მწვავე მიელოგენური ლეიკემია

დაავადების აღწერა

მწვავე მიელოგენური ლეიკემია (AML) სისხლისა და ძვლის ტვინის სიმსივნეა. ძვლის ტვინი ძვლის შიგნით მდებარე ღრუბლისებრი ქსოვილია, რომელშიც სისხლის უჯრედები წარმოიქმნება.

სიტყვა “მწვავე” ამ დაავადებასთან მიმართებაში იმიტომ გამოიყენება, რომ იგი სწრაფად პროგრესირებს. “მიელოგენური” კი ნიშნავს, რომ დაავადება ეხება სისხლის თეთრი უჯრედების ჯგუფს–მიელოციტებს. მიელოციტები სისხლის უჯრედების ჯგუფია, რომელიც ყალიბდება სხვადასხვა ტიპის უჯრედებად, როგორიცაა სისხლის წითელი უჯრედები, სისხლის თეთრი უჯრედები და თრომბოციტები.

მწვავე მიელოგენური ლეიკემია ასევე ცნობილია, როგორც მწვავე მიელობლასტური ლეიკემია, მწვავე გრანულოციტური ლეიკემია და მწვავე არალიმფოციტური ლეიკემია.

გამომწვევი მიზეზი

მწვავე მიელოგენური ლეიკემია ძვლის ტვინის უჯრედების დნმ–ს დაზიანების შედეგად ვითარდება. დარღვეულია სისხლის უჯრედების წარმოქმნის პროცესი. ძვლის ტვინი წარმოქმნის მოუმწიფებელ უჯრედებს, მიელობლასტებს. ეს უჯრედები ვერ ფუნქციონირებენ ნორმალურად, გროვდებიან და იკავებენ ჯანმრთელი უჯრედების ადგილს.

უმრავლეს შემთხვევებში, უცნობია თუ რა იწვევს ამ დაავადებას. რადიაცია, გარკვეული ქიმიური ნარჩენები და ქიმიოთერაპიული მედიკამენტების გამოყენება ლეიკემიის განვითარების რისკ–ფაქტორებია.

სიმპტომები

მწვავე მიელოგენური ლეიკემიის ზოგადი ნიშნები და სიმპტომები თავდაპირველად გრიპის სიმპტომებს გავს. ნიშნები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი უჯრედის ტიპებია დაზიანებული. სავარაუდო სიმპტომები და ნიშნებია:

  • სიცხე
  • ძვლების ტკივილი
  • ლეთარგია, დაღლილობა
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ფერმკრთალი კანი
  • ხშირი ინფექციები
  • ადვილი ჩალურჯება
  • უჩვეულო სისხლდენა, როგორიცაა ხშირი სისხლდენა ცხვირიდან ან ღრძილებიდან


როდის მივმართოთ ექიმს

  • მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე უჩვეულ სიმპტომს.