მსხვილი ნაწლავის კიბო

დაავადების აღწერა

მსხვილი ნაწლავის კიბო საჭმლის მომნელებელი სისტემის ქვედა ნაწილებში გვხვდება, ხოლო სწორი ნაწლავის კიბო მსხვილი ნაწლავის ბოლო რამდენიმე სანტიმეტრზე არსებულ სიმსივნეებს მოიცავს. ხშირად ამ ორ მდგომარეობას ერთად კოლორექტალურ (კოლო–მსხვილი ნაწლავის, რექტალურ–სწორი ნაწლავის) კიბოსაც უწოდებენ.

მსხვილი ნაწლავის კიბო უმეტესად უჯრედების მცირე წანაზარდებით, კეთილთვისებიანი, ადენომატოზური პოლიპებით იწყება. დროთა განმავლობაში პოლიპები კიბოში გადაიზრდება.

პოლიპი შესაძლოა მცირე ზომის იყოს და უსიმპტომოდ არსებობდეს, ან ავლენდეს მსუბუქ სიმპტომებს. ამის გამო, ექიმები გვირჩევენ რეგულარულ სკრინინგს, ნაწლავის კიბოს პრევენციის მიზნით, პოლიპების დროულად აღმოსაჩენად, სანამ კიბო წარმოიქმნება.

გამომწვევი მიზეზი

ძირითადად, უცნობია, რა იწვევს ნაწლავის კიბოს. ექიმებმა იციან, რომ ნაწლავის კიბო ჯანმრთელი უჯრედების გადაგვარების შედეგად ჩნდება.

 

ჯანსაღი უჯრედები იყოფიან და კვდებიან მოწესრიგებულად, რათა სხეულის ფუნქციონირება არ დაირღვეს. როცა უჯრედი ზიანდება და ხდება კიბოს წარმომქმნელი, ის მრავლდება უკონტროლოდ, მაშინაც კი, როცა საჭირო არ არის. ეს ავთვისებიანი უჯრედები იპყრობენ და ანადგურებენ ნორმალურ ქსოვილებს. კიბოს უჯრედებს შეუძლიათ ორგანიზმის სხვა ნაწილებში გავრცელებაც.

პრეკანცერული წანაზარდები მსხვილ ნაწლავში

მსხვილი ნაწლავის კიბო ძირითადად იწყება პოლიპების განვითარებით. პოლიპები შესაძლოა იყოს სოკოს ფორმის ან ბრტყელი, ნაწლავის კედელში ჩაზრდილი. პოლიპების ამოკვეთა კიბოს განვითარების პრევენციის კარგი საშუალებაა.

მემკვიდრეობითი გენური მუტაციები, რომლებიც ზრდიან კიბოს რისკს

ასეთი მემკვიდრული მუტაციები გვხვდება ოჯახებში, მაგრამ პასუხისმგებელია მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევათა მხოლოდ მცირე რაოდენობაზე. მუტაციები არ ნიშნავს, რომ კიბო გარდაუვალია, თუმცა დაავადების გაჩენის რისკი საგრძნობლად იმატებს ასეთ ადამიანებში.

მემკვიდრული კიბოს ყველაზე ხშირი ფორმებია:

  • ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი. ეს დაავადება იშვიათია და იწვევს ათასობით პოლიპის გაჩენას მსხვილ ნაწლავსა და სწორ ნაწლავში. მკურნალობის გარეშე, დაავადებული პაციენტები დგანან 40 წლამდე კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
  • მემკვიდრული არაპოლიპოზური კოლორექტალური კიბო. ეს დაავადება ასევე ცნობილია, როგორც ლინჩის სინდრომი. მომატებულია რისკი როგორც კოლორექტალური, ასევე სხვა ტიპის კიბოს განვითარებისა. დაავადებულებს კიბო ძირითადად 50 წლამდე უვითარდებათ.

ეს ორი გენეტიკური სინდრომი და სხვა, უფრო იშვიათი სინდრომები შესაძლოა აღმოვაჩინოთ გენეტიკური ტესტირების საშუალებით. თუ ფიქრობთ, რომ ოჯახში არსებობს ამ ორი დაავადების რისკი, ესაუბრეთ ექიმს ტესტირების შესახებ.

სიმპტომები

მსხვილი ნაწლავის კიბოს ნიშნები და სიმპტომებია:

  • დეფეკაციის ცვლილებები– ფაღარათი, ყაბზობა, განავლის შემადგენლობის ცვლილება
  • სისხლდენა სწორი ნაწლავიდან ან სისხლიანი განავალი
  • ხანგრძლივი დისკომფორტი მუცლის არეში, როგორიცაა კრუნჩხვითი მოვლა, გაზები ან ტკივილი
  • შეგრძნება, თითქოს ნაწლავები ბოლომდე ვერ იცლება
  • სისუსტე ან დაღლილობა
  • წონაში კლება უმიზეზოდ



ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტების უმრავლესობა უსიმპტომოა ადრეულ სტადიებში. როცა სიმპტომები ჩნდება, ისინი საკმაოდ განსხვავებულია, კიბოს ზომისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ შეამჩნევთ კიბოს შესაბამის სიმპტომებს, როგორიცაა სისხლიანი განავალი ან დეფეკაციის ტენდენციების ცვლილებები, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.
  • ესაუბრეთ ექიმს, როდის უნდა დაიწყოთ სკრინინგის პროგრამა ნაწლავის კიბოს პრევენციისათვის. გაიდლაინების რეკომენდაცია 50 წელი და ზემოთ ასაკია. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ უფრო ხშირი ან ადრეული სკრინინგი, თუ გაქვთ რისკ–ფაქტორები, როგორიცაა დაავადების არსებობა ოჯახში.