ნაადრევი გარდატეხის ასაკი

დაავადების აღწერა

ნაადრევი გარდატეხის ასაკი ნიშნავს, რომ ბავშვის სხეული მოზრდილი ადამიანის სხეულს იმაზე უფრო ადრე ემსგავსება, ვიდრე ეს ნორმაში უნდა მოხდეს. გარდატეხის ასაკი გოგონებში 8 წლამდე, ბიჭებში კი 9 წლამდე, მიიჩნევა ნაადრევად.

გარდატეხის ასაკი მოიცავს ზრდის ფაზას, რომლის დროსაც ძვლები და კუნთები სწრაფად იზრდება, იცვლება სხეულის ფორმები და ზომები, ვითარდება ორგანიზმის რეპროდუქციის ფუნქცია.

ნაადრევი გარდატეხის ასაკის მიზეზი ხშირად ვერ დგინდება. იშვიათად, გარკვეული მდგომარეობები, როგორიცაა ინფექცია, ჰორმონალური დარღვევა, სიმსივნე, ტვინის პათოლოგიები ან ტრავმა და ა.შ შეიძლება იყოს ნაადრევი გარდატეხის მიზეზი. მკურნალობა ტიპიურად მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც გადადებენ გარდატეხის ასაკს.

გამომწვევი მიზეზი

იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ განიცდის ნაადრევ გარდატეხას ზოგიერთ ბავშვი, აუცილებელია ვიცოდეთ ზოგადად რა იწვევს ამ პროცესებს. არსებობს რამდენიმე საფეხური:

პროცესის ინიცირება თავის ტვინში ხდება. თავის ტვინში წარმოიქმნება გონადოტროპინების პროდუქციის მასტიმულირებელი ჰორმონი.

ჰიპოფიზი თავისმხრივ სხვა ჰორმონებს გამოყოფს. გონადოტროპინების პროდუქციის მასტიმულირებელი ჰორმონი იწვევს ჰიპოფიზიდან ორი ჰორმონის გამოყოფას. ეს ჰორმონებია: მალუთეინიზირებელი ჰორმონი და ფოლიკულა–მასტიმულირებელი ჰორმონი.

მალუთეინიზირებელი და ფოლიკულა–მასტიმულირებელი ჰორმონები იწვევენ საკვერცხეებში მეორადი სქესობრივი მახასიათებლების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი ჰორმონის გამოყოფას. ეს ჰორმონი ესტროგენია. სათესლე ჯირკვალში კი გამოიყოფა მამაკაცის ჰორმონი–ტესტოსტერონი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია მეორად სქესობრივ მახასიათებლებზე.

ფიზიკური ცვლილებები. ესტროგენისა და ტესტოსტერონის წარმოქმნა იწვევს გარდატეხის ასაკთან ასოცირებულ ფიზიკურ ცვლილებებს.

რატომ იწყება ეს პროცესი ნაადრევად ზოგიერთ ბავშვში, დამოკიდებულია პროცესის მიზეზის წარმოშობის ადგილზე: არსებობს ცენტრალური და პერიფერიული ნაადრევი გარდატეხის ასაკი.

ცენტრალური მიზეზები

ძირითადად, ამ ტიპის მდგომარეობის ზუსტი მიზეზი უცნობია.

ცენტრალური ნაადრევი გარდატეხის დროს, პროცესი ზედმეტად ადრე იწყება. სხვამხრივ, პროცესის საფეხურები და ხანგრძლივობა ნორმაშია. ბავშვების უმრავლესობას, რომელსაც ეს მდგომარეობა აღენიშნება, არ აქვს სხვა თანმდევი დაავადება ან რაიმე თვალსაჩინო მიზეზი, რასაც შეეძლო ნაადრევი გარდატეხა გამოეწვია.

იშვიათად, დადგენილი ცენტრალური მიზეზებია:

  • სიმსივნე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში
  • თავის ტვინის თანდაყოლილი დეფექტი, როგორიცაა სითხის დაგროვება– ჰიდროცეფალია ან კეთილთვისებიანი სიმსივნე– ჰამარტომა
  • დასხივება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება
  • მაკკუნ–ოლბრაითის დაავადება– გენეტიკური სინდრომი, რომელიც აზიანებს ძვლებს, კანს და იწვევს ჰორმონალურ პრობლემებს
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია– გენეტიკური დაავადებების ჯგუფი, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვალი ჭარბი რაოდენობით ჰორმონს გამოყოფს
  • ჰიპოთიროიდიზმი– მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ჰორმონს



პერიფერიული მიზეზები

ამ ტიპის მდგომარეობას იწვევს ესტროგენის ან პროგესტერონის დონეების დარღვევები.

პერიფერიული ნაადრევი გარდატეხა უფრო იშვიათია და არ მოიცავს თავის ტვინის იმ ჰორმონს (გონადოტროპინების გამოთავისუფლების მასტიმულირებელი), რომელიც ნორმაში იწყებს ამ პროცესს. ამის მაგივრად, მიზეზი ესტროგენის ან ტესტოსტერონის ნაადრევი წარმოქმნაა ორგანიზმში, რაც გამოწვეულია სათესლე ჯირკვლების, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლის ან ჰიპოფიზის დეფექტებით.

ბიჭებშიც და გოგონებშიც, შესაძლოა განვითარდეს პერიფერიული ნაადრევი გარდატეხის მდგომარეობა ამ მიზეზების გამო:

  • თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, ჰიპოფიზის სიმსივნე, რომელიც გამოყოფს ესტროგენს ან ტესტოსტერონს
  • მაკკუნ–ოლბრაითის დაავადება– გენეტიკური სინდრომი, რომელიც აზიანებს ძვლებს, კანს
  • ესტროგენის ან ტესტოსტერონის მიღება კრემებით ან სხვა საშუალებებით



გოგონებში, სხვა მიზეზებია:

  • კისტები საკვერცხეზე
  • სიმსივნე საკვერცხეზე



ბიჭებში, სხვა მიზეზებია:

  • სიმსივნე სპერმის წარმომქმნელ უჯრედებში ან ტესტოსტერონის წარმომქმნელ უჯრედებში– ლეიდიგის უჯრედები
  • გენეტიკური მუტაცია– იშვიათი შემთხვევა (გონადოტროპინებისაგან დამოუკიდებელი ოჯახური ნაადრევი გარდატეხის სინდრომი), რომელიც გამოწვეულია გენის დეფექტით, რაც გამოიხატება ბიჭებში ნაადრევად ტესტოსტერონის პროდუქციით, 1–4 წლამდე ასაკში.

სიმპტომები

გარდატეხის ასაკი გოგონებში 8 წლამდე, ბიჭებში კი 9 წლამდე, მიიჩნევა ნაადრევად. შესაბამისი ნიშნები და სიმპტომებია:

სიმპტომები და ნიშნები გოგონებში:

  • მკერდის გაზრდა
  • პირველი მენსტრუალური ციკლი– მენარქე



ნიშნები და სიმპტომები ბიჭებში:

  • სათესლე ჯირკვლისა და პენისის ზომაში გაზრდა
  • თმიანობა სხეულზე (თავდაპირველად ზედა ტუჩი)
  • ხმის დაბოხება



ნიშნები და სიმპტომები ორივე სქესისათვის:

  • საზარდულში ან იღლიაში თმის გაჩენა
  • სწრაფი ზრდა
  • აკნე
  • მოზრდილის სხეულის სუნი



როდის მივმართოთ ექიმს

დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან, თუ ბავშვს აქვს ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, რომელიც წააგავს გარდატეხის ნაადრევ ასაკს.