მხრის ნერვული წნულის დაზიანება

დაავადების აღწერა

მხრის ნერვული წნული ნერვების ქსელია, რომელიც სიგნალს გადასცემს ზურგის ტვინიდან მხარში, ხელსა და მტევანში. წნულის დაზიანება ხდება ნერვების დაჭიმვით, კომპრესიით ან მძიმე შემთხვევებში, გახევით ზურგის ტვინიდან.

წნულის მსუბუქი დაზიანება ხშირია კონტაქტურ სპორტში, როგორიცაა ამერიკული ფეხბურთი და რაგბი. ზოგჯერ, ახალდაბადებულებში გვხვდება წნულის დაზიანება სამშობიარო ტრავმის გამო. სხვა მდგომარეობები, როგორიცაა ანთება ან სიმსივნე, ასევე შეიძლება აზიანებდეს მხრის წნულს.

მხრის წნულის დაზიანების ყველაზე მძიმე შემთხვევები უკავშირდება ავტოავარიებს. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ ხელი პარალიზებული დარჩეს, ფუნქციისა და მგრძნობელობის დაკარგვით. ქირურგიული ჩარევა, როგორიცაა ნერვების გადანერგვა, კუნთის გადანერგვა, ზოგჯერ ეხმარება ადამიანს ხელის ფუნქციის დაბრუნებაში.

გამომწვევი მიზეზი

კიდურის ზედა ნერვების დაზიანება, რომლებიც წნულის შემადგენლობაშია, ხდება მაშინ, როცა მხარი ქვემოთ იხრება, ხოლო კისერი გაშლილი, გაჭიმულია და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ქვედა ნერვების დაზიანება კი კიდურის თავზე ზემოთ აწევისას ხდება. დაზიანების მიღება სხვადასხვა დროსაა შესაძლებელი:

  • კონტაქტური სპორტი. რაგბისტებს ხშირად აწუხებთ წნულის დაზიანებები, რადგან ნერვების დაჭიმვა სხვა მოთამაშეებთან შეჯახებების დროს ხდება.
  • რთული მშობიარობა. ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ წნულის დაზიანება ტრავმის გამო, როცა ნაყოფი გარდიგარდმო მდგომარეობაშია ან მშობიარობა ხანგრძლივდება. თუ ახალშობილის მხრები მშობიარობისას კომპრესირებულია, ზიანდება მხრის წნული. ყველაზე ხშირად ზედა ნერვები ზიანდება, ამ დამბლას ერბის დამბლასაც უწოდებენ. წნულის ტოტალური დაზიანება ზედა და ქვედა ნერვების დაზიანებით მიმდინარეობს.
  • ტრავმა. ტრავმის რამდენიმე ფორმა (ავტოავარია, ვარდნა, ტყვიით მიყენებული ჭრილობა) შესაძლოა იყოს წნულის დაზიანების მიზეზი.
  • ანთება. ანთებითი პროცესი აზიანებს მხრის წნულს. იშვიათი მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება პერსონაჯ–ტერნერის სინდრომი (მხრის წნულის ანთება) იწვევს ანთებას ტრავმის გარეშე და რთულდება ხელის კუნთების პარალიზით.
  • სიმსივნეები. კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე შესაძლოა გაიზარდოს წნულთან ახლოს, დააწვეს ნერვებს ან გავრცელდეს ნერვებზე, რითაც დააზიანებს წნულს.
  • სხივური თერაპია. რადიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს წნულის დაზიანება.

სიმპტომები

ნიშნები და სიმპტომები მკვეთრად განსხვავდება სიმძიმისა და დაზიანების ადგილმდებარეობის მიხედვით. ძირითადად მხოლოდ ერთი კიდურია დაზიანებული.

ნაკლებად მძიმე დაზიანებები

მცირე დაზიანება კონტაქტური სპორტების დროს ხშირად ხდება, როგორიცაა რაგბი ან ჭიდაობა. ამ დროს წნული კომპრესირდება ან იჭიმება. სიმპტომები და ნიშნებია:

  • ელექტრული შოკის გავრცელების ან წვის შეგრძნება, რომელიც ვრცელდება მხრიდან ხელზე
  • დაბუჟება ან სისუსტე ხელში
  • ეს სიმპტომები ძირითადად წამებს ან წუთებს გრძელდება, მაგრამ ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან მეტი.



შედარებით მძიმე დაზიანებები

შედარებით მძიმე დაზიანებების მიზეზი ნერვების ძლიერი ტრავმა ან გაწყვეტაა. ყველაზე მძიმე დაზიანება (ავულსია) ხდება, როცა ნერვის ფესვი წყდება ზურგის ტვინს.

მძიმე დაზიანების ნიშნები და სიმპტომებია:

  • კუნთების სისუსტე ან ზოგიერთი კუნთის შეკუმშვის უნარის დაქვეითება მტევანში, ხელში ან მხარში
  • მოძრაობის არარსებობა ხელში, მხარსა და მტევანში
  • ძლიერი ტკივილი



როდის მივმართოთ ექიმს

მხრის წნულის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი სისუსტე ან პარალიზი. თუ დაზიანება მსუბუქი ჩანს, მაინც საჭიროა სამედიცინო ყურადღება. მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ხშირად გაქვთ მსგავსი დაზიანების სიმპტომი
  • გაქვთ სისუსტის შეგრნება ხელში ან მხარში
  • გაქვთ სისუსტის შეგრნება ზედა კიდურში ტრავმის შემდგომ
  • გაქვთ კიდურის სრული პარალიზი ტრავმის შემდგომ
  • გტკივათ კისერი
  • სიმპტომები გაქვთ ორივე ხელში
  • სიმპტომები ვრცელდება ზედა და ქვედა კიდურებზე



მნიშვნელოვანია, მიმართოთ ექიმს და იმკურნალოთ დაზიანებიდან არაუმეტეს 6–7 თვის შემდეგ. გადადებული მკურნალობა ნერვებზე წარმატებული ქირურგიული ჩარევის შანსს ამცირებს.