მოგზაურთა დიარეა

დაავადების აღწერა

მოგზაურთა დიარეა არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება რომელიც იწვევს ფაღარათს და მუცლის კრუნჩხვებს. იგი გამოწვეულია დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით. საბედნიეროდ მოგზაურთა დიარეა სერიოზული პრობლემა არ არის.

მოგზაურთა დიარეის განვითარების რისკი იზრდება ისეთ ადგილებში ვიზიტისას, სადაც განსხვავებული კლიმატი, სოციალური მდგომარეობა და სანიტარული ნორმებია.

მოგზაურობისას კვების და წყლის დალევის დროს სიფრთხილის გამოჩენა დაგეხმარებათ მოგზაურთა დიარეის თავიდან აცილებაში. მოგზაურთა დიარეა უმეტეს შემთხვევაში მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ურიგო არ იქნებოდა ექიმის გამოწერილი წამლების წაღება ისეთ ადგილებში მოგზაურობისას, სადაც გავრცელებულია ფაღარათი.

გამომწვევი მიზეზი

მოგზაურთა დიარეა შეიძლება გამოიწვიოს მოგზაურობის სტრესმა ან კვების რაციონის ცვლილებამ, თუმცა უფრო ხშირი მიზეზი ინფექციური აგენტია.

ჩვეულებრივ მოგზაურთა დიარეა ვითარდება მიკროორგანიზმებით დაბინძურებული საკვების ან სასმელის მიღებისას. ეს მიკროორგანიზმები არიან სხვადასხვა ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტები, რომლებიც ხვდებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და იწვევენ მოგზაურთა დიარეის ნიშნებს და სიმპტომებს.

მოგზაურთა დიარეის ყველაზე ხშირი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი. ეს ბაქტერია უმაგრდება ნაწლავის გარსს და გამოყოფს ტოქსინს, რომელიც იწვევს ფაღარათს და მუცლის კრუნჩხვებს.

რატომ არ არიან მაღალ-რისკიანი ქვეყნების მკვიდრნი იგივე რისკის ქვეშ? მათი ორგანიზმები ეჩვევიან ბაქტერიას და მათ წინააღმდეგ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ.

სიმპტომები

მოგზაურთა დიარეა უეცრად ვითარდება მოგზაურობის დროს ან სახლში დაბრუნებიდან მცირე ხანში. შემთხვევათა უმეტესობა ქრება რამდენიმე დღეში, თუმცა მოგზაურობის პერიოდში მოგზაურთა დიარეის რამდენიმე ეპიზოდი შეიძლება გქონდეთ.

მოგზაურთა დიარეის ყველაზე ხშირი ნიშნები და სიმპტომებია:

  • დღეში სამჯერ ან მეტჯერ დეფეკაცია
  • დეფეკაციის სასწრაფო მოთხოვნილება
  • მუცლის კრუნჩხვები
  • გულისრევა
  • პირღებინება
  • ტემპერატურის მომატება



ხანდახან ადამიანებს აქვთ საშუალო ან მძიმე გაუწყლოება, ხანგრძლივი პირღებინება, მაღალი ტემპერატურა, სისხლიანი განავალი ან მწვავე ტკივილი მუცელში ან სწორ ნაწლავში. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი ან ფაღარათი რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გრძელდება, მიმართეთ ექიმს.

როდის მივმართოთ ექიმს

მოგზაურთა დიარეა როგორც წესი რამდენიმე დღეში ქრება. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება უფრო ხანგრძლივი და მწვავე იყოს თუ დაავადება გავრცელებული ბაქტერიით არაა გამოწვეული. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტების მიღება.

მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ მწვავე გაუწყლოება, ხანგრძლივი პირღებინება, სისხლიანი განავალი და მაღალი ტემპერატურა ან თუ სიმპტომები რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გრძელდება. ადგილობრივი საელჩო ან საკონსულო დაგეხმარებათ ისეთი ექიმის პოვნაში, რომელიც თქვენს ენაზე საუბრობს.

ბავშვთან მიმართებაში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ რადგან მოგზაურთა დიარეა მოკლე პერიოდში იწვევს გაუწყლოებას. მიმართეთ ექიმს თუ ბავშვი ავადაა და აქვს შემდეგი ნიშნები ან სიმპტომები:

  • ხანგრძლივი პირღებინება
  • სისხლიანი განავალი ან მწვავე ფაღარათი
  • 39C-ზე მაღალი ტემპერატურა
  • პირის სიმშრალე ან ტირილი ცრემლების გარეშე
  • უჩეულო ძილიანობის ან მიძინებულობის ნიშნები
  • შარდის შემცირებული მოცულობა; ჩვილებში ნაკლები სველი პამპერსი