მოხუცებულთა პიგმენტური ლაქები

დაავადების აღწერა

მოხუცებულთა ლაქები (ღვიძლისმიერი ლაქები, მზის ლენტიგო) ბრტყელი, ყავისფერი ან შავი ლაქებია, რომლებიც განსხვავდება ზომით და ძირითადად ვლინდება სახეზე, ხელებზე, მხრებსა და წინამხრებზე (ის ადგილები, სადაც მზის გავლენა დიდია).

მოხუცებულთა ქალები 50 წელს ზემოთ მოზრდილებში გვხვდება, თუმცა უფრო ახალგაზრდა ადამიანებსაც შეიძლება ჰქონდეთ, თუ ისინი დიდ დროს ატარებენ მზეზე.

შესაძლოა მოხუცებულთა ლაქები სიმსივნური წარმონაქმნი გვეგონოს, თუმცა სინამდვილეში ეს ლაქები უვნებელია და არ საჭიროებს მკურნალობას. კოსმეტიკური მიზეზების გამო, დღესდღეობით შესაძლებელია ლაქების გათეთრება ან ამოწვა. ლაქების გაჩენის პრევენცია (მზის თავიდან არიდება ან მზის სხივებისგან დამცავი კრემის გამოყენება) ყველაზე კარგი საშუალებაა კანის ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად.

გამომწვევი მიზეზი

მოხუცებულთა ლაქებს ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი (წლები) ზემოქმედება იწვევს. სოლარიუმების ხშირი გამოყენება ასევე ხელს უწყობს სხივების ზეგავლენას.

კანის გარეთა შრეში (ეპიდერმისი) მოთავსებულია პიგმენტი, რომელიც კანს ფერს აძლევს. ამ პიგმენტს მელანინი ეწოდება. ულტრაიისფერი სხივი აჩქარებს მელანინის წარმოქმნას, რაც უცვლის კანს ფერს, ხოლო მელანინის დეპოზიცია იცავს კანის შიდა, ღრმა შრეებს სხივების ზემოქმედებისაგან.

კანის იმ ადგილებში, რომლებიც წლობით განიცდიან სხივების ზემოქმედებას, ჩნდება მოხუცებულთა ლაქები. ლაქებში მაღალი კონცენტრაციითაა დაგროვილი მელანინი.

სიმპტომები

მოხუცებულთა ლაქები ტიპიურად ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში ჩნდება, თუმცა შესაზლოა მუქკანიანებშიც შეგვხვდეს. ლაქები არის:

  • ბრტყელი, ოვალური, მომატებული პიგმენტაციით
  • ღია ყავისფერი, მუქი ყავისფერი ან შავი
  • ხელის მტევნის ზურგზე, ფეხებზე, მხრებსა და ზურგის ზედა ნაწილში
  • ლაქების ზომა ვარირებს ჭორფლის ზომიდან დაახლოებით 13 მილიმეტრის დიამეტრის ზომამდე, ასევე შესაძლებელია ლაქების თავმოყრა, რაც მას უფრო გამოხატულს ხდის.


როდის მივმართოთ ექიმს

შესაძლოა არ მოგწონდეთ კანის ვიზუალური მხარე, მაგრამ მოხუცებულთა ლაქები ძირითადად უვნებელია და არ საჭიროებს მკურნალობას. თქვენმა ექიმმა უნდა შეაფასოს ის ლაქები, რომლებიც ძალიან მუქია და იცვლიან თვისებებს, რადგან ასეთი წარმონაქმნები შესაძლოა მელანომას ახლდეს თან (სიმსივნის მძიმე ფორმა).

რეკომენდირებულია კანის დაზიანებების ექიმის მიერ შეფასება. მითუმეტეს, თუ ეს დაზიანება:

  • ძალიან მუქი ფერისაა
  • სწრაფად იზრდება
  • აქვს არარეგულარული, უსწორმასწორო საზღვრები
  • აქვს ფერთა უჩვეულო კომბინაცია
  • თან ახლავს ქავილი, შეწითლება, მტკივნეულობა ან სისხლდენა