ნარკოლეფსია

დაავადების აღწერა

ნარკოლეფსია ძილის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება დღის განმავლობაში ძილიანობით და ძილის უცაბედი შეტევებით. ნარკოლეფსიის მქონე ადამიანებს უჭირთ ფხიზელ მდგომარეობაში ხანგრძლივად გაძლება მიუხედავად გარემოებებისა. ნარკოლეფსია ყოველდღიურობაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

ზოგიერთ ადამიანს მცდარად მიაჩნია, რომ ნარკოლეფსია დაკავშირებულია დეპრესიასთან, გულყრებთან, გულის წასვლასთან, უბრალოდ ძილის ნაკლებობასთან და ძილის სხვა პრობლემებთან.

ნარკოლეფსია ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც არ იკურნება. თუმცა, მედიკამენტები და ცხოვრების სტილის შეცვლა აუმჯობესებს სიმპტომებს. ნარკოლეფსიასთან გასამკლავებლად საჭიროა ოჯახის, თანამშრომლების, მეგობრებისა და მასწავლებლების გვერდში დგომა.

გამომწვევი მიზეზი

ნარკოლეფსიის ზუსტი მიზეზები უცნობია. გენეტიკა შესაძლოა იღებდეს დაავადების განვითარებაში მონაწილეობას. სხვა ფაქტორები, როგორიცაა ინფექცია, შესაძლოა იწვევდნენ ნარკოლეფსიას.

ნორმალური ძილი და ნარკოლეფსია

დაძინების ნორმალური პროცესი იწყება ფაზით, რომელსაც ნელ ძილს უწოდებენ. ამ დროს, თავის ტვინის ტალღები საგრძნობლად ნელდება. ნელი ძილის დაწყებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ, თავის ტვინის აქტივობა იცვლება და იწყება სწრაფი ძილი. სიზმრის უმეტეს ნაწილს ადამიანი სწრაფი ძილის დროს ხედავს.

ნარკოლეფსიის დროს, პაციენტი ნორმალური ძილისგან განსხვავებით უცაბედად შედის სწრაფი ძილის ფაზაში ნელი ძილის გარეშე როგორც ღამის, ასევე დღის განმავლობაში. სწრაფი ძილის ზოგიერთი მახასიათებელი, როგორიცაა კუნთის ტონუსის დაკარგვა, ძილის პარალიზი და რეალური სიზმრები, ვითარდება ნარკოლეფსიის მქონე ადამიანების ძილის სხვა ეტაპებზე.

თავის ტვინში ქიმიური ნივთიერებების როლი

ჰოპოკრეტინი არის მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერება თავის ტვინში, რომელიც არეგულირებს ღვიძილის პერიოდსა სა სწრაფ ძილს. ნარკოლეფსიის მქონე ადამიანებს ეს ნეიროქიმიური ნივთიერება მცირე რაოდენობით აქვთ თავზურგტვინის სითხეში. კატაპლექსიის მქონე ადამიანებში ეს ნივთიერება განსაკუთრებით ცოტაა. ჰიპოკრეტინის წარმომქმნელი უჯრედების დაკარგვის მიზეზი თავის ტვინში უცნობია, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მდგომარეობას ავტოიმუნური რეაქცია იწვევს.

სიმპტომები

ნარკოლეფსიის სიმპტომები, როგორც წესი, 10-იდან 25 წლის ასაკამდე ვლინდება. პირველ წლებში მდგომარეობა შესაძლაო გაუარესდეს და შენარჩუნდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. სიმპტომები:

  • დღის შუქის პერიოდში ძილიანობა. ნარკოლეფსიის მქონე ადამიანებს უცაბედად ეძინებათ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს. მაგალითად, პაციენტს შესაძლოა მოულოდნელად ჩაეძინოს მუშაობის ან მეგობრებთან ლაპარაკის დროს. პაციენტები რამოდენიმე 5-30 წუთის განმავლობაში იძინებენ და გამოღვიძებისას თავს მხნედ გრძნობენ, თუმცა მალევე ისევ ეძინებათ.
  • შესაძლოა აღინიშნებოდეს დაქვეითებული სიფხიზლე მთელი დღის განმავლობაში. ჭარბი ძილიანობა დღის შუქის პერიოდში, როგორც წესი, პირველი და ყველაზე პრობლემატური სიმპტომია, რომელიც ქმნის კონცენტრაციისა და სრულად ფუნქციონირების პრობლემებს.
  • კუნთის ტონუსის უცაბედი დაკარვა. მდგომარეობას კატაპლექსია ეწოდება. კატაპლექსია იწვევს ფიზიკალურ მრავალ ცვლილებას, მათ შორის ბუნდოვან მეტყველებას და კუნთების უმრავლესობის სრულ სისუსტეს. ასეთი სიმპტომები წამებისა და წუთების განმავლობაში გრძელდება.
  • კატალპექსია გაუკონტროლებელი მდგომარეობაა და გამოწვეულია ინტენსიური ემოციებით, როგორც წესი, პოზიტიური ემოციებით, როგორიცაა სიცილი ან აღელვება. თუმცა მდგომარეობას, ზოგჯერ, შიში გაკვირვება და ბრაზიც იწვევს. მაგალითად, სიცილის დროს პაციენტს შესაძლოა მუხლები მოუდუნდეს და მოეკვეთოს.
  • ნარკოლეფსიის მქონე ადამიანები, ზოგიერთ შემთხვევაში კატაპლექსიას წელიწადში მხოლოდ 1-2-ჯერ განიცდიან. დანარჩენებს კი შესაძლოა ასეთი ეპიზოდები დღეში რამოდენიმეჯერ აღენიშნებოდეთ. კატაპლექსია არ გვხვდება ყველა პაციენტში.
  • ძილის პარალიზი. ნარკოლეფსიის მქონე ავადმყოფებს, ზოგჯერ, აღენიშნებათ მოძრაობისა და მეტყველების დროებითი უუნარობა დაძინებისას ან გაღვიძებისას. ასეთი ეპიზოდები, როგორც წესი, ხანმოკლეა და გრძელდება 1-2 წუთის განმავლობაში. მდგომარეობის დროს ადამიანი შეიძლება აცნობიერებდეს სიტუაციას და პაციენტს შემდგომაც არ უჭირს ამ მომენტის გახსენება მიუხედავად იმისა, რომ კონდიციის გაკონტროლება შეუძლებელია.
  • ძილის პარალიზი წააგავს დროებით პარალიზს, რომელიც ნორმალურ პირობებში ვითარდება სწრაფი ძილის დროს. სწრაფი ძილი არის პერიოდი, როდესაც ადამიანი ხედავს სიზმრის უმეტეს ნაწილს. სწრაფი ძილის დროს ასეთი დროებითი უმოძრაობა შესაძლოა იყოს დამხმარე მექანიზმი, რათა ადამიანმა არ განასახიეროს თავისი სიზმრები.
  • ნარკოლეფსიის მქონე ყველა პაციენტს ძილის პარალიზი არ აღენიშნება. თუმცა ნარკოლეფსიის არსებობის გარეშე შესაძლოა განვითარდეს ძილის პარალიზის ეპიზოდები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.
  • ჰალუცინაციები. ჰალუცინაციებს ჰიპნაგოგიური ეწოდება, თუ ის ვითარდება ჩაძინებისას. ხოლო გაღვიძებისას განვითარებულ ჰალუცინაციებს ჰიპნოპომპური ჰალუცინაციები ჰქვია. რადგანაც სიზმრის ხილვის პაციენტი ნახევრად ფხიზელ მდგომარეობაშია, მან შესაძლოა სიზმრები რეალურად აღიქვას, რაც მას განსაკუთრებით საშიშს და სხვადსხვა ემოციის გამომწვევს ხდის.


სხვა მახასიათებლები

ნარკოლეფსიის მქონე ადამიანებს ძილის სხვა აშლილობებიც აღენიშნებათ, როგორიცაა ძილის ობსტრუქციული აპნეა, რომლის დროსაც სუნთქვა ჩერდება და იწყება მთელი ღამის განმავლობაში. პაციენტებს ასევე აღენიშნებათ მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ზოგჯერ ინსომნიაც კი. ნაკოლეფსიით დაავადებულები, ზოგჯერ, განასახიერებენ თავიანთ სიზმრებს ხელებისა და ფეხის ქნევით, ყვირილით და ა.შ.

ძილიანობის შეტევები, ზოგიერთ შემთხვევაში, ხანმოკლეა და წამების განმავლობაში გრძელდება. ასეთი პერიოდების დროს, ზოგიერთი პაციენტი ავტომატურად აგრძელებს ჩაძინებამდე არსებულ საქმიანობას. მაგალითად, პაციენტს შესაძლოა ჩაეძინოს დავალების შესრულების დროს, როგორიცაა წერა, ბეჭდვა ან მანქანის ტარება. ტუმცა ძილის პერიოდში ადამიანი აგრძელებს ფუნქციონირებას და საქმიანობას. გაღვიძებისას, ადამიანს არ ახსოვს რას აკეთებდა.

როდის მივმართოთ ექიმს

დღის განმავლობაში ჭარბი ძილიანობის შემთხვევაში, რომელიც ხელს გიშლით პირად და პროფესიულ ცხოვრებაში, მიმართეთ ექიმს.