ნაწლავების ობსტრუქცია

დაავადების აღწერა

ნაწლავების ობსტრუქცია არის ნაწლავების დახშობა, რომელიც ხელს უშლის საჭმლის ან სითხის მოძრაობას ნაწლავის გასწვრივ. ნაწლავების ობსტრუქცია შეიძლება გამოიწვიოს მუცელში ოპერაციის შედეგად განვითარებულმა ფიბროზულმა ქსოვილმა, დივერტიკულმა, თიაქარმა და სიმსივნემ.

მკურნალობის გარეშე, ნაწლავის დახშობილი ნაწილი შეიძლება მოკვდეს და გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები. დროული მკურნალობის შემთხვევაში დიდი შანსია ნაწლავების ობსტრუქციის წარმატებით მკურნალობის.

გამომწვევი მიზეზი

წვრილი ნაწლავის მექანიკური ობსტრქუაცია.

ამ დროს რაღაც მექანიკურ ახშობს წვრილ ნაწლავს. მექანიკური ობსტრუქციის ხშირი მიზეზებია:

  • ნაწლავის ნაწიბურები, რომლებიც წარმოადგენენ ფიბროზულ ქსოვილს და ვითარდებიან მუცლის ან მენჯის ოპერაციების შემდეგ
  • თიაქარი – ნაწლავის ნაწილი, რომელიც გამოდის მუცლის კედლიდან
  • წვრილი ნაწლავის სიმსივნეები
  • ნაწლავების ანთებითი დაავადებები, მაგალითად კრონის დაავადება
  • ნაწლავების შემოგრეხა
  • ნაწლავის ტელესკოპირება



მსხვილი ნაწლავის მექანიკური ობსტრუქცია

მექანიკური ობსტრუქცია მსხვილ ნაწლავში გაცილებით იშვიათია. შესაძლო მიზეზებია:

  • მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
  • დივერტიკულიტი – მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან პარკისებრ გამონაბერში ვითარდება ანთება ან ინფექცია
  • მსხვილი ნაწლავის შემოგრეხა
  • გამაგრებული განავალი
  • ანთების და ფიბროზული ქსოვილის გამო მსხვილი ნაწლავის შევიწროვება


პარალიზური ილეუსი

პარალიზურ ილეუსს შეუძლია ნაწლავების ობსტრუქციის მსგავსი სიმპტომების და ნიშნების გამოწვევა, მაგრამ ამ დროს არ ხდება ნაწლავის დახშობა. პარალიზური ილეუსის დროს, კუნთებისა და ნერვების პრობლემის გამო ნაწლავები ნორმალურად ვერ იკუმშება, რაც აჩერებს საჭმლისა და სითხის მოძრაობას ნაწლავების გასწვრივ.

პარალიზურ ილეუსს შეუძლია ნაწლავების ნებისმიერი ნაწილის დაზიანება. მისი გამომწვევი მიზეზებია:

  • მუცლის ოპერაცია
  • მენჯის ოპერაცია
  • ინფექცია
  • ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის ანტიდეპრესანტები და ტკივილგამაყუჩებლები, რომელბიც აზიანებენ კუნთებს და ნერვებს
  • კუნთებისა და ნერვების პათოლოგიები, მაგალითად პარკინსონის დაავადება

სიმპტომები

ნაწლავების ობსტრუქციის ნიშნები და სიმპტომებია:

  • მუცლის კრუნჩხვები, რომლებიც ხან ქრება, ხან ჩნდება
  • გულისრევა
  • პირღებინება
  • ფაღარათი
  • ყაბზობა
  • კუჭში გასვლის ან გაზების გამონთავისუფლების გაძნელება
  • მუცლის შეშუპება



როდის მივმართოთ ექიმს

იმის გამო, რომ ნაწლავების ობსტრუქციას სერიოზული გართულებები აქვს, მუცლის ტკივილის ან ნაწლავების ობსტრუქციის სხვა სიმპტომების დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.