ნაწლავების იშემია

დაავადების აღწერა

ნაწლავების იშემია ვითარდება ნაწლავების სისხლძარღვების შევიწროვების ან დახშობის შედეგად სისხლის მიწოდების შემცირების გამო. ნაწლავების იშემია შეიძლება განვითარდეს წვრილ ნაწლავში, მსხვილ ნაწლავში ან ორივეში. სისხლის მიმოქცევის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და სამუდამოდ დააზიანოს ნაწლავი.

სისხლის მიმოქცევის უეცარი შეწყვეტა (ნაწლავების მწვავე იშემია) გადაუდებელ სამედიცინო დახმარეს მოითხოვს. იშემია, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება (ქრონიკული) მოითხოვს მკურნალობას, რადგან იგი შეიძლება გამწვავდეს ან გამოიწვიოს წონაში კლება და მალნუტრიცია.

გამომწვევი მიზეზი

ნაწლავების იშემია ვითარდება, როდესაც ნაწლავებს უმცირდება ან უწყდება სისხლის მიმოქცევა. შემცირებული სისხლის მიწოდების გამო, ნაწლავებში არსებულ უჯრედებს აკლდებათ ჟანგბადი, რაც იწვევს მათ დასუსტებას, სიკვდილს და ნაწლავის დაზიანებას.

ნაწლავების იშემია იყოფა კატეგორიებად:

მსხვილი ნაწლავის იშემია (იშემიური კოლიტი)

მსხვილი ნაწლავის იშემია ვითარდება, როდესაც სისხლის მიმოქცევა მცირდება მსხვილ ნაწლავში. ეს არის ნაწლავების იშემიის ყველაზე ხშირი ტიპი. მსხვილი ნაწლავის იშემია ყველაზე ხშირად ვითარდება 60 წელს ზემოთ ადამიანებში, თუმცა იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს.

სისხლის მიწოდების შემცირების ზუსტი მიზეზი ხშირად უცნობია. მრავალი ფაქტორი ზრდის მსხვილ ნაწლავში იშემიის განვითარების რისკს:

  • ცხიმოვანი ფოლაქების დაგროვება ნაწლავის კედელში (ათეროსკლეროზი)
  • სისხლის დაბალი წნევა, რომელიც დაკავშირებულია გულის უკმარისობასთან, ოპერაციასთან, ტრავმასთან ან შოკთან
  • თრომბი მსხვილი ნაწლავის მკვებავ არტერიაში
  • ნაწლავების ობსტრუქცია თიაქარის, ფიბროზის ან სიმსივნის გამო
  • გულის, სისხლძარღვების, საჭმლის მომნელებელი სისტემის ან გინეკოლოგიური სისტემის ოპერაცია
  • სხვა დაავადებები, რომლებიც აზიანებენ სისხლძარღვთა სისტემას, მაგალითად სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), მგლურა და ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია.
  • ზოგიერთი მედიკამენტი, განსაკუთრებით სისხლძარღვების შემავიწროვებელი, მაგალითად გულის და შაკიკის წამლები და ჰორმონული მედიკამენტები, მაგალითად ესტროგენი
  • კოკაინის ან მეთამფეტამინის გამოყენება



მწვავე მეზენტერული იშემია

მწვავე მეზენტერული იშემია აზიანებს წვრილ ნაწლავს. იგი შეიძლება უეცრად განვითარდეს და დაკავშირებული იყოს შემდეგ მდგომარეობებთან:

  • სისხლის თრომბი, რომელიც ახშობს წვრილი ნაწლავის მკვებავ არტერიას. თრომბი ყველაზე ხშირი მიზეზია მწვავე მეზენტერული იშემიის და შეილება გამოწვეული იყოს გულის უკმარისობით, არითმიით და გულის შეტევით.
  • ნაწლავის არტერიის ნახილობივი ან სრული დახშობა სისხლძარღვების კედელში ცხიმოვანი ფოლაქების დაგროვების გამო (ათეროსკლეროზი). დახშობილი არტერია ხშირად იწვევს ქრონიკულ მეზენტერულ იშემიას, რომელიც შემდეგ მწვავდება.
  • სისხლის დაბალი წნევა შოკის, გულის უკმარისობის, ზოგიერთი მედიკამენტის ან თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო. სისხლის დაბალმა წნევამ შეიძლება შეამციროს წვრილ ნაწლავში სისხლის მომოქცევა. ამ მიზეზით იშემია უფრო ხშირად სხვა სერიოზული დაავადების ან ათეროსკლეროზის მქონე ადამიანებში ვითარდება. მწვავე მეზენტერული იშემიის ამ ტიპს არაოკლუზიური იშემია ეწოდება.



ქრონიკული მეზენტერული იშემია

ქრონიკული მეზენტერული იშემიას აგრეთვე უწოდებენ ნაწლავების ანგინას. იგი გამოწვეულია არტერიების კედლებში ცხიმოვანი ფოლაქების დაგროვებით (ათეროსკლეროზი). ქრონიკული მეზენტერული იშემია შეიძლება პროგრესირდეს მწვავე მეზენტერულ იშემიაში, განსაკუთრებით თუ დაზიანებულ არტერიაში თრომბი წარმოიქმნება.

მეზენტერული ვენური თრომბიზი

ნაწლავების იშემიის ეს ტიპი ვითარდება, როდესაც თრომბი წარმოიქმნება ნაწლავებიდან სისხლის გამომტან ვენაში. ვენის დახშობის გამო ნაწლავებში სისხლი გუბდება, რაც იწვევს ნაწლავის შეშუპებას და სისხლდენას. მეზენტერული ვენური თრომბოზის გამომწვევი მიზეზებია:

  • პანკრეასის მწვავე ან ქრონიკული ანთება (პანკრეატიტი)
  • მუცლის ინფექცია
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნეები
  • ნაწლავების დაავადებები, მაგალითად წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება და დივერტიკულიტი
  • მდგომარეობები, რომლებიც ზრდიან სისხლის შედედებას, მაგალითად მემკვიდრული ცილის დეფიციტი
  • მუცლის ტრავმა
  • ზოგიერთი ჰორმონული თერაპია

სიმპტომები

ნაწლავის იშემიის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს უეცრად (მწვავე) ან დროთა განმავლობაში (ქრონიკული).

ნაწლავების მწვავე იშემიის სიმპტომები

  • მსუბუქი ან მწვავე უეცარი მუცლის ტკივილი
  • კუჭში გასვლის უეცარი მოთხოვნილება
  • ხშირი, ძალდატანებითი კუჩში გასვლა
  • მუცლის შესიება ან მგრძნობელობის მომატება
  • სისხლი განავალში
  • გულისრევა, პირღებინება ან ორივე
  • ტემპერატურის მომატება



ნაწლავების ქრონიკული იშემიის სიმპტომები

  • მუცლის კრუნჩხვები ან სავსეობის შეგრძნება ჭამიდან ნახევარ საათსი 1-3 საათის განმავლობაში
  • მუცლის ტკივილი, რომელიც კვირების ან წლების განმავლობაში უარესდება
  • ჭამის შიში ტკივილის გამო
  • წონაში უმიზეზო კლება
  • ფაღარათი
  • გულისრევა, პირღებინება ან ორივე
  • შებერილობა



ნაწლავების ქრონიკული იშემიის დროს შეიძლება განვითარდეს მწვავე ეპიზოდი. თუ ეს მოხდება, შეიძლება ჭამის შემდეგ ხანგამოშვებითი მწვავე ტკივილი კვირების და თვეების განმავლობაში გქონდეთ.

როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ უეცარი, მწვავე მუცლის ტკივილი. მუცლის ტკივილი, რომელიც იმდენად მტკივნეულია, რომ ერთ ადგილას ვერ ზიხართ, სასწრაფო დახმარებას მოითხოვს.

თუ გაქვთ სხვა ნიშნები და სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.