მუხლის სახსრის ბურსიტი

დაავადების აღწერა

მუხლის სახსრის ბურსიტი არის სახსრის გარშემო არსებული ბურსას (აბგა) ანთება. ბურსა მცირე ზომის სითხით სავსე ჯიბეა, რომელიც ამცირებს ხახუნს და წნევას ძვლებს შორის, რითაც იცავს ძვლებს, მყესებსა და სახსრებს.

მუხლის თითოეულ სახსარს 11 ბურსა (აბგა) აქვს. ნებისმიერ მათგანში შესაძლოა განვითარდეს ანთებითი მდგომარეობა, მაგრამ ბურსიტი ყველაზე ხშირად კვირისტავის მიდამოში ან სახსრის შიდა ზედაპირზე ვითარდება.

მუხლის ბურსიტი იწვევს ტკივილს და ზღუდავს მოძრაობას. მკურნალობა შედგება სახლის პირობებში მოვლისა და ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტებისაგან, რომლებიც ამსუბუქებს ტკივილსა და ანთებას.

გამომწვევი მიზეზი

მუხლის ბურსიტს იწვევს:

  • ხშირი, ხანგრძლივი წნევითი ზემოქმედება, დატვირთვა
  • პირდაპირი დაზიანება
  • ბაქტერიული ინფექცია
  • ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის ან ნეკრესის ქარის გართულება

სიმპტომები

მუხლის ბურსიტის სიმპტომები განსხვავდება, გააჩნია რომელი აბგაა ანთებით მდგომარეობაში და რა იწვევს ანთებას.

ზოგადად, მუხლის დაზიანებული ნაწილი, წნევითი ზემოქმედების შემთხვევაში, თბილი, მტკივნეული და შესიებულია. სიმპტომები შესაძლოა ვლინდებოდეს მოძრაობის დროს ან მოსვენებით მდგომარეობაშიც.

მუხლის დაზიანება სიმპტომების სწრაფად გამოვლენას იწვევს, თუმცა ბურსიტის უმეტესი შემთხვევა ქრონიკული, განმეორებითი დაზიანების შედეგია, მაგალითად ისეთ სამუშაოზე, რომელზეც ხშირად გიხდებათ მუხლის მოკეცვა. სიმპტომები ნელნელა ვითარდება და რთულდება.

როდის მივმართოთ ექიმს

აბგა, რომელიც კვირისტავის ზემოდან მდებარეობს, ზოგჯერ ინფიცირდება. ესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ სიცხე, მუხლის ტკივილთან და შესიებასთან ერთად.