მოძრავი სათესლე ჯირკვალი

დაავადების აღწერა

მოძრავი სათესლე ჯირკვალი გადაადგილდება სათესლე პარკიდან საზარდულის არხში და უკან. როცა სათესლე ჯირკვალი საზარდულის არხშია, შესაძლებელია ფიზიკური გამოკვლევის დროს ხელით მისი სათესლე პარკში ჩატანა. სათესლე პარკი კანის აბგაა, რომელიც პენისის უკან მდებარეობს და მოიცავს სათესლე ჯირკვლებს.

ბიჭების უმეტესობისათვის, მოძრავი სათესლე ჯირკვლის პრობლემა ქრება გარდატეხის ასაკამდე ან ასაკში. გარდატეხის ასაკში სათესლე ჯირვალი სათესლე პარკში ბრუნდება და მუდმივად იქ რჩება.

შემთხვევათა მეოთხედში, მოძრავი სათესლე ჯირკვალი რჩება საზარდულის არხში და წყვეტს მოძრაობას.

გამომწვევი მიზეზი

კუნთის ჰიპერაქტიურობა ხდება მოძრავი სათესლე ჯირკვლის განვითარების მიზეზი. კრემასტერული კუნთი თხელი ქსოვილია, რომელშიც სათესლე ჯირკვალი მდებარეობს. როცა კრემასტერული კუნთი იკუმშება, სათესლე ჯირკვალი სხეულთან ახლოს, ზემოთ გადაადგილდება.

კრემასტერული კუნთის მთავარი დანიშნულება სათესლე ჯირკვლის ტემპერატურის კონტროლია. სათესლე ჯირკვლის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, აუცილებელია უფრო გრილი ტემპერატურა, ვიდრე ორგანიზმშია. როცა თბილა, კრემასტერული კუნთი მოდუნებულია. როცა ცივა, კრემასტერული კუნთი იკუმშება და სათესლე ჯირკვალი ორგანიზმთან ახლოს მიაქვს. კრემასტერის რეფლექსის გამოწვევა შესაძლებელია ბარძაყის შიდა ზედაპირზე გენიტოფემორალური ნერვის გაღიზიანებით, ასევე ემოციური მდგომარეობის, შფოთვის დროს.

თუ კრემასტერის რეფლექსი ძლიერია, შესაძლოა განვითარდეს მოძრავი სათესლე ჯირკვალი. ამ დროს სათესლე საზარდულის არხში და უკან, პარკში მოძრაობს.

რატომ შეიძლება დარჩეს სათესლე ჯირკვალი საზარდულის არხში

მოძრავი სათესლე ჯირკვლის შემთხვევათა მცირე რაოდენობის დროს, სათესლე რჩება საზარდულის არხში. ეს ნიშნავს, რომ სათესლე ჯირკვლის მოძრაობა უკვე შეზღუდულია და აღარ ბრუნდება სათესლე პარკში. ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • მოკლე სათესლე ბაგირაკი. თითოეული სათესლე ჯირკვალი ემაგრება სათესლე ბაგირაკს, რომელიც გრძელდება საზარდულის არხიდან სათესლე პარკამდე. ბაგირაკი შეიცავს სისხლძარღვებს, ნერვებსა და სპერმის გამომტან მილს, რომელიც ატარებს სპერმას სათესლესა და პენისს შორის. თუ სათესლე ბაგირაკი არ განვითარდა სწორად, მისი მოჭიმვა და სიმოკლე იწვევს სათესლის აქაჩვას.
  • სათესლე ჯირკვლის ჩამოსვლის პრობლემა. სათესლე ნორმაში მუცლის ღრუში ვითარდება, შემდეგ კი სათესლე პარკში ჩამოდის. ზოგჯერ, ნაყოფის სათესლის ნაწილი მუცლის ღრუს ვერ შორდება და შესაძლოა იწვევდეს სათესლე ჯირკვლის აქაჩვას.
  • ნაწიბუროვანი ქსოვილი თიაქრის ოპერაციის გამო. საზარდულის თიაქარი გამოწვეულია მუცლის შრეებში მცირე ხვრელით, რომელშიც ნაწლავების ნაწილი გამოდის. ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც ქირურგიული ჩარევის შემდგომ ჩნდება, შესაძლოა გახდეს სათესლე ბაგირაკის ელასტიურობის დაკარგვის მიზეზი.

სიმპტომები

სათესლე ჯირკვლები მუცლის ღრუში ყალიბდება ემბრიონული განვითარების დროს. ბოლო თვეებში, სათესლე ჯირკვლები თანდათან ჩადის სათესლე პარკში. თუ თქვენს შვილს აქვს მოძრავი ჯირკვალი, ეს ნიშნავს, რომ სათესლე ნორმალურად ჩავიდა პარკში, მაგრამ ვერ მოხდა მისი ფიქსირება.

მოძრავი სათესლე ჯირკვლის ნიშნები და სიმპტომებია:

  • სათესლე ჯირკვალი საზარდულის არხიდან სათესლე პარკში შეიძლება ხელით გადაიტანოს, მაგრამ მალევე არ დაბრუნდება საზარდულში
  • სათესლე შესაძლოა სათესლე პარკში რაღაც პერიოდის განმავლობაში დარჩეს
  • სათესლე შესაძლოა საზარდულის არხში გარკვეული პერიოდით დარჩეს
  • სათესლე ჯირკვლის მოძრაობა თითქმის ყოველთვის უმტკივნეულოა და არ იწვევს დისკომფორტს. ამის გამო, მოძრავი სათესლე ჯირკვალი მხოლოდ მაშინ შეიმჩნევა, როცა პაციენტი სათესლე პარკში ჯირკვალს ვეღარ შეიგრძნობს.
  • ცალი სათესლე ჯირკვლის მდებარეობა ძირითადად არ უკავშირდება მეორე ჯირკვლის მდებარეობას. მაგალითად, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ერთი მოძრავი სათესლე ჯირკვალი, მეორე კი ნორმალური.
  • მოძრავი სათესლე ჯირკვალი განსხვავდება კრიპტორქიდიზმისგან, რომლის დროსაც სათესლე არ ჩამოდის მუცლის ღრუდან სათესლე პარკში. თუ ექიმი შეეცდება ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვლის პარკში დაბრუნდებას, განვითარდება ტკივილი და დისკომფორტი.



როდის მივმართოთ ექიმს

ბავშვის რეგულარული შემოწმებების დროს, ექიმი გასინჯავს სათესლე ჯირკვლის ნორმალურ მდებარეობასა და მდგომარეობას. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს აქვს მოძრავი სათესლე ჯირკვალი ან სათესლე ჯირკვლის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემა, მიმართეთ ექიმს. იგი დაადგენს, რამდენად ხშირად უნდა შემოწმდეს მდგომარეობა.

თუ თქვენს ბავშვს აქვს ტკივილი საზარდულში ან სათესლე ჯირკვლებზე, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.