მიუნჰაუზენის სინდრომი

დაავადების აღწერა

მიუნჰაუზენის სინდრომი მენტალური აშლილობაა, რომლის დროსაც პაციენტი ცდილობს მოატყუოს სხვები ავადმყოფობის გამოგონების ან თვითდაზიანების მიყენების გზით. სიმპტომები შესაძლოა მსუბუქი (სიმპტომის აღწერის ოდნავ გადაჭარბება) ან მძიმე. პაციენტი ზოგჯერ არამარტო იგონებს სიმპტომებსა და ავადმყოფობებს, არამედ იტყუება სამედიცინო ტესტების შესახებ ან აჯერებს სხვებს, რომ მკურნალობა, ზოგჯერ ოპერაციაც კი, აუცილებლად სჭირდება.

მიუნჰაუზენის სინდრომი არ აქვს ადამიანს, რომელიც საკუთარი მოგების გამო (სამსახურის გაცდენა და ა.შ) იტყუება ავადმყოფობის შესახებ. სინდრომით დაავადებულები აცნობიერებენ, რომ იტყუებიან, მაგრამ არ ესმით, რატომ ჩადიან ამას.

მიუნჰაუზენის სინდრომი რთული სამკურნალოა. ფსიქოლოგიური დახმარებით ვამცირებთ სიმპტომების სიმძიმეს და ზოგჯერ საკუთარი თავის დაზიანების დროს სიკვდილის განვითარების შანსსაც კი.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, რა იწვევს მიუნჰაუზენის სინდრომს. სავარაუდოა, რომ დაავადებულს ბავშვობაში გადატანილი აქვს მძიმე ავადმყოფობა ან იყო ოჯახში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

სიმპტომები

მიუნჰაუზენის სინდრომის დროს პაციენტი იტყუება, რომ ცუდადაა. ასეთ შემთხვევებში პაციენტები ყველაფერზე მიდიან, რათა სხვები ტყუილში დაარწმუნონ. სიმპტომებიც ამოცნობა საკმაოდ რთულია.

არსებობს სინდრომის ერთი ტიპი, რომლის დროსაც დაავადებული სხვა ადამიანზე იტყუება. ძირითადად, ეს მშობელს ემართება, რომელიც იტყუება, რომ მისი შვილი ცუდადაა და მკურნალობა სჭირდება. ამ ტიპის ძალადობა ბავშვზე მას სერიოზულ ზიანს აყენებს, არასაჭირო სამედიცინო ჩარევის გამო.

მიუნჰაუზენის სინდრომის ნიშნებია:

  • მოფიქრებული, დაგეგმილი სამედიცინო სიმპტომები
  • ხშირი ჰოსპიტალიზაცია
  • უცნაური ან არალოგიკური სიმპტომები
  • მდგომარეობის გართულება უმიზეზოდ
  • სტანდარტული თერაპიის დროს მდგომარეობის უკეთესობა არ აღინიშნება
  • პაციენტის მხრიდან ხშირი ანალიზის ან ოპერაციის მოთხოვნა
  • სამედიცინო ტერმინებისა და დაავადებების ცოდნა
  • ბევრ სხვადასხვა ექიმთან ვიზიტი, სხვადასხვა საავადმყოფოებში, ზოგჯერ ყალბი სახელით
  • მნახველების სიმცირე ჰოსპიტალიზაციის პერიოდში
  • პაციენტი არ აძლევს ექიმს საშუალებას, გაესაუბროს ოჯახის წევრებს ან სხვა ექიმებს
  • კონფლიქტი საავადმყოფოს პერსონალთან
  • ტკივილგამაყუჩებლების ან სხვა პრეპარატების ხშირი მოთხოვნა



როგორ “აყალბებენ” ავადმყოფობას

რადგან მიუნჰაუზენის სინდრომით დავადებულნი საკმაოდ კარგად ახერხებენ სიმპტომებისა და ავადმყოფობების მოგონებას, სამედიცინო პერსონალს ზოგჯერ უჭირს ამ დაავადების ამოცნობა. რთულია, გაარჩიო ნამდვილი და მოგონილი ავადმყოფობა.

პაციენტები იგონებენ სიმპტომებს ამ მეთოდებით:

  • არსებული სიმპტომების აღწერის დროს, პაციენტი აჭარბებს რეალობას და ამბობს, რომ უფრო ცუდადაა, ვიდრე სინამდვილეში.
  • ისტორიების გამოგონება. ზოგჯერ პაციენტი არასწორად გვიამბობს მის ჯანმრთელობის ისტორიას, მაგალითად ამბობს, რომ სიმსივნე ან აივ/შიდსი აქვს. ზოგჯერ დაავადებული აყალბებს სამედიცინო ისტორიის დოკუმენტებს.
  • სიმპტომების გამოგონება– მუცლის ტკივილის, გულყრის ან გულის წასვლის იმიტაცია.
  • თვითდაზიანება. ზოგჯერ პაციენტები საკუთარ თავს აყენებენ დაზიანებებს, მაგალითად ბაქტერიით დაბინზურებული ინექციები, ფეკალიებით დაბინძურება. პაციენტმა შესაძლოა მიიყენოს დამწვრობა ან ჭრილობა ან მიიღოს მედიკამენტები, როგორიცაა სისხლის გამათხელებლები ან დიაბეტური წამლები, რათა მდგომარეობა დაემსგავსოს დაავადებას. ზოგჯერ პაციენტი ხელს უშლის რილობის შეხორცებას, ჭრილობის გახსნის ან შეგნებულად მისი დაბინძურების გზით.
  • ტესტების გაყალბება. ზოგჯერ პაციენტები აყალბებენ სამედიცინო ტესტებს, მაგალითად აცხელებენ თერმომეტრს, აბინძურებენ შარდის ანალიზს სისხლით ან სხვა ნივთიერებებით და ა.შ.



როდის მივმართოთ ექიმს

მიუნჰაუზენის სინდრომით დაავადებულს შესაძლოა ესმოდეს, რომ საკუთარი თავის დაზიანებით საკმაოდ მაღალი რისკების წინაშე დგას. ამის მიუხედავად, მას უჭირს გააკონტროლოს იმპულსური ქცევა და იშვიათად ითხოვს დახმარებას. როცა პაციენტს წარედგინება დამადასტურებელი მტკიცებულებები, როგორიცაა ვიდეო, იგი უარყოფს ყველაფერს და უარს ამბობს მკურნალობაზე.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი იტყუება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შეგიძლიათ ცადოთ მასთან დალაპარაკება. არ გაბრაზდეთ და დაადანაშაულოთ დაავადებული, შესთავაზეთ დახმარება და მკურნალობის ძიება.

თუ თქვენი მეგობარი ან ოჯახის წევრი ეცდება თვითდაზიანებას ან თვითმკვლელობას, დარეკეთ 112–ზე და მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება. თუ შესაძლებელია, გადაიყვანეთ იგი საავადმყოფოში თავად.