუპება
- გულის ფრიალი– სწრაფი გულისცემა
- თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება
- ძლიერი ხველა, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით
- დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის არეში
- ძლიერი თავის ტკივილი, მეტყველების გართულება ან ინსულტის სხვა სიმპტომები
მიტრალური სარქვლის სტენოზის სიმპტომები შესაძლოა გაჩნდეს ან გაუარესდეს გულისცემის გახშირების დროს, მაგ. ვარჯიშისას. აჩქარებული გულისცემის ეპიზოდები ახლავს სიმპტომებს. სიმპტომებს ასევე იწვევს ორსულობა, სტრესი ან ინფექცია.
მიტრალური სარქვლის სტენოზის დროს, გულში მომატებული წნევა გადადის ფილტვებზეც, რაც იწვევს სითხის დაგროვებას ფილტვებში და სუნთქვის უკმარისობას.
მიტრალური სტენოზის სიმპტომები ხშირად 30–50 წლის ასაკში ჩნდება, მაგრამ შესაძლოა ბავშვებშიც აღინიშნოს.
მიტრალური სტენოზი იწვევს ნიშნებსა და სიმპტომებს, რომლებიც ზოგჯერ ფიზიკური კვლევის დროსაც ვლინდება. ესენია:
- გულის შუილი
- სითხის დაგროვება ფილტვში
- არარეგულარული გულისცემა– არითმია
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს და დაგეგმეთ ვიზიტი, თუ გაქვთ დაღლილობა ან სუნთქვის უკმარისობა დატვირთვის დროს.
თუ გაქვთ მიტრალური სტენოზის დიაგნოზი და სიმპტომები არ ვლინდება, ესაუბრეთ ექიმს ვიზიტების სიხშირის შესახებ.