მხედველობის ნერვის ანთება

დაავადების აღწერა

მხედველობის ნერვის ანთება ეხება ნეირონების იმ გროვას, რომელსაც გადააქვს ვიზუალური ინფორმაცია თვალიდან თავის ტვინამდე. ტკივილი და მხედველობის დროებითი დაკარგვა ანთების ხშირი სიმპტომებია.

მხედველობის ნერვის ანთება ასოცირებულია გაფანტულ სკლეროზთან–დაავადებასთან, რომელიც იწვევს ნერვების ანთებასა და დაზიანებას როგორც თავის ტვინში, ასევე ზურგის ტვინში. ზოგიერთ ადამიანში, დაავადების ნიშნები და სიმპტომები პირველად მხედველობის ნერვის ანთებით იწყება.

თუ პაციენტს ჰქონდა მხედველობის ნერვის ანთების ერთი ეპიზოდი, სავარაუდოდ მხედველობა უპრობლემოდ აღდგება. სტეროიდების გამოყენება აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

გამომწვევი მიზეზი

მხედველობის ნერვის ანთების ზუსტი მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, მხედველობის ნერვის ანთება ყალიბდება, როცა იმუნური სისტემა შეცდომით ებრძვის ნერვის მფარავ გარსს–მიელინს. იმუნური პასუხი ვლინდება ანთებით.

ნორმაში, მიელინი ეხმარება ელექტრული იმპულსების გადაცემას თვალიდან ტვინში, სადაც აღიქმება ვიზუალური ინფორმაცია. მხედველობის ნერვის ანთება აზიანებს ამ პროცესს, რაც გავლენას ახდენს მხედველობაზეც.

მხედველობის ნერვის ანთება დაკავშირებულია აუტოიმუნურ დაავადებებთან:

  • გაფანტული სკლეროზი. გაფანტული სკლეროზი დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ებრძვის მიელინის გარსებს არამარტო თავის ტვინში, არამედ ზურგის ტვინშიც. მხედველობის ნერვის ანთების დროს, გაფანტული სკლეროზის განვითარების შანსი ერთი ეპიზოდის შემთხვევაში 50 %–მდეა.

    გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკი მხედველობის ნერვის ანთების შემდეგ კიდევ უფრო მაღალია, თუ მაგნეტორეზონანსტული კვლევით დასტურდება ტვინის დაზიანება.

  • ნეირომიელიტის ოპტიკა. ამ მდგომარეობის დროს, ანთება ვრცელდება მხედველობის ნერვსა და ზურგის ტვინზე. დაავადება გავს გაფანტულ სკლეროზს, მაგრამ მისგან განსხვავებით არ აზიანებს ნერვებს თავის ტვინში. მხედველობის ნერვის ანთება ნეირომიელიტის დროს უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე გაფანტულ სკლეროზთან ასოცირებული მხედველობის ნერვის ანთება.
  • სხვა აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა სარკოიდოზი, სისტემური მგლურა ასევე ასოცირდება მხედველობის ნერვის ანთებასთან.



სხვა ფაქტორებია:

  • ინფექციები. ბაქტერიული ინფექციები, როგორიცაა ლაიმის დაავადება, სიფილისი, ვირუსები–წითელა, წითურა, ჰერპესი შესაძლოა უკავშირდებოდეს მხედველობის ნერვის ანთებას.
  • მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი ასოცირებულია მხედველობის ნერვის ანთებასთან. მაგალითია ეთამბუთოლი, რომელიც ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

სიმპტომები

მხედველობის ნერვის ანთება ხშირად ერთ თვალზე ვითარდება. სიმპტომებია:

  • ტკივილი. მხედველობის ნერვის ანთების დროს ხშირად უჩივიან ტკივილს. პაციენტები აღწერენ ყრუ ტკივილს, რომელიც თვალის უკან მდებარეობს.
  • მხედველობის დაკარგვა. მხედველობის ნერვის ანთების დროს, პაციენტების უმეტესობა უჩივის მხედველობის დროებით დაქვეითებას ან დაკარგვას, თუმცა სიმძიმე განსხვავდება. მხედველობა რამდენიმე საათში ან დღეში ქვეითდება. ვარჯიში ან თბილი აბაზანა ართულებს მდგომამრეობას. ზოგჯერ, მხედველობის პრობლემები მუდმივია.
  • ფერადი მხედველობის დაქვეითება. მხედველობის ნერვის ანთება ასუსტებს ფერების გარჩევადობის უნარს. შესაძლოა პაციენტმა თქვას, რომ ფერები უფრო მუქად, უფერულად ეჩვენება.
  • ნათება. მხედველობის ნერვის ანთების დროს, ზოგიერთი პაციენტი აღწერს სინათლის გაელვებებს.



როდის მივმართოთ ექიმს

თვალის დაავადებები შესაძლოა გართულდეს. ზოგიერთი დაავადება იწვევს მხედველობის მუდმივ დაქვეითებას. მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ ახალი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ან მხედველობის ცვლილება
  • სიმპტომები უარესდება ან არ მსუბუქდება მკურნალობისას
  • გაქვთ უჩვეულო სიმპტომები, როგორიცაა მგრძნობელობის დაკარგვა, სისუსტე კიდურებში, რაც მიანიშნებს ნევროლოგიურ დაავადებაზე