ნაღვლის რეფლუქსი

დაავადების აღწერა

  • ნაღვლის რეფლუქსი ნიშნავს ღვიძლში წარმოქმნილი მომნელებელი სითხის (ნაღველი) კუჭში ან საყლაპავში (კუჭისა და პირის შემაერთებელი მილი) ამოსვლას.
  • ნაღვლის რეფლუქსს შესაძლოა ახლდეს მჟავას რეფლუქსიც, რაც ნიშნავს კუჭის მჟავების საყლაპავამდე ამოსვლას. ამის მიუხედავად, ნაღვლის და მჟავას რეფლუქსი სხვადასხვა დარღვევაა.
  • რეფლუქსის დროს, ნაღვლის როლი საეჭვოა. ნაღვლის რეფლუქსზე ეჭვი მაშინ მიაქვთ, თუ ძლიერი მჟავასაწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების მიუხედავად პაციენტს რეფლუქსის პრობლემა მაინც აქვს.
  • მჟავას რეფლუქსისგან განსხვავებით, ნაღვლის რეფლუქსი უფრო რთულად ექვემდებარება დიეტის ან ცხოვრების სტილის შეცვლას.მკურნალობა ძირითადად მოიცავს მედიკამენტებს, თუმცა მძიმე შემთხვევებში, ქირურგიულ ჩარევასაც.

გამომწვევი მიზეზი

ნაღველი მომწვანო–მოყვითალო სითხეა, რომელიც მნიშვნელოვანია ცხიმების მონელებისათვის და სისხლის ძველი უჯრედებისა და გარკვეული ტოქსინების ორგანიზმიდან მოშორებისათვის. ნაღველი წარმოიქმნება ღვიძლში და ინახება ნაღვლის ბუშტში.

როდესაც მიღებულ საკვებში მცირე ოდენობით მაინც შედის ცხიმი, ნაღვლის ბუშტი იღებს სიგნალს და გამოათავისუფლებს ნაღველს, რომელიც მცირე მილებით (ნაღვლის სადინრებით) ჩაედინება წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში (თორმეტგოჯა).

ნაღვლის რეფლუქსი კუჭში

  • ნაღველი და საკვები ერევა თორმეტგოჯა ნაწლავში. საკვები ნაწლავში გადაადგილდება პილორული სარქვლის გავლით. ეს სარქველი კუნთოვანი ქსოვილია, რომელიც კუჭის გასავალთან მდებარეობს. ნორმაში, იგი იღება, რათა მცირე ოდენობით სითხოვანი საკვები გაატაროს
  • ერთ ჯერზე, რაც საკმარისი არ არის მომნელებელი წვენების უკან, კუჭში ასვლისათვის თორმეტგოჯა ნაწლავიდან. ნაღვლის რეფლუქსის უმეტეს შემთხვევებში, სარქველი ვერ იხურება და ნაღველი ადის კუჭში.



ნაღვლის რეფლუქსი საყლაპავში

  • ნაღველი და კუჭის მჟავა ადის საყლაპავში თუ მეორე კუნთოვანი სარქველიც (საყლაპავის ქვედა სპინქტერი) დისფუნქციურია. საყლაპავის ქვედა სპინქტერი აცალკევებს საყლაპავსა და კუჭს. სარქველი ნორმაში იღება რათა მცირე ოდენობით საკვები საყლაპავიდან კუჭში გადავიდეს. თუ სარქველი სუსტია ან პათოლოგიურად დუნდება, ნაღველი და მჟავა ადის საყლაპავში.



რა იწვევს ნაღვლის რეფლუქსს?

ნაღვლის რეფლუქსის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • ქირურგიული გართულებები. კუჭის ოპერაციები, როგორიცაა კუჭის ამოკვეთა (გასტრექტომია) ან წონის კლებისათვის კუჭის ნაწილის შევიწროვება, შესაძლოა გართულდეს რეფლუქსით.
  • კუჭის წყლული. კუჭის წყლულმა შესაძლოა დაბლოკოს პილორუსის სარქველი, რის შედეგადაც კუჭი დროულად ვერ იცლება. დაყოვნებული საკვები კუჭში ზრდის წნევას, რაც იწვევს ნაღვლისა და მჟავას რეგურგიტაციას.
  • ნაღვლის ბუშტის ოპერაციები (ქოლეცისტექტომია). პაციენტები, რომელთაც ამოკვეთეს ნაღვლის ბუშტი ხშირად აღნიშნავენ რეფლუქსის პრობლემას.

სიმპტომები

ნაღვლის რეფლუქსის გარჩევა მჟავას რეფლუქსისგან რთულია. ნიშნები და სიმპტომები ძირითადად, მსგავსია და ეს ორი მდგომარეობა ხშირად ერთადაც ხდება. უცნობია, რა როლს თამაშობს ნაღველი რეფლუქსის განვითარებაში.

ნაღვლის რეფლუქსის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ტკივილი მუცლის ზედა არეში, რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი
  • ხშირი გულძმარვა– წვის შეგრძნება გულმკერდში რომელიც ვრცელდება ხახასკენ, ხშირად ახლავს მწარე გემო პირის ღრუში
  • გულისრევის შეგრძნება
  • ღებინება, მომწვანო–მოყვითალო სითხე პირნაღებ მასაში (ნაღველი)
  • ზოგჯერ, ხველა ან ხმის ჩახლეჩვა
  • წონაში კლება უმიზეზოდ



როდის მივმართოთ ექიმს

  • მიმართეთ ექიმს თუ რეფლუქსის სიმპტომები ხშირად გაწუხებთ, ან თუ იკლებთ წონაში მიზეზის გარეშე.
  • თუ გაქვთ გასტროეზოფაგიალური რეფლუქსის დაავადების დიაგნოზი მაგრამ მედიკამენტები სათანადოდ ვერ გშველით, დაუკავშირდით ექიმს. შესაძლოა გჭირდებოდეთ დამატებითი მკურნალობა ნაღვლის რეფლუქსის გამო.