მოყინვა
დაავადების აღწერა
მოყინვა შეიძლება განვითარდეს კანზე და კანქვეშა ქსოვილებზე. პირველ რიგში, კანი ცივდება და წითლდება, შემდეგ ვითარდება დაბუჟება, კანის გამაგრება და გაფერმკრთალება. მოყინვა ყველაზე ხშირი თითებზე, ფეხის თითებზე, ყურებზე, ლოყებსა და ნიკაპზეა. კანი სიცივეში, განსაკუთრებით ქარიან ამინდში, მიდრეკილია მოყინვისკენ. მოყინვა შესაძლოა ტანსაცმლით დაფარულ ადგილზეც კი განვითარდეს.
მოყინვის ადრეული სტადიები არ იწვევს მუდმივ დაზიანებას კანზე. მსუბუქი მოყინვის მკურნალობა შესაძლებელია მარტივი ხერხებით, მაგალითად კანის გათბობით. სხვა შემთხვევების დროს საჭიროა სამედიცინო ყურადღება, რადგან ზიანდება კანი, ქსოვილები, კუნთი და ძვლებიც კი. შესაძლო გართულებებია ინფექცია და ნერვული დაზიანებები.
გამომწვევი მიზეზი
მოყინვა ვითარდება, როცა კანი და კანქვეშა ქსოვილები იყინება. ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი ამინდია. ასევე შესაძლებელია მოყინვის განვითარება ყინულთან შეხებისას, გარკვეულ მეტალებთან ან ცივ სითხეებთან კონტაქტისას.
კონკრეტული მდგომარეობები, რომლებიც იწვევს მოყინვას:
- შეუსაბამო ტანსაცმლის ტარება, როცა ტანსაცმელი არ გიცავთ სიცივისგან, ქარისაგან, სისველისაგან
- სიცივეში და ქარში დიდხანს გაჩერება. რისკი მატულობს, როცა ტემპერატურა –15 გრადუსია ცელსიუსით, თუნდაც ქარი დაბალი სიჩქარით ქროდეს. თუ ტემპერატურა –27 გრადუსს აღწევს, მოყინვა 30 წუთზე ნაკლებშიც ვითარდება.
- ყინულის, გაყინული პაკეტების ან მეტალის შეხება იწვევს მოყინვას.
სიმპტომები
მოყინვის ნიშნები და სიმპტომებია:
- პირველად, კანის გაციება და დაბუჟება
- მგრძნობელობის დაქვეითება
- წითელი, მოლურჯო–თეთრი ან მონაცრისფრო–მოყვითალო კანი
- გამაგრებული კანი
- უხეში მოძრაობები სახსრების ან კუნთების გაშეშების გამო
- მძიმე შემთხვევებში, დაწყლულება გათბობის შემდეგ
მოყინვა ხშირია ხელისა და ფეხის თითებზე, ცხვირზე, ყურებზე, ლოყებსა და ნიკაპზე. რადგანაც კანი დაბუჟებულია, შესაძლოა ვერ იგრძნოთ მოყინვის განვითარება, სანამ სხვა არ შეამჩნევს ამას.
მოყინვას ახასიათებს რამდენიმე სტადია:
- ადრეული სტადია. მოყინვის მსუბუქი ფორმების დროს, კანი ფერმკრთალი ან წითელი და გაციებულია. მოყინვის დამძიმება იწვევს მგრძნობელობის შემცირებას დაზიანებულ არეში. როცა კანი გათბება, შესაძლოა იგრძნოთ ტკივილიც. ადრეული ფორმები არ იწვევს კანის მუდმივ დაზიანებას.
- ზედაპირული მოყინვა. მოყინვის მეორე სტადია ზედაპირულია, კანი თეთრდება ან ფერმკრთალდება. კანი შესაძლოა რბილი იყოს, მაგრამ ზოგჯერ იქმნება ყინულის კრისტალები ქსოვილებში. კანი შესაძლოა თბილადაც კი მოგეჩვენოთ, რაც ცუდი ნიშანია. ამ სტადიაზე გათბობით კანის ფერი ხდება მოლურჯო–იასამნისფერი, შესაძლებელია განვითარდეს შესიება, წვა. ყალიბდება სითხით სავსე წყლული გათბობიდან 24–36 საათში.
- მძიმე (ღრმა) მოყინვა. მოყინვის დამძიმების შემთხვევაში, ჩართულია კანის ყველა შრე, მათ შორის კანქვეშა ქსოვილები. შესაძლოა იგრძნოთ მგრძნობელობის შემცირება, სიცივის, ტკივილის აღქმის უნარის დაქვეითება. სახსრები და კუნთები აღარ ფუნქციონირებს. დიდი ზომის წყლულები ჩნდება გათბობიდან 24–48 საათში. დაზიანებული რეგიონი შავდება და მაგრდება, ქსოვილები ნეკროზულია.
როდის მივმართოთ ექიმს
მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ:
- ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც გავს მძიმე, ღრმა მოყინვის სიმპტომებს – თეთრი კანი, მგრძნობელობის დაქვეითება, წყლულები
- გაძლიერებული ტკივილი, შესიება, შეწითლება, გამონადენი დაზიანებული არედან
- სიცხე
- ახალი, აუხსნელი სიმპტომები
მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ არსებობს ჰიპოთერმიის რისკი– მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი სითბოს უფრო სწრაფად გასცემს, ვიდრე წარმოქმნის. ჰიპოთერმიის ნიშნები და სიმპტომებია:
- ძლიერი კანკალი
- შენელებული მეტყველება
- მოთენთილობა და კოორდინაციის დაკარგვა